გადაწყვეტილება №19740/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2023
№ დოკუმენტი 19740/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19740/2/2023

10 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19740/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №261-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9006 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 682,29 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 9 354

დღგ - 4 756

საშემოსავლო გადასახადი - 4 598

ჯარიმა - 5 317

საურავი - 1 011,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა. საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, რეგისტრაციის დღიდან 2022 წლის მაისამდე საქმიანობდა ქ. ---ში, ხოლო 2022 წლის მაისიდან საქმიანობა გააგრძელა ქ. ---ში. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 22.10.2021 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისთვის იყენებს ელექტრონულ პროგრამა ოპტიმოს, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პროგრამიდან გაყიდვების შესახებ, რაც მოიცავს თითოეული დასახელების საქონელზე თვითღირებულებას და გასაყიდ ფასს (საქონლის აღრიცხვისათვის გამოყენებულია ბარიკოდები), შესაბამისად გამოთვლილია ფასნამატი (სიგარეტის შემთხვევაში ფიქსირდება 7%, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 26%), წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის მარტის და აპრილის თვეებში 21 802 ლარით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის №24178 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, კომპანიის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ 21.09.2022 წელს აღწერილი იქნა სმფ-ების ფაქტიური ნაშთი და შედგენილი იქნა დანართი №16. გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის დეპარტამენტი ატარებს კომპანიის საქმიანობის საგადასახადო შემოწმებას, რეალური ბუღალტრული ნაშთისა და ინვენტარიზაციის დასრულების მიზნით მასალები გამოგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს აღნიშნული პერიოდისთვის სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით შეადგენს 38 774 ლარს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამიდან წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, მხოლოდ გაყიდვების ნაწილში და ვერ იქნა მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი/თანხობრივი ნაშთი შემოწმებით ბუღალტრული ნაშთი გაანგარიშებული იქნა თანხობრივად, რაც 21.09.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს საბაზრო ფასით 45 876 ლარს, ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთის შედარებით გამოვლინდა საქონლის დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 7 102 ლარი, აღნიშნული დანაკლისი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, ამასთანავე თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ით, რაც შეადგენს 710 ლარს.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №261-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9006 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებული პერიოდის განმავლობაში კომპანიას ფაქტიურად არ ჰქონია მოგება და მუშაობდა ზარალზე, რამაც გამოიწვია ძირითად გადასახადში დარიცხვა 9 354 ლარის ოდენობით. შემოსავლები გაიზარდა 2022 წლის ივლისი-აგვისტოში, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, როცა მოიმატა ტურისტების რიცხვმა, დანარჩენ თვეებში, როგორც 2021 წლის ივნისამდე, ასევე 2021 წლის აგვისტოს შემდეგ პერიოდში კომპანია მუშაობს ზარალზე და ვერ ახერხებს ხარჯების და გადასახადების დაფარვას და ისევ ელოდება ტურისტული სეზონის დადგომას. კომპანიამ საქმიანობა დაიწყო ქ. --ში, ---ის ქუჩაზე, ხოლო იმის გამო, რომ საქმიანობა ისე ვერ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო და მუშაობდა სრულად ზარალზე, საქმიანობა გააგრძელა ქ. ---ში, სადაც დღემდე აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა ისევ მოგების გარეშე და ელოდება ტურისტულ სეზონს.

შესწავლილ უნდა იქნას მომჩივნის მოთხოვნა და კომპანიას მოეხსნას დარიცხული ჯარიმა და საურავი.

კომპანია მუშაობს, მაღაზიის პროგრამა ოპტიმოში, რომელიც ეხმარება გაყიდვების კონტროლში, მარაგების აღრიცხვაში და სხვა, რომლის მიხედვითაც ახდენს ყოველთვიურად დეკლარირებას და გამოყავს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა, ყველა თვე სწორი და ზუსტია და ემთხვევა აუდიტის მიერ გამოყვანილ დასაბეგრ ბრუნვას, სხვაობა გამოვლინდა მხოლოდ 2022 წლის მარტის და აპრილის თვეებში (21 802 ლარით), რაც გამოწვეულია ტექნიკურად, რომელიც არ ყოფილა მიზანმიმართული იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა გადასახადის გადახდისთვის.

რაც შეეხება საქონლის დანაკლისს (7 102 ლარის საბაზრო ღირებულებით), რომელიც გამოვლენილ იქნა, მოხდა აღნიშნული თანხის დანაკლისად აღიარება 2023 წლის სექტემბრის პერიოდში, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული საგადასახადო პერიოდი არის შემოწმებული, წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაცია ჯერ კიდევ არ არის ასახული პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამიტომ, მოახდენს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე (მაშინ, როცა გამოვლინდა ფაქტობრივად აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების პერიოდში დანაკლისი) დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებას და დანაკლისად აღიარებს 7 102 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელს, რომლითაც სრულად კომპენსირებული იქნება ამ თანხაზე დარიცხული კუთვნილი დღგ. შესაბამისად, 2-ჯერ რომ არ მოხდეს ერთი და იგივე თანხაზე დარიცხული გადასახადის გადახდა, უნდა მოიხსნას 7 102 ლარზე დარიცხული კუთვნილი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა. ვინაიდან ქმედებას, არსებითი ეკონომიკური გავლენა ბიუჯეტისთვის არ მიუყენებია, ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი თხოვნა და მიეცეს საშუალება მოახდინოს დეკლარაციის დაზუსტება და დანაკლისად აღიარება. ყველა ის ქმედება, რომლისთვისაც კომპანიას დაერიცხა ჯარიმა და საურავი, გამოწვეული იყო არცოდნით. აღნიშნული საქმიანობა იყო ახალი გამოწვევა და ის თანხები, რაც დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული იყო არცოდნის გამო გამორჩენილი და იმ ტექნიკური მიზეზების გამო, რომელიც თან ახლავს პროგრამას, რომლშიც კომპანია ახდენს ბუღალტრულ აღრიცხვას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად დავის განმხილველ ორგანოს უფლება კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის არცოდნით/შეცდომით, ვინაიდან ქმედება გამოწვეულია შეცდომით, რაც არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული ითხოვს, მოეხსნას ჯარიმა და საურავი სრულად, რომ შეძლოს დავალიანების დაფარვა და საქმიანობის კეთილსინდისიერად გაგრძელება. მოახლოებული ზაფხულის სეზონი, მისცემს იმის საშუალებას, რომ მოახდინოს თანხების აკუმულირება და ბიუჯეტის წინაშე არსებული ძირითადი დავალიანების დაფარვა. არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ 28.12.2022 წლის №261-21 საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმა და საურავს და შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9006 ბრძანებას. ითხოვს, ხელშეწყობა მოხდეს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია ფინანსური რესურსი. გათვალისწინებულ უნდა იქნას, როგორც „მცირე“ კომპანიის მდგომარეობა და მოეხსნას ჯარიმა და საურავი, რაც ახლავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებს კუთვნილი გადასახადის ნაწილში. მზად არის მოახდინოს თანხების მობილიზება და გადაიხადოს ბიუჯეტში, ვინაიდან მიზანი არ ყოფილა ზიანის მიყენება ეკონომიკისთვის, ასევე გადასახადებისგან თავის არიდება. ჯარიმის და საურავის შემცირება მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, იმ ფონზე, როცა კომპანია მიმდინარე ვალდებულების დაფარვას ვერ ახერხებს და ელოდება ზაფხულის სეზონის დადგომას, რომ მოახდინოს თანხების მობილიზება და ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებების სრულად დაფარვა.

დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. იმედი აქვს, რომ საბჭო იქნება ობიექტური და მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად გასათვალისწინებელია გადამხდელთა მდგომარეობა, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებს და მიეცეთ საშულება საქმიანობის გაგრძელების.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. ამასთან, ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთის შედარებით გამოვლენილია საქონლის დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 7 102 ლარი. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №261-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9006 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 272; 286 (9); 269 (7).