ბრძანება N 3116

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2023
№ დოკუმენტი 3116
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3116

20.02.2023

შპს „--------- “-ის (ს/ნ „--------- “-)

(მის: „--------- “-)

2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „„--------- “-“-ის (ს/ნ „--------- “) №77584/1/2022 და №77585/1/2022 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №EL192626 და №EL192611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შპს 2017 წლის 10 იანვარს შპს „უცხოური საწარმო ფილიალი „ვიბრო დიაგნოსტიკისთან” გაფორმდა საბაჟო საწყობში/ნავთობბაზაში საწვავის შენახვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შემნახველმა იკისრა მიმბარებლის საწვავის/ბენზინის შპს „--------- “ შენახვის ვალდებულება. ამასთან, შემნახველი პასუხისმგებელია მიმბარებლის პროდუქციაზე, როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. ამდენად, შემნახველმა იკისრა ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა მიმბარებლის საწვავის ისეთი ფორმით შენახვას, რაც გავლენას არ მოახდენდა საწვავის ხარისხზე ან/და რაოდენობის ცვლილებაზე (გარდა კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი დანაკარგისა). ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით გაგრძელდა 2019 წლის 22 ნოემბრამდე. მომჩივანი მიუთითებს, რომ შემნახველი არის ვალდებული კეთილსინდისიერად განახორციელოს საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები და მითითებული გარემოებების მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა გამოირიცხოს შპს „„--------- “-“-ის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან შპს „„--------- “-“-ს არ განუკარგავს და მითუმეტეს არ გაუნადგურებია მისი მხრიდან შემნახველისთვის მიბარებული საქონელი.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

2 საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „„--------- “-“-ის (ს/ნ „--------- “-) მიერ 2018 წლის 25 დეკემბრის №11112/C30610 და 2019 წლის 20 თებერვლის №„--------- “- საბაჟო დეკლარაციებით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იქნა და დროებით შენახვის მიზნით შპს „„--------- “-ს“ (ს/ნ „--------- “-) საბაჟო საწყობში განთავსებულ იქნა საქონელი. კერძოდ, №11112/C30610 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 3 666 კილოგრამი ბენზინი („--------- “), რომლის შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 24 დეკემბერი, ხოლო №„--------- “-საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 3 749 კილოგრამი ბენზინი („--------- “), რომლის შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 თებერვალი

ვინაიდან, დასახელებული საბაჟო დეკლარაციებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ არ განხორციელებულა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი პირის მიერ:

– 2020 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL123299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „„--------- “-“-ს (ს/ნ -------) №„--------- “-საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

– 2021 წლის 23 თებერვალს შედგენილ იქნა №EL127659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „„--------- “-“-ს (ს/ნ -------) №-------- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის წერილობითი შეტყობინებებით (№21-„--------- “-, 08.01.2021 და №21-„--------- “-, 24.02.2021) დეკლარანტს – შპს „„--------- “-“-ს (ს/ნ --------) განესაზღვრა ნაკლოვანებების აღმოფხვრის 10-დღიანი ვადა. თუმცა დეკლარანტის მიერ არ იქნა შესრულებული საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობები.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საბაჟო ორგანოს 2022 წლის 11 ნოემბრის №21-„--------- “- წერილით საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისგან (შპს „--------- “-) გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე არსებული ფაქტიური ნაშთების შესახებ. შპს „--------- “- 2022 წლის 21 ნოემბრის №21-„--------- “- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ დასაწყობებული საქონელი მათ რეზერვუარებში არ ინახება ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილი №„--------- “- და №„--------- “-აბაჟო დეკლარაციებით სამართალდამრღვევ პირს თითოეული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელთან მიმართებაში საწყობთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხიმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა 2 743 ლარისა და 3 151 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა 3 გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქონლის დეკლარირების დღეს მოქმედი რედაქციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი იყო, რომ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ანალოგიური დებულება გათვალისწინებულია ასევე 2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შესული და საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილით – „საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება“.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით დაზუსტებულია, რომ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე თავდაპირველ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონლის შენახვის გაგრძელებული ვადა დღეებში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის ახალი თარიღი;

ბ) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი საბაჟო დეკლარაცია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ასევე იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს. ხოლო მე-4 ნაწილი განსაზღვრულია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილით კი, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ არ განხორციელდა სავალდებულო საბაჟო ფორმალობები, დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით და წერილობითი შეტყობინებით ეცნობა საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადა განესაზღვრა 10 კალენდარული დღით, თუმცა მომჩივნის მიერ მაინც არ განხორციელდა შესაბამისი საბაჟო ფორმალობები.

დადგენილია ასევე, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისგან (შპს „--------- “) გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული საქონლის ფაქტიური ნაშთები, საბაჟო საწყობის რეზერვუარებში არ ინახება ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე.

შესაბამისად, სახეზეა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სოლიდარულად საბაჟო საწყობთან ერთად სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაეკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „„--------- “-“-ის (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.