გადაწყვეტილება №23808/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23808/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----ის 26.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23808/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №056-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17380 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 126 792 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 75 797
დღგ - 62 307
საშემოსავლო გადასახადი - 13 350
ქონების გადასახადი - 140
ჯარიმა - 37 013
საურავი - 13 982
ფაქტების აღწერა
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2004 წლის 30 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 29 აპრილს. მეწარმის საქმიანობაა ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ბავშვის ტანსაცმლის რეალიზაცია ე.წ. ----ს ბაზრობის ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3445 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე.
შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 15 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია მოთხოვნილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის ნაწილი. შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 707 393 ლარს დღგ-ის გარეშე. შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაციები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 89-ე მუხლების საფუძველზე და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №12490 ბრძანება და №056-25 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 126 792 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 30 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 ივლისის №17380 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 90-ე, 93-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი. შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმის სარეალიზაციო ფასნამატი (განხილულ იქნა კრიტერიუმები: დასაბეგრი ბრუნვა, ტერიტორიული ერთეული, საქონლის დასახელება და ხარისხი, იმპორტირებული საქონლის ოდენობა). გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, C---- საბაჟო დეკლარაციის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციაში არ ფიქსირდება საქონლის აფასება და იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეფასებულია 388 339,59 ლარად.
აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ინვოისის წარდგენა არ მომხდარა შემოწმების პროცესში. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო საბაჟო დეკლარაციას და ზემოაღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი 2022 წლის 1 იანვრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. აღნიშნული სტატუსით მოსარგებლე პირები შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვისთვის ვალდებულნი არიან ისარგებლონ საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლით განსაზღვრული პრინციპებით. გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა ხორციელდება ძირითადად იმპორტის გზით. შესაბამისად, მეწარმის ყველა შეძენა დადასტურებულია დოკუმენტურად. „აღრიცხვის სპეციალური ჟურნალისთვის“ საჭირო მონაცემები მომჩივნის მიერ აღრიცხულია ექსელის ფაილებში. ამასთან, აუდიტორის მიერ არ მომხდარა კონკრეტულად „აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის“ მოთხოვნა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრულია მცირე ბიზნესის სტატუსით მოსარგებლე პირისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში შემოსავლები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გარდა აღნიშნული გარემოებისა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა. კერძოდ, 2023 წლის 25 აგვისტოს C--- საბაჟო დეკლარაციით (იხ. დანართი №3) საქონლის შემოტანისას საბაჟო ორგანოს მიერ ექსპერტიზის საფუძველზე აფასებულია საქონლის ღირებულება და შეფასებულია 388 339,59 ლარად, მაშინ როცა ინვოისით მისმა ღირებულებამ შეადგინა 122 315 ლარი (იხ. დანართი №4). შესაბამისად, არასწორად მოხდა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა (არასწორად არის განსაზღვრული შეძენები და საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ნაცვლად 110 188 ლარისა შემმოწმებელს განსაზღვრული აქვს 271 013 ლარი). გარდა აღნიშნული ფაქტისა, შემმოწმებლებს შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დადგენისას გამოყენებული აქვს აუდირებული მესამე პირის ფასნამატი - 64%. 2024 წლის 26 მარტს მომჩივნის ობიექტში ჩატარდა ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად მეწარმის ფასნამატმა შეადგინა 20% (იხ. დანართი 5). შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების მეთოდური მითითების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების განსაზღვრისას პირველ რიგში გამოიყენება გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციისას დადგენილი ფასნამატი, შემდგომ მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატი და მხოლოდ შემდგომ აუდირებული მესამე პირის ფასნამატი. მომჩივანთან ჩატარდა ინვენტარიზაცია და თავისუფლად შეიძლება ფასნამატის განსაზღვრა და მისი გამოყენება. გარდა ამ გარემოებებისა, მეწარმის პირადი გამოცდილებით, აუდიტის დეპარტამენტში მოიპოვება ---ში მოვაჭრე პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც რევიზიის შედეგად ფასნამატი განესაზღვრათ 40%. შესაბამისად, გაუგებარია რატომ მოხდა მაინც და მაინც 64%-იანი ფასნამატის გამოყენება.
მომჩივნის მოთხოვნაა სამართლებრივი საფუძვლების არქონის გამო მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში არ მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შემოსავლების განსაზღვრისთვის, ხოლო დანარჩენ პერიოდში შემოსავლების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. როდესაც დავის განმხილველი ორგანო მიუთითებს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ზოგად პრინციპებზე, რატომღაც არ განიხილავს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს და რომელსაც პირნათლად იცავს მეწარმე.
შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია თუ აღნიშნული მუხლის რომელი მოთხოვნა არ დაიცვა მომჩივანმა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არაარგუმენტირებულია და არასწორია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ იგი დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის ზეპირ განმარტებას და უგულვებელყოფილია ფაქტობრივი დოკუმენტაცია, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართს სახით იყო წარდგენილი (საბაჟო დეკლარაცია, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ გამოყენებულია ექსპერტიზის ფასი; ინვოისი.) აღნიშნული მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურს არ შეუსწავლია და არ გამოუტანია გადაწყვეტილება მასზე დაყრდნობით. ასევე, გაუგებარია აუდიტორების განცხადება, რომ შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ინვოისი. აუდიტორების მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია წარდგენილია შემოწმების მიმდინარეობისას და ეს დასტურდება იქიდანაც, რომ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის არ არის დაკისრებული ჯარიმა.
გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიება შეეძლოთ არქივიდანაც, რომელიც შემოსავალების სამსახურში შედის და მარტივად მოხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება. ამასთან, მომჩივნის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმების საბოლოო შედეგების გავლა გადასახადის გადამხდელთან არ მომხდარა, უბრალოდ უთხრეს, რომ არაპირდაპირი მეთოდით აპირებდნენ შემოსავლების დადგენას, ხოლო კონკრეტული გაანგარიშებების გავლა არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პრინციპების დარღვევით, საჩივარი განიხილა გადასახადის გადამხდელის დასწრების გარეშე, მხედველობაში მიიღო მხოლოდ აუდიტორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა, სამართლებრივი საფუძვლების არქონის გამო მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში არ მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შემოსავლების განსაზღვრისთვის, ხოლო დანარჩენ პერიოდში შემოსავლების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და საქონლის იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. შესაბამისად, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვისთვის სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლით განსაზღვრული პრინციპებით. გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა ხორციელდება ძირითადად იმპორტის გზით. შესაბამისად, მეწარმის ყველა შეძენა დადასტურებულია დოკუმენტურად.
„აღრიცხვის სპეციალური ჟურნალისთვის“ საჭირო მონაცემები მომჩივნის მიერ აღრიცხულია ექსელის ფაილებში. ამასთან, აუდიტორის მიერ არ მომხდარა კონკრეტულად „აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის“ მოთხოვნა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრულია მცირე ბიზნესის სტატუსით მოსარგებლე პირისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში შემოსავლები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შემმოწმებლებს შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დადგენისას გამოყენებული აქვს აუდირებული მესამე პირის ფასნამატი - 64%. მომჩივნის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტში მოიპოვება ---ში მოვაჭრე პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც რევიზიის შედეგად ფასნამატი განესაზღვრათ 40%. შესაბამისად, გაუგებარია რატომ მოხდა მაინც და მაინც 64%-იანი ფასნამატის გამოყენება. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა. კერძოდ, 2023 წლის 25 აგვისტოს C--- საბაჟო დეკლარაციით საქონლის შემოტანისას საბაჟო ორგანოს მიერ ექსპერტიზის საფუძველზე აფასებულია საქონლის ღირებულება და შეფასებულია 388 339,59 ლარად, მაშინ როცა ინვოისით მისმა ღირებულებამ შეადგინა 122 315 ლარი.
შესაბამისად, არასწორად მოხდა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურს არ შეუსწავლია წარდგენილი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ მოხდა საქონლის ღირებულების აფასება და განმარტა, რომ აღნიშნული შეცვლის საქონლის თვითღირებულებას და გავლენას მოახდენს გავრცელებულ ფასნამატზე. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, მეწარმე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პრინციპების დარღვევით, საჩივარი განიხილა გადასახადის გადამხდელის დასწრების გარეშე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17380 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაციები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 89-ე მუხლების საფუძველზე და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 90; 93.