ბრძანება N 3304
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3304
25 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 3 აგვისტოს №91195/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №023-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ როგორც ღორის, ასევე, საქონლის ხორცის შეძენა ხდება ძვლიანად, ხოლო რეალიზაცია, როგორც ძვლიანი, ისე დარბილებული სახით. დარბილებული სახით ხორცის რეალიზაცია, ხორცის მთლიანი გაყიდვების 25-30%-ს შეადგენს. შესაბამისად, დარბილებული სახით ხორცის რეალიზაციის დროს წარმოიქმნება ე.წ, „ნარჩენები“, რისი დადასტურებაც შესაძლებელია როგორც საექსპერტო დასკვნით, ასევე ობიექტზე არსებული ვიდეოკამერების საშუალებით, სადაც ნათლად აისახება, საქონლის მიღებიდან მის სრულ დამუშავება/რეალიზაციამდე პროცესი. აცხადებს, რომ როგორც ხორცი, ასევე ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტებს, შესაბამისად, კომპანიას შესყიდული საქონლის გარკვეული ოდენობა უფუჭდებოდა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ჩამოწერის ნაცვლად, საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნით, ახდენდა გაფუჭებული საქონლის გადაყრას. აღნიშნული ფაქტის დადასტურებაც შესაძლებელია, როგორც საექსპერტო დასკვნით და ობიექტზე არსებული ვიდეოკამერების საშუალებით, ასევე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვით. შესაბამისად, გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფასნამატის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ გარკვეულ კრედიტორებზე გადახდილი თანხები (მაგ. ავანსი) აღემატება შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ხარჯებს, რაც გასათვალისწინებელია სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას, ასევე გასათვალისწინებელია სალაროსა და საბანკო ანგარიშზე ივნისის მდგომარეობით არსებული სხვადასხვა ოდენობის ნაშთები და ბანკის მიერ ჩამოჭრილი ტერმინალის საკომისიოები. ამასთან, 2018-2021 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ, იჯარით აღებულ ქონებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაზეც გაიწია სხვადასხვა ოდენობის ხარჯები, რომლის ძირითადი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება ვერ ხდება. ითხოვს ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას სხვისი ქონების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და მის მიერ გამოვლენილი ხარჯების გადახდილად ჩათვლას. ასევე, განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილია სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებები, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის ვირტუალური ზრდა.
გადასახადის გადამხდელი, არსებული გარემოებების გათვალისწინების შემდგომ, ითხოვს ხელფასად განხილული თანხების სესხად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11834 და 19 ივნისის №14358 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივლისის №15811 ბრძანება და ამავე თარიღის №023-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 143 849 ლარი, მათ შორის, გადასახადი 90 628 ლარი, ჯარიმა 47 529 ლარი, საურავი 5 692 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 27 აგვისტოს №19425 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 22 იანვრის №92055/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 აგვისტოს №19425 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ამ გადაწყვეტილების შესაბამსიად ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 იანვრის №92055/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქონლისა და ღორის ხორცით ვაჭრობა, არის ბოსტნეულიც, რასაც მცირე წილი უკავია საერთო ვაჭრობაში. გადამხდელი საქონლისა და ღორის ხორცს იძენს დაკლულ მდგომარეობაში. შემდეგ მაღაზიაში ხდება მისი დამუშავება. პირობითად 100 კგ ხორცის შეძენისას და 100 კგ-ს გაყიდვისას, ხორცის წილი შეადგენს საერთო გაყიდვების დაახლოებით 20-25%-ს, ხოლო დანარჩენი წარმოადგენს ნარჩენს (ძვლები, ქონი და მსგავსი გამოუსადეგარი ნაწილები) რომლებიც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა საერთო რეალიზაციაში. მომჩივანმა საჩივარს დაურთო ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №------- დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ საქმეზე წარმოდგენილი, საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულება (სასაქონლო ექსპერტიზის №------- დასკვნა) საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილია -------, -------ში. საწარმოს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 23 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში შეძენილი აქვს ხორცი და სხვადასხვა საკვები პროდუქტები. შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით, საწარმოს მიერ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დათვლილი იქნა საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (საქონლის ხორცზე 37% და ღორის ხორცზე 59%), სმფ-ების რპთ და შესამოწმებელ პერიოდში სრულად მიღებული შემოსავლის ოდენობა. შემოწმების მიერ დათვლილი შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით მიღებული სხვაობის თანხა აღრიცხული არ არის არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან, დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11828 ბრძანების მიხედვით ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი 10 200 ლარის საბაზრო ღირებულების ოდენობით. შემოწმების ჯგუფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის შედეგად გამოვლინდა საწარმოში აღურიცხველი საქონელი - 4 430 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში შეძენილი აქვს ხორცი და სხვადასხვა საკვები პროდუქტები. 2024 წლის 23 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 10 200 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით, საწარმოს მიერ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დათვლილი იქნა საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (საქონლის ხორცზე 37% და ღორის ხორცზე 59%), სმფ-ების რპთ და შესამოწმებელ პერიოდში სრულად მიღებული შემოსავლის ოდენობა. შემოწმების მიერ დათვლილი შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით მიღებული სხვაობის თანხა აღრიცხული არ არის არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. ვინაიდან, დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, როგორც ღორის, ასევე, საქონლის ხორცის შეძენა ხდება ძვლიანად, ხოლო რეალიზაცია, როგორც ძვლიანი, ისე დარბილებული სახით. დარბილებული სახით ხორცის რეალიზაცია, ხორცის მთლიანი გაყიდვების 25-30%-ს შეადგენს. შესაბამისად, დარბილებული სახით ხორცის რეალიზაციის დროს წარმოიქმნება ე.წ, „ნარჩენები“, რისი დადასტურებაც შესაძლებელია როგორც საექსპერტო დასკვნით, ასევე ობიექტზე არსებული ვიდეოკამერების საშუალებით, სადაც ნათლად აისახება, საქონლის მიღებიდან მის სრულ დამუშავება/რეალიზაციამდე პროცესი. შესაბამისად, გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშების საკითხი საჭიროებს მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას. გარდა ამის, გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ გარკვეულ კრედიტორებზე გადახდილი თანხები (მაგ. ავანსი) აღემატება შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ხარჯებს, რაც გასათვალისწინებელია სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას, ასევე გასათვალისწინებელია სალაროსა და საბანკო ანგარიშზე ივნისის მდგომარეობით არსებული სხვადასხვა ოდენობის ნაშთები და ბანკის მიერ ჩამოჭრილი ტერმინალის საკომისიოები. ასევე, განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილია სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებები, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის ვირტუალური ზრდა.
შემოსავლების სამსახური ასევე, ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 იანვრის №92055/2/2024 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ მომჩივნის მიერ საქმეზე წარმოდგენილი, საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულება (სასაქონლო ექსპერტიზის №------- დასკვნა) საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს გაწეული ხარჯების (გარდა იჯარით აღებულ ქონებაზე ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯებისა) საკითხი, ასევე, შეისწავლოს დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №------- დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).
9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).
ხოლო, 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფის ინვენტარიზაციის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი 10 200 ლარის საბაზრო ღირებულების ოდენობით. შემოწმების ჯგუფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის შედეგად გამოვლინდა საწარმოში აღურიცხველი საქონელი 4 430 ლარის ოდენობით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11828 ბრძანებით განხორციელებულია სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა და შედეგები გამოყვანილია შემოწმების მიერ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე, 30-ე და 31-ე მუხლების მიხედვით არ არის შედგენილი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22) ოქმი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11828 ბრძანებით ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა, შესაბამისად არამართლზომიერია საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს გაწეული ხარჯების (გარდა იჯარით აღებულ ქონებაზე ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯებისა) საკითხი, ასევე, შეისწავლოს დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №------- დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით. საწარმოს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა ფაქტობრივი ნაშთი. ნაშთი. შემოწმების ჯგუფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის შედეგად გამოვლინდა საწარმოში აღურიცხველი საქონელი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში შეძენილი აქვს ხორცი და სხვადასხვა საკვები პროდუქტები. შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით, საწარმოს მიერ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დათვლილი იქნა საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი, სმფ-ების რპთ და შესამოწმებელ პერიოდში სრულად მიღებული შემოსავლის ოდენობა. შემოწმების მიერ დათვლილი შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით მიღებული სხვაობის თანხა აღრიცხული არ არის არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს გაწეული ხარჯების საკითხი, ასევე, შეისწავლოს დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 286(4)