ბრძანება N 10011

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 10011
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10011

05.05.2023

შპს „---''ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 9 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის“ (ს/ნ---) №80270/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას და არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №011-1490 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 3 აპრილს მიიღეს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს --- წარმოადგენს უზბეკეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ კომპანიას. შპს --- საქართველოშიც ახორციელებს საქმიანობას. აღნიშნულის გამო, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული აქვს მუდმივი დაწესებულება. კომპანიამ 2023 წლის 24 იანვარს და 2023 წლის 22 მარტს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ზეპირი განმარტების საფუძველზე მიიღეს ინფორმაცია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევდა მუდმივი დაწესებულების სახელზე საბანკო ანგარიშის არარსებობას. შპს ---ს საქართველოში (კერძოდ სს თიბისი ბანკში) გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. აღნიშნული საბანკო ანგარიში გახსნილია უცხოური საწარმოს სახელზე, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მუდმივი დაწესებულება არ წარმოადგენს განცალკევებულ სუბიექტს (დამოუკიდებელ იურიდიულ პირს) და მას ძირითადი საწარმოსაგან დამოუკიდებლად არ შეიძლება ჰქონდეს საბანკო ანგარიში ან რაიმე სახის სხვა ქონება.

განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, საბანკო ანგარიშის ან ნებისმიერი სხვა ქონების რეგისტრაციის დროს რომელი საიდენტიფიკაციო კოდი მიეთითება. ნებისმიერ შემთხვევაში, ანგარიშის ან ქონების მფლობელად ითვლება უცხოური საწარმო. სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულია ძირითადი საწარმოს მიერ გახსნილი საბანკო ანგარიში მიიჩნიოს მუდმივი წარმომადგენლობის საბანკო ანგარიშადაც, რადგან მუდმივი დაწესებულება არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართალსუბიექტს და მოქმედებს მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის როლში.

მომჩივანი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც ---- ვერ ახერხებს კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციას, თუმცა, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გამო არ შეიძლება სუბიექტი დაზარალდეს და მის ქონებას დაედოს ყადაღა. თუ რომელიმე ბანკი კომპანიას გაუხსნის საბანკო ანგარიშს, სადაც ანგარიშის მფლობელად მითითებული იქნება მუდმივი დაწესებულება (--- საიდენტიფიკაციო კოდით), აღნიშნულით, მართალია, მოგვარდება ზემოაღნიშნული უსწორობა, თუმცა, საბანკო ანგარიშის მესაკუთრე იურიდიულად მაინც უცხოური საწარმო იქნება. მიმდინარე მომენტშიც იგივე სამართლებრივი მდგომარეობა აქვთ, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ახლაც არსებობს კომპანიისათვის კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

კომპანიას მიმდინარე მომენტში დასადასტურებელი აქვს დაახლოებით 138 ფაქტურა და 36 სპეც. ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც უნდა ჩაითვალოს 288 599.55 ლარის დამატებითი ღირებულების გადასახადი. დავალიანება, რომლის გამოც კომპანიის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა (23 225 ლარი) წარმოშობილია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით. იმ შემთხვევაში, თუ შპს ----ს მიენიჭება კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, კომპანიას არა თუ დავალიანება, არამედ ზედმეტობაც კი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 24 იანვარს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაეწერა „----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის“ (ს/ნ ---) განცხადება დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის მინიჭების შესახებ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამეტის მიერ 2023 წლის 6 თებერვალს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენელთან და მიეცა მითითება კომპანიის საბანკო ანგარიშის გახსნის აუცილებლობაზე. 2023 წლის 22 მარტს მომჩივანმა განმეორებითი განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის მინიჭების შესახებ, თუმცა კომპანიას ისევ არ ჰქონდა მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 4 აპრილს განხორციელდა წერილობითი პასუხი, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის N13617 ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, უუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის“ (ს/ნ---) დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის მინიჭება ვერ განხორციელდა.

აღნიშნულის თაობაზე 2023 წლის 4 აპრილს გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება. ვალის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით “----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის” (ს/ნ ---) 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 22870.92 ლარი, საურავი 343.06 ლარი.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ “----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის” (ს/ნ ---) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 3 აპრილის №011-1490 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

2023 წლის 26 აპრილის მდგომარეობით “----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის” (ს/ნ ---) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 25371.57 ლარი, საურავი 672.35 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011-1490 ბრძანების ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახე

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

კვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსის მოთხოვნის ნაწილში

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 56 1 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის N13617 ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, უუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მომჩივანი აღნიშნავს,რომ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის“ (ს/ნ---) დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის მინიჭება ვერ განხორციელდა.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ “----ის მუდმივი დაწესებულება საქართველოშის” (ს/ნ ---) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 3 აპრილის №011-1490 ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6) ; 238; 241 (9); 239 (9); 242; 265