ბრძანება N 4808
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4808
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2025 წლის 4 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) 2025 წლის 4 თებერვლის №94047/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №081-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ კომპანიას, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, სალაროს ნაშთის გარდა უფიქსირდებოდა მიმდინარე ვალდებულებები დამფუძნებლისადმი, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენდა 2 529 ლარს, ანგარიშვალდებული პირისადმი მოთხოვნა 93 454 ლარს, ხოლო მმართველი პარტნიორისადმი ვალდებულებები 67 000 ლარს. მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების გათვალისწინებით უნდა გაანგარიშებულიყო სალაროს არაგონივრული ნაშთი. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდის ბოლოს რიცხული სმფ-ების ნაშთი რეალიზებულია მთლიანობაში იდენტიფიცირებულ მყიდველებზე, ხოლო არაიდენტიფიცირებულ მყიდველებზე იდენტიფიცირებული მყიდველების ფასნამატის გათვალისწინებით, ასევე, ამოღებულია დებიტორული დავალიანებები და დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულების ფიქტიურ ნაშთად განხილვას. განმარტავს, რომ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხების ნაწილი სალაროდან გადატანილია ბანკში, ასევე, სალაროდან გადახდილია მომწოდებლის დავალიანება. ამასთან, მიუთითებს საჩივარზე მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, დამფუძნებლისგან აღებული გრძელვადიანი სესხის, ასევე, სალაროში თანხების მოძრაობისა და ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაზე, რომლებითაც დასტურდება, რომ საწარმოს რეგისტრაციიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არც სალაროს ანგარიშზე და არც ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე არაგონივრული ნაშთი არ აღირიცხებოდა და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №16465 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 დეკემებრს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 დეკემებრის №26386 ბრძანება და ამავე თარიღის №081-238 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 140 000 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 520 ლარი, ჯარიმა 38 250 ლარი, საურავი 25 230 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო ინვენტარის, მისი მაკომპლექტებელი დეტალების, აგრეთვე ჰიგიენის საშუალებების იმპორტი და საბითუმო-საცალო რეალიზაცია. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამები (ინფო-ბუღალტერი, ორისი) და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სესხის ხელშეკრულებები, დებიტორებთან ურთიერთშედარების აქტები, სალაროს გასავლის ორდერები).
შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, საწარმოს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიის სალაროში არ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მცირე ოდენობით თანხები. სალაროს საშუალებით ხორციელდება დირექტორისგან სესხის აღება და დაბრუნება, აგრეთვე სალაროდან არის დაბრუნებული არარეზიდენტი კომპანიიდან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის ძირი და პროცენტი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლინდა არაგონივრული ნაშთი, შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, კომპანიას გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება ერთპიროვნული დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 205 988 ლარის ოდენობით. ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ დამფუძნებელთან 2019 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდშიც ფიქსირდება სესხის გაზრდა (37 696 ლარით) სალაროში ნაღდი ფულის შეტანით. ასევე, შემოწმებით გაირკვა, რომ 243 684 ლარის (205 988+37 696) სასესხო ვალდებულება სრულად დაფარულია (სესხი დაბრუნებულია) 2021 წლის 31 ივლისიდან 2022 წლის 30 სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის რეგისტრაციის დღიდან (2015 წლის 10 ივნისი) შესამოწმებელ პერიოდამდე (2021 წლის პირველი იანვარი) კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი და მიღებული/მისაღები შემოსავალი, ასევე, 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების გათვალისწინებით გაანალიზდა აღნიშნული პერიოდის ფინანსური მოგება/ზარალის ოდენობა და დადგინდა, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე კომპანია არის მომგებიანი, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით იკვეთება, რომ 2015-2020 წლებში კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვაში ასახულია საქონლის 62%-იანი ფასნამატით რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან შესამოწმებელ პერიოდამდე იმპორტით შეძენილია სულ 163 635 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 225 998 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანალიზდა ფულის მოძრაობა და შესწავლის შედეგად დაკორექტირდა სესხის საწყისი ნაშთი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთად არსებული სესხის თანხა ჩაითვალა ფიქტიურ ნაშთად და შესამოწმებელ პერიოდში, სესხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი, ამავე დროს სალაროში არ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მცირე ოდენობით თანხები. სალაროს საშუალებით ხორციელდება დირექტორისგან სესხის აღება და დაბრუნება, აგრეთვე სალაროდან არის დაბრუნებული არარეზიდენტი კომპანიიდან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის ძირი და პროცენტი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად, სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლინდა არაგონივრული ნაშთი, შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დამფუძნებლისადმი არსებული მოთხოვნების/ვალდებულებების გათვალისწინებით სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა რამდენჯერმე განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ცვლილებები. შესაბამისად, შეიცვალა სალაროს ნაშთი, ასევე, ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნა/ვალდებულებების ნაშთები (პირველად წარმოდგენილ ვერსიაში არ არსებობდა დამფუძნებლის წინაშე ვალდებულებები). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლოს წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულება (67 000 ლარი) დაფარულია 2024 წლის ივნისის თვეში კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, რომელიც არ იღებს მონაწილეობას არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებაში. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა რამდენჯერმე განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ცვლილებები, ასევე, შეცვალა სალაროს ნაშთი და ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნა/ვალდებულებების ნაშთები, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების დაფარვა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება ერთპიროვნული დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 205 988 ლარის ოდენობით. ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ დამფუძნებელთან 2019 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სესხის გაზრდა სალაროში ნაღდი ფულის შეტანით.
ასევე, შემოწმებით გაირკვა, რომ 243 684 ლარის სასესხო ვალდებულება სრულად დაფარულია (სესხი დაბრუნებულია) 2021 წლის 31 ივლისიდან 2022 წლის 30 სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელ პერიოდამდე (2021 წლის პირველი იანვარი) კომპანიის მირ გაწეული ხარჯი და მიღებული/მისაღები შემოსავალი, ასევე, 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების გათვალისწინებით გაანალიზდა აღნიშნული პერიოდის ფინანსური მოგება/ზარალის ოდენობა და დადგინდა, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე კომპანია არის მომგებიანი, კერძოდ, 2015-2020 წლებში კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვაში ასახულია საქონლის 62%-იანი ფასნამატით რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. შემოწმების მიერ გაანალიზდა ფულის მოძრაობა და შესწავლის შედეგად დაკორექტირდა სესხის საწყისი ნაშთი. შედეგად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთად არსებული სესხის თანხა ჩაითვალა ფიქტიურ ნაშთად და სესხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდებში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გაუგებარია რომელ ბაზაზე დაყრდნობით დაადგინა შემმოწმებელმა 62%-იანი ფასნამატი, მაშინ როდესაც 2015-2016 წლებში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენდა 19%-ს, ხოლო 2015-2020 წლებში სმფ-ის რეალიზაციისა და ნაშთის გათვალისწინებით ფასნამატი შეადგენდა 10%-ს. აცხადებს, რომ შემმოწმებელს მოთხოვნისთანავე გადაეცა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია, სადაც გაწერილი იყო როგორც აქტივები, ისე ვალდებულებები, სადაც სალაროს ნაშთი შეადგენდა 1 143 ლარს. მიაჩნია, რომ თუ აქტის მიხედვით დამფუძნებლის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება ფიქტიური ნაშთია, მაშინ აღნიშნული ოპერაცია უნდა აღიარდეს, როგორც ვალდებულება, რომელიც დაიხურა დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხით. მიუთითებს, რომ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხების ნაწილი სალაროდან გადატანილია ბანკში, ასევე, სალაროდან გადახდილია მომწოდებლის დავალიანება. განმარტავს, რომ ვინაიდან, შემმოწმებელს გადასახადის გადამხდელთან ერთად არ შეუსწავლია სესხის მიზნობრიობა და მისი ხარჯვა, შემმოწმებელს უნდა აღედგინა ის კრედიტორული დავალიანება, რომელიც დაიხურა კომპანიის მიერ მოზიდული სახსრებით.
ამასთან, მიუთითებს საჩივარზე მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, დამფუძნებლისგან აღებული გრძელვადიანი სესხის, სალაროში თანხების მოძრაობისა და ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაზე, რომლებითაც დასტურდება, რომ საწარმოს რეგისტრაციიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არც სალაროს ანგარიშზე და არც ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე არაგონივრული ნაშთი არ აღირიცხებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულების ფიქტიურ ნაშთად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად, სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლინდა არაგონივრული ნაშთი, შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთი.
ამასთან, შემოწმებამ შეისწავლა ფულის მოძრაობა და შესწავლის შედეგად დაკორექტირდა სესხის საწყისი ნაშთი. შედეგად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთად არსებული სესხის თანხა ჩაითვალა ფიქტიურ ნაშთად და სესხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდებში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 12; 154.