ბრძანება N 7302
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7302
02 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---’’-ის (ს/ნ --)
(მის.: ---) 2023 წლის 18 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის (ოქმი №27) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის №20918/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---’’-ის (ს/ნ ---) №82389/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 ივნისის №068-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრას და აღნიშნული საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილების საფუძველზე დანაკარგის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრა მხოლოდ 148 772 კგ. აცხადებს, რომ აღნიშნული დადგენილება ეხება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების, ქვეყნის შიგნით გადაზიდვებისა და მარცვლეულის შენახვის შედეგად მიღებულ დანაკარგს და არანაირ კავშირში არ არის მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებულ დანაკარგთან. აცხადებს, რომ მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო კომპანია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა იმ ოდენობის შემოსავალს, რაც შემოწმებით განისაზღვრა. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც გააჩნია კომპანიას, კერძოდ, დარგის სპეციალისტების მიერ შედგენილი დასკვნები, რომელიც თანდართულია საჩივარზე და შემოწმების პროცესში აუდიტმა არ გაითვალისწინა. აცხადებს, რომ სრულად ჰქონდა აღრიცხული როგორც გაწეული ხარჯები, ისე ტენიანობის შედეგად მიღებული დანაკარგი, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინა აუდიტორს. მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციაში და ასევე საქართველოში მოქმედი ,,გოსტ 13586.5-2015’’-ის მიხედვით მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. ცალსახად დადასტურებულია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, რის გამოც აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით და შედგა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც მიწოდებულ იქნა შემოწმებისთვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26698 და 9 დეკემბრის №31150 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 23 ივნისის №14510 ბრძანება და ამავე თარიღის №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 682 316 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 347 762 ლარი, ჯარიმა 911 421 ლარი, საურავი 423 133 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 15 აგვისტოს №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 9 თებერვლის №20918/2/2023 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის ნაწილში გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №20111 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება, როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადასახადის გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ.
შემოწმებამ იხელმძღვანელა, მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები. ,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა, მარცვლეული ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 24.05.2011 წლის №222 დადგენილებით და განსაზღვრა დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 148 772 კგ, ნაცვლად მის მიერ ტენიანობის გათვალისწინებით ჩამოწერილი 2 923 774 კგ მარცვლეულისა. აღნიშნავს, რომ არც მთავრობის ხსენებული დადგენილებით და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, მარცვლეულის ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით დანაკარგის ზღვრული ოდენობა, როგორც ეს გათვალისწინებულია თხილის შემთხვევაში. მარცვლეულის შემთხვევაში ანალოგიური ნორმის არ არსებობა მიიჩნია, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა შესყიდული საქონლის (№222 დადგენილებით განსაზღვრული დანაკარგების გათვალისწინებით) რეალიზაცია და მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, რასაც კომპანია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო. აღნიშნული დასტურდება დარგის სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნებით, რაც შემოწმების პროცესში წარედგინა შემმოწმებელს, თუმცა ის არ იქნა გათვალისწინებული. რუსეთის ფედერაციაში და ასევე, საქართველოში მოქმედი „გოსტ 13586.5-2015“ მიხედვით, მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. რადგან, რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით, შედგა შესაბამისი დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია გასაშრობად შემოტანილი მარცვლეულის ოდენობა, მისი ტენიანობა, შრობის შედეგად მიღებული რაოდენობა, დანაკარგის ოდენობა კილოგრამებში, მისი პროცენტული ოდენობა და სხვა მონაცემები, რაც შემოწმების მიმდინარეობისას სრულად მიეწოდა აუდიტორს.
კომპანია ახდენს იმპორტირებული მარცვლეულის რეალიზაციას როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ისე დასაწყობების, გამოშრობა-გასუფთავების შემდგომ და აღნიშნული ოპერაციები თითოეული სასაქონლო ზედნადებების, თითოეული იმპორტის ოპერაციის მიხედვით აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში, რაც არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ არც მთავრობის დადგენილებით და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, მარცვლეულის ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით დანაკარგის ზღვრული ოდენობა და რომ იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობის დასაშვებ ოდენობამდე შემცირების მიზნით, მარცვლეულის გაშრობას ახდენდა სპეციალისტის მონაწილეობით, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია გასაშრობად შემოტანილი მარცვლეულის ოდენობა, მისი ტენიანობა, შრობის შედეგად მიღებული რაოდენობა, დანაკარგის ოდენობა კილოგრამებში, მისი პროცენტული ოდენობა და სხვა მონაცემები. საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, მათ შორის საგადასახადო შემოწმების საფუძველზე აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შპს ,,---’’ მარცვლეულის რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე როგორც საბითუმოდ, ისე საცალოდ. გადამხდელს ასევე შეძენილი აქვს იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში სულ შეძენილია 32 105 977 კგ. იმპორტირებული ხორბალი და 22 742 009 კგ. იმპორტირებული სიმინდი. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ,,ფინა’’ და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოება:
შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადამხდელის მიერ ხორციელდება როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვეული საერთო წონით 2 923 774 კგ. (ხორბალი - 1 559 159 კგ., სიმინდი - 1 364 614 კგ.).
შემოწმების პროცესში შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილებით მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, დაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 2 330 175 ლარი, რომელიც დამატებით ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 2 749 606 ლარის ოდენობით (დარიცხული შეადგენს 3 737 008 ლარს) დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 73- ე მუხლების გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ შემოწმების მიერ დანაკარგების განსაზღვრისთვის გამოყენებული საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილება ეხება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების, ქვეყნის შიგნით გადაზიდვებისა და მარცვლეულის შენახვის შედეგად მიღებულ დანაკარგს და არანაირ კავშირში არ არის მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებულ დანაკარგთან. მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო კომპანია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა იმ ოდენობის შემოსავალს, რაც შემოწმებით განისაზღვრა. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც გააჩნია კომპანიას, კერძოდ დარგის სპეციალისტების მიერ შედგენილი დასკვნები. რუსეთის ფედერაციაში და ასევე საქართველოში მოქმედი ,,გოსტ 13586.5-2015’’- ის მიხედვით მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. ცალსახად დადასტურებულია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, რის გამოც აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით, რაზეც შედგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისთვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისათვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.));
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრას და აღნიშნული საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 15 აგვისტოს №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 9 თებერვლის №20918/2/2023 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის ნაწილში გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №20111 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 159; 8 (11); 101; 154.
2021 მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.