ბრძანება N 2083

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2083
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2083

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 10 იანვრის №86627/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №249-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას. განმარტავს, რომ შეფასების ეს ევროპულ-ამერიკული სტანდარტი, განვითარებული ქვეყნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საქართველოს სიტუაციას არ შეესაბამება, ვინაიდან ოფიციალურ წყაროებში არასწორი მონაცემებია დაფიქსირებული და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ასახავს გარიგების რეალურ ფასს. ამის მაგალითად წარმოადგენს მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 მეტრის რადიუსში დაფიქსირებულ რეალური ღირებულების დამადასტურებელ გარიგების საბუთებს საჯარო რეესტრიდან და მიუთითებს, რომ მოძიებული გარიგებების ხელშეკრულებებიდან ნათლად ჩანს ყველაზე დაბალი ფასი 1 კადრატულ მეტრზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციებზე გადახდილ თანხებსა და ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ გარიგება მოხდა ფიზიკურ პირ ---------- და შპს „----------“ შორის რომლის დირექტორიც და დამფუძნებელიც არის ---------- და შესაბამისად თანხა მიიღო როგორც დამფუძნებელმა და არა როგორც დირექტორმა, აქედან გამომდინარე უნდა დაიბეგროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე და 98-ე მუხლების თანახმად, როგორც განაწილებული მოგება და არა როგორც ხელფასის სახით გაცემული თანხები. ამასთან, მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ხელშეკრულება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს შემოსავლის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ვინაიდან არსებობს თანხის გაცემის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი. შედეგად, დასაბეგრი თანხის გაანგარიშება უნდა მოხდეს შესაბამისი პერიოდებისთვის. საჯარო რეესტრის გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ არ იარსებებდა თანხის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26287 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ----------) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32868 ბრძანება და ამავე თარიღის №249-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 205 530 ლარი, მათ შორის, გადასახადი 96 830 ლარი, ჯარიმა 48 415 ლარი, საურავი 60 285 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმებით გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, საჯარო რეესტრის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით საწარმოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 02 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ----------(ფართობი 11 389 კვ.მ) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საწარმოს დირექტორისგან, ----------, შეძენის ხელშეკრულება 399 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დღეისათვის საწარმოს ანაზღაურებული აქვს 1 252 415 ლარი. გადამხდელმა უარი განაცხადა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტის წარმოდგენაზე მისი შეძენის თარიღისათვის და შესაბამისად, აღნიშნული ქონების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეადგენს 889 000 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის შესაბამისად დადგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგების საბაზრო ფასზე ზეგავლენა. შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელს რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საწარმოს დირექტორისგან შეძენის ხელშეკრულება 399 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს. გადამხდელმა არ წარმოადგინა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტი მისი შეძენის თარიღისათვის. შედეგად ქონების შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეადგენს 889 000 ლარს. შემოწმებით დადგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგების საბაზრო ფასზე ზეგავლენა. შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციებზე გადახდილ თანხებსა და ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საწარმოს დირექტორისგან შეძენის ხელშეკრულება 399 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს. გადამხდელმა არ წარმოადგინა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტი მისი შეძენის თარიღისათვის. შედეგად ქონების შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეადგენს 889 000 ლარს. შემოწმებით დადგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგების საბაზრო ფასზე ზეგავლენა. შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 19; 101(1,2); 154(1„ა“).