ბრძანება N 26259

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 25.10.2023
№ დოკუმენტი 26259
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26259

25 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ს (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 26 სექტემბრის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) №83781/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათიდან გადმოტანილ თანხებს და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 სექტემბრის №022-4130 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მამამისი --- გარდაიცვალა 2018 წლის 29 ნოემბერს. ის ფაქტი, რომ მისი ქონების მემკვიდრეობასთან ერთად ევალებოდა ქონების დეკლარაციის წარდგენა ან/და გადასახადის გადახდა, მისთვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად, აღნიშნული არ განუხორციელებია. ამასთან, არანაირი შეტყობინება ან სატელეფონო ზარი არ მიუღია გაფრთხილების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება მამკვიდრებლის ბარათიდან გადმოტანილ თანხებს და სადავო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი ---ს (პ/ნ ---) პირველი რიგის მემკვიდრეა შვილი - --- (პ/ნ ---), რომელმაც საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება სრულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გარდაცვლილს მოდიფიკაციაში უფიქსირდება ჩანაწერი „ლიკვიდირებულია“.

ამავე სისტემის მიხედვით, ფ/პ ---ს (პ/ნ ---) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გარდაცვალების თარიღისათვის ირიცხება ზედმეტად გადახდილი გადასახადი 0.78 ლარი.

ფ/პ ---ს (პ/ნ ---) მის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს ელექტრონულად არის წარმოდგენილი 2018 წლის ფ/პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვით ოჯახის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი აღემატება 100000 ლარს და ოჯახის წევრად მითითებულია --- (პ/ნ ---). დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს ჯამში 251 ლარს (200 ლარი - ქონების გადასახადი და 51 ლარი - მიწის გადასახადი-სასოფლო). გარდაცვლილის პირადი აღრიცხვის ბარათზე ავტომატურად დარიცხულია 2019 წლის ქონების გადასახადი 2019 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით, თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 პუნქტისა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გარდაცვლილი ---სა (პ/ნ ---) და მისი მემკვიდრის ---ს (პ/ნ ---) მიერ 2018 წელს მიღებული შემოსავლების ჯამი აღემატება 40000 ლარს, მაგრამ მემკვიდრის მიერ არ არის შესრულებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება - არ არის წარმოდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2019 წლის დეკლარაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაცვლილის პირადი აღრიცხვის ბარათზე გარდაცვალების თარიღით (2018 წლის 29 ნოემბერი) არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადი 0.78 ლარი და ავტომატურად დარიცხული 2019 წლის ქონების გადასახადი, თავის სავადოებით, გადატანილი იქნა მემკვიდრის ---ს (პ/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, ---ს (პ/ნ ---) მიერ 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 27225 ლარს, ხოლო გარდაცვლილი ---ს (პ/ნ ---) 2018 წელს მიღებული შემოსავალი - 50960 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2023 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 418.12 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მამკვიდრებლის ბარათიდან გადმოტანილ თანხებთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.

გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ამავე კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, ---ს (პ/ნ ---) მიერ 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 27225 ლარს, ხოლო გარდაცვლილი ---ს (პ/ნ ---) 2018 წელს მიღებული შემოსავალი - 50960 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2023 წლის 25 სექტემბრის №022-4130 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №022-4424 შეტყობინებით გაუქმებულია ფ/პ ---ს (პ/ნ ---) ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათიდან გადმოტანილი თანხების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი 2023 წლის 25 სექტემბრის №022-4130 გირავნობა/იპოთეკის შეტყობინების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არ ეთანხმება მამკვიდრებლის ბარათიდან გადმოტანილ თანხებს და სადავო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გარდაცვლილის პირადი აღრიცხვის ბარათზე გარდაცვალების თარიღით არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადი 0.78 ლარი და ავტომატურად დარიცხული 2019 წლის ქონების გადასახადი, თავის სავადოებით, გადატანილი იქნა მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება).

საჩივარი საგადასახადო გირავნობა/ოპითეკის გავრცელების ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 57; 201; 203; 202 (5); 206; 301.