N 5616-რს - 19/12/2019 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 19.12.2019
№ დოკუმენტი 5616-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;“.

მუხლი 2. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია 2020 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სამორინეში, აზარტულ კლუბში, სათამაშო აპარატების სალონში, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,19 დეკემბერი 2019 წ.

N5616-რს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე