გადაწყვეტილება №26992/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2026
№ დოკუმენტი 26992/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26992/2/2026

04 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26992/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების (ბინები და ავტოფარეხები) რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ფიქტიური ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-587 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5891 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 609 200.7 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 308 867.03

დღგ - 266 538.78

საშემოსავლო გადასახადი - 42 328.25

ჯარიმა - 154 433.4

საურავი - 145 900.27

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 18.10.2025-ის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28608 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5891 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების (ბინები და ავტოფარეხები) რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე შესამოწმებელ პერიოდში ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. მხოლოდ განხორციელებული აქვს დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები) რეალიზაცია. 2021 წლის 16 დეკემბრის კრების ოქმის საფუძველზე შპს „-------“ მიერ განხორციელდა შპს „-------“ საწესდებო კაპიტალში (ე.წ. შავი კარკასის სტანდარტით) უძრავი ქონებების შეტანა, შემდეგი მახასიათებლებით: -------, ------- 6 საცხოვრებელი ბინა (932,5 კვ.მ) და 6 ავტოფარეხი (130,1 კვ.მ). შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფიზიკურ პირზე რეალიზებული და საჯარო რეესტრით გადაფორმებული აქვს 6 საცხოვრებელი ბინა (590 კვ.მ) და 6 ავტოფარეხი (130კვ.მ) სულ 590 280 აშშ დოლარის ღირებულების ოდენობით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ პირს სრულად არ აქვს შესრულებული საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები. აღნიშნული დოკუმენტაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 160-ე, 162-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, ფიზიკური პირისთვის უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციაზე 2009 წლის 7 აგვისტომდე განსაზღვრული საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გამოყენების თაობაზე, განმარტა, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან შპს „-------“ 2021 წლის 16 დეკემბერს განახორციელა მის საწესდებო კაპიტალში, დამფუძნებლის - შპს „-------“ მიერ შეტანილი უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილით დღგ-ით არ იბეგრება 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისთვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ში დავის საგანს წარმოადგენს საწარმოს მიერ მშენებარე ბინების რეალიზაციის ნაწილში დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხები. საჩივარს თან ერთვის ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ------- 2015 წლის 14 სექტემბრის კრების ოქმი ნოტარიულად დადასტურებული, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ------- არის ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ------- წევრი. შესაბამისად მის მიერ შპს ------- ქონების მიწოდების შემდეგ შპს ------- ავტომატურად გახდა ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ------- წევრი. ხოლო თავის მხრივ შპს ------- როგორც შპს ------- 100% წილის მფლობელმა მშენებარე ბინების შეიტანა შპს ------- კაპიტალში, შესაბამისად შპს ------- სასამართლოში არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკით გახდა ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ------- წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოზე ვრცელდება 2009 წლის 07 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები, რაც განმარტებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, შპს ------- და ------- საქმეებზე. კერძოდ, საჩივარს თან ერთვის ანალოგიურ საკითხზე მიღებული უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის (საქმე ------- განჩინება, ------- საქმეზე, სადაც იდენტურად არის განმარტებული 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის საკითხი, უფრო მეტიც უზენაესი სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ არის მითითება უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის საქმე №------- განჩინებაზე (------- საქმეზე) , რომლის შესაბამისად: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის წილი არ არის აბსტრაქტული ცნება და შეიძლება გამოხატული იყოს კონკრეტული ქონებით. ბინათმშენებლობის ამხანაგობის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფართი ასაშენებელ უძრავ ქონებაში, სამომავლო ქონება ან უკვე დასრულებული ინდივიდუალურ ად განსაზღვრული ნივთი (ბინა, ავტოფარეხი და ა.შ.) ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამხანაგობის წევრებმა შეიძლება, განახორციელონ წილების გადანაწილება, მაგრამ ამგვარი განაწილება ვერ მიიჩნევა ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღებად, მანამ, სანამ მიღწეული არ არის ერთობლივი საქმიანობის მიზანი და ამხანაგობა აგრძელებს არსებობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამხანაგობიდან წილის გასხვისება შეუძლია მხოლოდ მის წევრს, ხოლო ამხანაგობა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ვერ შეძლებს მისი წევრების კუთვნილი წილის გასხვისებას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამხანაგობაში შენატანები და ამ შენატანების საფუძველზე შეძენილი ქონება წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. შესაბამისად ამხანაგობის ნებისმიერი აქტივი, მათ შორის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ქონება არის მისი წევრების საერთო საკუთრება. ამხანაგობის წევრებს, რომელთაც გააჩნიათ წილობრივი საკუთრება ამხანაგობაში, შეუძლიათ განკარგონ წილი თავისი სახელით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამხანაგობის წილის გასხვისებისას, შემძენი ხდება ამხანაგობის წევრი და ამ წილის ფარგლებში იღებს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე უფლებამოვალეობებს, ამასთან იგი ამხანაგობის მონაწილეა წილის შეძენის საფუძველზე, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება გაწევრიანებასთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტი არ შედგეს. ის გარემოება, რომ ამხანაგობის ნებისმიერი აქტივი, მათ შორის საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონება არის ამხანაგობის წევრების საერთო საკუთრება, დასტურდება ასევე კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის საქმე №------- განჩინებით (გვედი 18) და უკვე ------- საქმეზე მიღებული უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 ივნისის (საქმე ------- განჩინებით, რომელშიც განმარტებულია, რომ ამხანაგობის წევრები გაიგივებულნი არიან ამხანაგობასთან. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ემსჯელა ერთადერთ საკითხზე, რომ თუ ამხანაგობის წევრის მიერ ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, არაამხანაგობის წევრზე (------- საქმეზე მიღებული უზენაესი სასამართლოს განჩინება) არ იბეგრება დღგ-ით, მაშინ ბუნებრივია სადავო შემთხვევაშიც რეალიზებული ბინები ასევე არ უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისთვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა დღგ-ითა და მოგების გადასახადით არ იბეგრება.

შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 დეკემბრის კრების ოქმის საფუძველზე შპს „-------“ მიერ განხორციელდა შპს „-------“ საწესდებო კაპიტალში (ე.წ. შავი კარკასის სტანდარტით) უძრავი ქონებების შეტანა, შემდეგი მახასიათებლებით: -------, ------- 6 საცხოვრებელი ბინა (932,5 კვ.მ) და 6 ავტოფარეხი (130,1 კვ.მ). შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფიზიკურ პირზე რეალიზებული და საჯარო რეესტრით გადაფორმებული აქვს 6 საცხოვრებელი ბინა (590 კვ.მ) და 6 ავტოფარეხი (130კვ.მ) სულ 590 280 აშშ დოლარის ღირებულების ოდენობით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ პირს სრულად არ აქვს შესრულებული საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, იზიარებს შემოსავლების სამსახურის არგუმენტს და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში მომჩივანმა 2021 წლის 16 დეკემბერს განახორციელა საწესდებო კაპიტალში, დამფუძნებლის - შპს „-------“ მიერ შეტანილი უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დღგ-ით არ იბეგრება 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისთვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დასახელებული ნორმა სადავო შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების (ბინები და ავტოფარეხები), რომლის შესაბამისი დაბეგვრა და დეკლარირება არ მოუხდენია, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნული უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის შესახებ მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ფიქტიური ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22834 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად 2025 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და არ არის წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მყიდველების მიერ უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურება ძირითადად ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა რამდენიმე შემთხვევისა, რაც ჩაითვალა ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილად (ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ნასყიდობის თანხა დაფარულია სრულად). ამასთან, საბანკო დაწესებულებიდან ანგარიშვალდებული პირის, -------, მიერ საქვეანგარიშოდ გამოტანილია თანხა (2000 ლარი) რაზეც არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელმაც 2025 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 169 313 ლარი, გამოვლენილია ფიქტიური ფულის ნაშთი (169313-0) 169 313 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, ფიქტიური ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე და ანგარიშვალდებულ პირზე, -------, გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე სახელშეკრულებო ფასის 2022 წლამდე პერიოდში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საწარმოს შემოწმების მიმდინარეობისას და აღნიშნული საკითხის გასაჩივრებისას არ წარუდგენია დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა გაყიდული ბინების ღირებულების ნაწილის 2022 წლამდე პერიოდში გადახდის ფაქტი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხული თანხები უკანონოა, ვინაიდან რეალიზებულ ბინებზე თანხების გადახდა ნაწილობრივ ხდებოდა 2022 წლამდე პერიოდში, კერძოდ წინარე ხელშეკრულებების საფუძველზე, (როგორც ეს ზოგადად არის მიღებული მშენებლობის სფეროში). შესაბამისად სალაროს ნაშთი უნდა შემცირდეს 2022 წლამდე გადახდილი თანხებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22834 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად 2025 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და არ არის წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მყიდველების მიერ უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურება ძირითადად ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა რამდენიმე შემთხვევისა, რაც ჩაითვალა ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილად (ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ნასყიდობის თანხა დაფარულია სრულად). ამასთან, საბანკო დაწესებულებიდან ანგარიშვალდებული პირის, -------, მიერ საქვეანგარიშოდ გამოტანილია თანხა (2000 ლარი) რაზეც არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელმაც 2025 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 169 313 ლარი, გამოვლენილია ფიქტიური ფულის ნაშთი 169 313 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ფიქტიური ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განცხადებით, რეალიზებულ ბინებზე თანხების გადახდა ნაწილობრივ ხდებოდა 2022 წლამდე პერიოდში, კერძოდ წინარე ხელშეკრულებების საფუძველზე, (როგორც ეს ზოგადად არის მიღებული მშენებლობის სფეროში). შესაბამისად სალაროს ნაშთი უნდა შემცირდეს 2022 წლამდე გადახდილი თანხებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას, ზემოთ დასახელებული დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ფიქტიური ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.