გადაწყვეტილება №19921/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 19921/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19921/2/2023

11 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 8.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19921/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10709 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 181 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 54

ჯარიმა - 127

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 9 აგვისტოდან 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. მომჩივანმა შემოწმების პროცესში წარადგინა ცნობები, საბანკო ამონაწერები და ახსნაგანმარტებითი ბარათები. კომპანიას არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები და არ ჰქონდა მის სახელზე რეგისტრირებული რაიმე ქონება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ლიკვიდაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშიდან გატანილი ჰქონდა ნაშთი, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. მომჩივანი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 9 აგვისტოდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სახელმწიფო ტენდერებში, საიდანაც მოგებული ჰქონდა სულ ორ შემთხვევაში. აღნიშნულის საფუძველზე, სამეურნეო საქონელი მიწოდებული ჰქონდა ---თვის, რაზეც გაფორმებული იყო შესაბამისი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობა არ გამოვლენილა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის სალაროსა და ბანკის ნაშთი შეადგენდა ნულ ლარს.

საჯარო რეესტრში არსებული და კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საწარმოს სახელზე რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ფიქსირდებოდა. მომჩივანმა 2022 წლის 9 თებერვალს დაიწყო საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას სალიკვიდაციო დეკლარაციები არ წარუდგენია, ამასთან სატელეფონო გასაუბრებითაც გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში მატერიალური ფორმით ჩაბარების ფაქტი. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 205-ე მუხლის 10-ე ნაწილის და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №7577 ბრძანება და ამავე თარიღის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 291-ე მუხლით, და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალიკვიდაციო დეკლარაციების წარდგენის შესახებ მიღებული შეტყობინება მექანიკურად მონიშნა წაკითხულად. ამასთან კომპანიის ლიკვიდაციის მოთხოვნაზე განცხადების წარდგენის დროს, მისთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების და დოკუმენტების შესახებ. განმარტავს,რომ კომპანიის მოკლე დროით ფუნქციონირების და გამოუცდელობის გამო არ იცოდა სალიკვიდაციო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების შესახებ. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10709 ბრძანებისა და ჯარიმის (127 ლარი) გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მოკლე დროით ფუნქციონირების და გამოუცდელობის გამო არ იცოდა სალიკვიდაციო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №7577 ბრძანება და ამავე თარიღის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43 (4); 270; 275; 153 (3); 205 (10); 291; 269 (7).