ბრძანება N 32663
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32663
25 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------ (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 2 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 2 ნოემბრის №84602/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №001-237 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი მიუთითებს არცოდნაზე და ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 ივნისის №14497 ბრძანების საფუძველზე ი/მ -----ს (ს/ნ ------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 9 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25357 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 323 580 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 159 408 ლარი, ჯარიმა 79 704 ლარი და საურავი 84 468 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ------ს 2022 წლის 1 აპრილს შერჩეული პირისგან შპს „------გან“ (ს/ნ ----) შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის სრულად გამოყენება ან დაბრუნება გასს-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვერ დგინდება. ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შერჩეული პირის მიერ ------ზე გაცემული აქციზური მარკების გამოყენების და მის მიერ დაბრუნებული აქციზური მარკების შესახებ მონაცემები. მომსახურების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ -----ს გატანილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა. ამასთან, გატანილი აქციზური მარკების შერჩეული პირის ბაზაში აქტივაციის და გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებულია 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი. ვინაიდან -----ზე აქციზური მარკები გაცემულია 2022 წლის 1 აპრილს და მარკების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ მომხდარა გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება, ითვლება სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქევყნის შიგნით მიწოდებად და ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად გადამხდელს დაერიცხა აქციზი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;
გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის მიხედვით იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6- თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენს ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 აპრილს შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება. ამასთან, გადამხდელს 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებული აქვს 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქევყნის შიგნით მიწოდებად განხილვა და შესაბამისად აქციზით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიუთითებს არცოდნაზე და ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 აპრილს შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება. ამასთან, გადამხდელს 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებული აქვს 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელზე აქციზური მარკები გაცემულია 2022 წლის 1 აპრილს და მარკების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ მომხდარა გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება, ითვლება სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქევყნის შიგნით მიწოდებად და ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას. აღნიშნულის შედეგად გადამხდელს დაერიცხა აქციზი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 182(1"ბ"), 183, 185(1"ბ"), 192(7), 191 (1"გ").