გადაწყვეტილება №20392/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20392/2/2023
04 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20392/2/2023).
დავის საგანი:
1. ჯართის შეძენების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №249-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17647 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 084 001 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 603 649
მოგების გადასახადი - 3 490
საშემოსავლო გადასახადი - 2 600 159
ჯარიმა - 1 301 925
საურავი - 178 427
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების შეძენა-რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №22097 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №12490 ბრძანება და №249-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 4 084 001 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 21 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივლისის №17647 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ჯართის შეძენების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი შეძენების დიდ ნაწილს ახორციელებს ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. მის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. საგადასახადო ორგანო სრული შეძენების დასადგენად დაეყრდნო მომჩივნის მიერ წარდგენილ სპეციალურ ჟურნალებში არსებულ ინფორმაციას სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვრა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.
აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართის ღირებულებამ შეადგინა 12 213 280 ლარი, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333, 154-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნა-განმარტებებისა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის, ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები, რომლებიც შესწავლილი და დამუშავებულ იქნა შემოწმების მიერ, შედგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილები და ის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ იყო ასახული ჟურნალებში, გათვალისწინებულ იქნა შეძენების სრული ანგარიშის შედგენისას. შემოწმება საქონლის მოძრაობის ანგარიშის შედგენისას სრულად დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ რეალიზაციებს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სპეციალურ ჟურნალებში შეძენები არ არის ასახული სრულად. ამასთან, სრული შეძენების დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ სპეციალურ ჟურნალებსა და შესყიდვის აქტებში, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, შემოწმებამ ხარჯები განსაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით მსგავსი საქონლის შეძენაზე საწარმოს შეძენებიდან დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, აღნიშნული განპირობებულია საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და არც ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალებში იყო შეტანილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევა და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე, რომლის შეძენაც არ არის დაფიქსირებული ჟურნალებში, შესყიდვის აქტებში და ელექტრონულ დოკუმენტაციაში, შემოწმებით გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256, ხოლო ხარჯების განსაზღვრისთვის შემოწმებით გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ იგივე პერიოდში ანალოგიურ საქონელზე დოკუმენტალური შეძენის მინიმალური ფასები. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილისა და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხების გაანგარიშება. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულმა ხარჯმა შეადგინა 12 213 280 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (3%). უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც საქონელი იყო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. თუ შემმოწმებლის ლოგიკას გავიზიარებთ და ვიტყვით, რომ ხარჯი არსად არ არის დაფიქსირებული, მაშინ ელემენტალურად ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი ჯართი არის შეძენილი მაინცდამაინც ფიზიკური პირისგან? ბუნებრივია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემმოწმებელს ვერ ექნება, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთი მთლიანად არის შემმოწმებელზე, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით. ასევე, შესყიდვის აქტების საფუძველზე ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი არ უნდა ყოფილიყო გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგრილი, ვინაიდან თუ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, მაშინ გაუგებარია შესყიდვის აქტით შეძენილი, რომელსაც იგივე სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და იგივენაირად არის ხარჯის დოკუმენტი, ისევე როგორც მაგალითად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რატომ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან? ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილ საქონელს დასტურდება იმით, რომ აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჯართის შეძენას, ანუ გამოდის, რომ ზედნადებით შეძენილ ჯართზე გადასახადი უნდა დაუკავოს გადამხდელმა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილზე, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გადასახადი უნდა დაუკავოს, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ასევე გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული შემოწმებით გადამხდელის მიერ იგივე პერიოდში ანალოგიურ საქონელზე დოკუმენტალური შეძენის მინიმალური ფასები. აღნიშნულ ნაწილში ასევე შესასწავლია თუ რამდენად სწორედ დაადგინა შემმოწმებელმა იდენტური საქონელი და რატომ არ გამოიყენა საშუალო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.
წარმოადგენს გაუქმებულ ზედნადებებს (არასრული სია), რომელიც არის შემოწმებით ჩათვლილი რეალიზაციაში. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ზედნადებებს არ ჰქონდა დასრულებული სტატუსი, ვინაიდან საქონელი არ იყო მიწოდებული. შესაბამისად, ითხოვს გათვალისწინებული იქნეს გაუქმებული ზედნადებები, რომლებიც გაუქმდა შემოწმების შემდგომ, თუმცა გამოიწერა შემოწმების პერიოდში და შემოწმებით ჩაითვალა რეალიზებულად და მოხდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17647 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, მართებულია აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით.
საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეწონილია ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები შეისწავლოს/შეაფასოს ექსპერტიზამ, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჯართის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები შესწავლილია სათანადოდ და მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. კომპანიის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები (11 158 837 ლარი), რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნაგანმარტებებისა. ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები ამოღებულ იქნა საგამოძიებო ორგანოს მიერ და გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონლის შეძენა ძირითადად ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, რაზეც ბუნებრივია არ იწერება ელ. დოკუმენტი და აღნიშნული შეძენები აღრიცხულია შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში. შემოწმების შედეგად ელექტრონული ბაზის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული ის თანხები, 11 158 837 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ ფიქსირდება, შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გაუგებარია თუ რა მონაცემის საფუძველზე დაადგინა შემმოწმებელმა (აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი) 11 158 837 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა საწარმოს არ უფიქსირდება, იმ პირობებში, როცა რეალიზებული (შემოსავლის) საქონლის ნაწილში, შემოწმებით დადგინდა დეკლარირებული მონაცემებისგან განსხვავებით მხოლოდ 313 482 ლარის სხვაობა. შემოწმებით დადგენილი არალოგიკური თანხა - 11 158 837 ლარი არის შემდეგი გარემოებების შედეგი:
1) შემოწმებით სრულად არ არის შესწავლილი/აღრიცხული შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები;
2) არასწორია დოკუმენტური შეძენებიდან ყველაზე მინიმალური ფასის აღება და მასზე სიტუაციური სახელმძღვანელოს 0256 მიყენება;
3) არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება შემოსავლის აღრიცხვა და ხარჯის დამალვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემმოწმებელს სრულყოფილად არ აქვს შესწავლილი (როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯის ნაწილში, მათი მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები. კერძოდ, შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული შემოწმების პროცესში წარდგენილი შესყიდვის აქტები. შემოწმებით ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის შესყიდვის აქტები, რომლებშიც მეორდება გამყიდველ ფიზიკურ პირთა გვარი, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან ჯერ ერთი შესყიდვის აქტებს აქვს სხვადასხვა თარიღი და მეორე არავის არ აუკრძალავს, რომ ერთიდაიგივე პირმა ჯართი რამდენჯერმე ჩააბაროს. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები - 11 158 837 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ წარდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმების შემდგომ გაუქმებულია რეალიზაციის ზედნადებები. შესაბამისად, აღნიშნული არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ სასაქონლო ზედნადებების გაუქმება გავლენას ახდენს დარიცხვაზე, გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17647 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ სასაქონლო ზედნადებების გაუქმება გავლენას ახდენს დარიცხვაზე, გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ჯართის შეძენების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნა-განმარტებებისა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის, ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები, რომლებიც შესწავლილი და დამუშავებულ იქნა შემოწმების მიერ, შედგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილები და ის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ იყო ასახული ჟურნალებში, გათვალისწინებულ იქნა შეძენების სრული ანგარიშის შედგენისას. შემოწმება საქონლის მოძრაობის ანგარიშის შედგენისას სრულად დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ რეალიზაციებს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სპეციალურ ჟურნალებში შეძენები არ არის ასახული სრულად. ამასთან, სრული შეძენების დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ჟურნალებსა და შესყიდვის აქტებში, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, შემოწმებამ ხარჯები განსაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით მსგავსი საქონლის შეძენაზე საწარმოს შეძენებიდან დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.
2. საგადასახადო ორგანოს მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები - 11 158 837 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ წარდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმების შემდგომ გაუქმებულია რეალიზაციის ზედნადებები. შესაბამისად, აღნიშნული არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ სასაქონლო ზედნადებების გაუქმება გავლენას ახდენს დარიცხვაზე, გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 1333; 154(1„ა“); 275.