გადაწყვეტილება №19179/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 19179/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19179/2/2023

7.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ფ/პ ----- (პ/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ ---- (პ/ნ ---) 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19179/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №006-320 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29587 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 304,44 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 4 053

ჯარიმა - 2 026,5

საურავი - 224,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 15.04.2021 წელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონება ქ. ---ში, --- (საკადასტრო კოდი ---) (34 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 117 068,8 ლარი), რომელიც შეიძინა 23.08.2019 წელს. 23.03.2021 წელს მომჩივანმა აღნიშნულ ფართს შეუცვალა კომერციული ფართის სტატუსი და დაარეგისტრირა საცხოვრებელ ბინად. საგადსახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშდა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%- იანი განაკვეთით.

 

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №006-320 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29587 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 ნაწილის „ა.ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტზე და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა 2 წელზე ნაკლებ ვადაში, შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა ყოველგვარი მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოკვლევის გარეშე დაადგინეს, მომჩივნის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვების თანხებს შორის.

შემოსავლების სამსახურმა ისე მიიღო 28.11.2022 წლის №29587 ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ გამოიკვლია საქმის მასალები და მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ არსებობს 2 გარიგება, კერძოდ: ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს ფ/პ ---სა და შპს ---ს (ს/ნ ---) შორის დაიდო 10.05.2018 წელს, აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ/პ ---ს გადაეცა უძრავი ქონება, ქ. ----ში, ---, --- ქუჩა №-, მე--სადარბაზო, --- სართული, ხოლო მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის ღირებულება სრულად.

აღნიშნული, 10.05.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა მიერ ხელმოწერის პერიოდისთვის არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მაგრამ გარიგება უძრავი ქონების შესახებ მხარეებს შორის დაიდო, იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია და იგი ითვლება უძრავი ქონების შეძენის კანონიერ გარიგებად, შესაბამისად, ამ ქონების რეალიზაცია არ ექვემდებარება დაბეგვრას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლით დადგენილია, რომ უძრავი ქონების შეძენისთვის გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის უძრავი ქონების შეძენის, გარიგების დამაბრკოლებელი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისთვის განსაზღვრულია წერილობითი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაშია ამ შესრულების შემდგომ.

აღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა გათვალისწინებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 10.05.2018 წელს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და იგი ითვლება უძრავი ქონების კანონიერ გარიგებად, შესაბამისად აღნიშნული ქონების რეალიზაცია არ ექვემდებარება დაბეგვრას.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 82-ე და 49-ე მუხლებზე, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ისე მიიღო 28.11.2022 წლის №29587 ბრძანება, 3 საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის მასალები და მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის ბრძანება და 20.07.2022 წლის №006-320 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:

ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან.

ამავე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივანს 15.04.2021 წელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ---ში, ---, --- ქუჩა №-, სადარბაზო -, სართული -, ს/კ ---, სარეალიზაციო ფასით 34 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 117 068,8 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 23.08.2019 წლის №--- განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ 30.08.2019 წელს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, საკადასტრო კოდზე --- რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა მომჩივანი, ხოლო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 23.08.2019 წელი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ხოლო, 23.08.2019 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფართის შეძენის ღირებულება განსაზღვრულია 36 000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მითითება უძრავი ქონების 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში ყოფნის და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 15.04.2021 წელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონება. რომელიც შეიძინა 23.08.2019 წელს. საგადსახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშდა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%- იანი განაკვეთით.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის მითითება უძრავი ქონების 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში ყოფნის და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304 (1გ); 79; 80; 81; 100; 102; 82