გადაწყვეტილება №14420/2/17; 3776/2/2017

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2019
№ დოკუმენტი 14420/2/17 (№3776/2/2017)
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№14420/2/17

№3776/2/2017

25.09.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ ------------)

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.09.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 6.04.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

2013 წელს შეძენილი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შემცირებით გამოწვეული დარიცხვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2016 წლის შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2016 წლის №37683 ბრძანება გადასახადებისა და სანქციის დარიცხვის შესახებ;

3. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2016 წლის №083-51 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 22.03.2017 წლის №7318 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 80044 ლარი;

მათ შორის:

დღგ - (-1124 ლარი);

მოგების გადასახადი - 34 598 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 10 200 ლარი;

ქონების გადასახადი - 190 ლარი;

ჯარიმა - 23 018 ლარი;

საურავი - 13 162 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა მანდარინის შეძენა, რეალიზაცია, ასევე პლასტმასის და ხის ყუთების, პალეტების წარმოება, რეალიზაცია. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს სხვადასხვა პირის შერეული საქონელი.

აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გადამხდელის საქმიანობის 22.08.2012 წლიდან 31.12.2013 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2016 წლის აქტში. აქტით გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი 43864 ლარი და ჯარიმა 23018 ლარი.

აღნიშნულ თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2016 წლის №37638 ბრძანება და 22.12.2016 წლის №083-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 18.01.2017 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2017 წლის №7318 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხი:

2013 წელს შეძენილი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შემცირებით გამოწვეული დარიცხვა

 

ფაქტების აღწერა:

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს -- ფიზიკური პირებისაგან, რომლის მიხედვითაც 2013 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის საზოგადოებას უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 236792 ლარის ოდენობით. შემოწმებით დგინდება, რომ გადამხდელმა შეძენილი ------ ღირებულება სრულად ასახა 2013 წლის შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულებაში. ასევე, გადამხდელმა 2013 წლის ბოლოსათვის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეამცირა 2013 წლის განმავლობაში რეალიზებული ----- ღირებულებით სრულად (მიუხედავად იმისა შესაბამისი ----- შეძენის მიხედვით საზოგადოებას გააჩნდა თუ არა კრედიტორული დავალიანება ფიზიკური პირების მიმართ 2013 წლის ბოლოსათვის). შემოწმებით, ----, რომლის შეძენის შესაბამისადაც საზოგადოებას 2013 წლის ბოლოსათვის უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება ფიზიკური პირების მიმართ გაიყო ორ კატეგორიად:

1. -----, რომლის რეალიზაციაც მოხდა 2013 წლის განმავლობაში (დეკლარირებული მონაცემებით გამოაკლდა 2013 წლის საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულებას) ჯამური ღირებულებით 171000 ლარის ოდენობით.

2. -----, რომლის რეალიზაციაც არ მომხდარა 2013 წლის განმავლობაში (დეკლარირებული მონაცემებით არის გამოკლებული 2013 წლის ბოლოსათვის არსებულ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულებისათვის) ჯამური ღირებულებით 65792 ლარი.

შემოწმებით, 2013 წელს შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება შემცირებულია 2013 წლის ბოლოსათვის ფიზიკური პირების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებით სრულად 236792 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი შემცირდა 65792 ლარის ოდენობით (2013 წლის ბოლოსათვის ფიზიკური პირების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების ის ნაწილი, რომლის შესაბამისად შეძენილი ------ რეალიზაცია არ მომხდარა 2013 წელს და რომლის მიხედვითაც გადამხდელს არ შეუმცირებია 2013 წლის ბოლოსათვის არსებული სმფ-ების ღირებულება (236792-171000). აღნიშნულის შედეგად გადამხდელის დასაბეგრი მოგება 2013 წლის საანგარიშო პერიოდისავის გაიზარდა (236792-65792) 171000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საბჭო ასევე მიუთითებს სსკ-ის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმადაც:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2 თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:

ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს მიერ არ არის გადახდილი ფიზიკური პირებისაგან შეძენილი ----- ღირებულება შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია და შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. შესაბამისად დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ყოველმხრივ დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტში არ არის მითითებული საქონელი და მომსახურება, ისევე როგორც სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტში, აქედან გამომდინარე იგულისხმა რომ ეს პირობა არ ვრცელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოქვითვაზე, რადგანაც სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების კომპენსაცია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, ასევე მოგების გადასახადისაგან სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, შესაბამისად სმფ-ს გამოქვითვის შემთხვევაში სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ ადგება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არსებობს სმფ-ს დამადასტურებელი დოკუმენტაცია რომელიც განსაზღვრავს ფინანსური ვალდებულებების აღებას და მის სიზუსტეს რასაც მოითხოვს სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი. ასევე, არ ეთანხმება შემმოწმებლის გადაანგარიშებას სმფ-სთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად,1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;

ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;

გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.

2. ფინანსურ ვალდებულებაში იგულისხმება გარიგების (ხელშეკრულების) შედეგად აღებული ვალდებულება, რომლის შესრულების ძალითაც ამ გარიგების (ხელშეკრულების) მეორე მონაწილემ უნდა მიუთითოს ვალდებულების შესაბამისი შემოსავალი ფულადი ან სხვა ფორმით.

3. სავალო ვალდებულების პროცენტის ან იჯარით გაცემული ქონებიდან გადასახდელის გადახდისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტი. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ხარჯები საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება მათი დარიცხვების შესაბამისად.

4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:

ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;

ბ) მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

საჩივრის თანახმად, იგულისხმა რომ ეს პირობა არ ვრცელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოქვითვაზე, რადგანაც სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების კომპენსაცია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით და მოგების გადასახადისაგან სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, შესაბამისად სმფ-ს გამოქვითვის შემთხვევაში სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ ადგება.

დადგენილია, რომ

ა) 2013 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის საზოგადოებას უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 236792 ლარი, იმ ფიზიკური პირების მიმართ ვისგანაც შეძენილი აქვს ------ და აღნიშნული გაიყო ორ კატეგორიად: ------, რომლის რეალიზაციაც მოხდა 2013 წლის განმავლობაში (171000 ლარის) და ---------, რომლის რეალიზაციაც არ მომხდარა 2013 წლის განმავლობაში (65792 ლარი).

ბ) შეძენილი ------ ღირებულება სრულად ასახულია 2013 წლის შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულებაში.

გ) 2013 წლის ბოლოსათვის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი შემცირებულია 2013 წლის განმავლობაში რეალიზებული ------ ღირებულებით სრულად.

აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2017 წლის №45114-21-14 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის ინფორმაციით ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების ასახვა შეძენებში და ნაშთებში ხდებოდა სრულად, მიუხედავად იმისა იყო თუ არა ანაზღაურებული შესაბამისი საქონლის ღირებულება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ს 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური პირის შემთხვევაში ხარჯის გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, მართლზომიერია შემოწმებით 2013 წელს შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულების შემცირება 2013 წლის ბოლოსათვის ფიზიკური პირების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებით სრულად და ამავე წლის საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.