გადაწყვეტილება №20550/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20550/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ს 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20550/2/2023).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის №12668915 შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18085 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია მის მიერ წარდგენილი 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რომლის შედეგად ფიზიკური პირისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხები გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა როგორც ზედმეტად გადახდილი.
13.12.2022 წელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს ელექტრონულად წარდგენილი აქვს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (№11857735), რომელსაც თანდართული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და გადახდის ქვითარი. აღნიშნულთან დაკავშირებით 17.01.2023 წელს მომჩივანს გაეგზავნა შესაგებელი, კერძოდ გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ დაფიქსირებულია პოზიცია 19.07.2022 წლის №21-14/66195, 2.08.2022 წლის №21-14/71380 და 14.09.2022 წლის №21-14/85685 წერილებით. ასევე, განემარტა, რომ თანხის დასაბრუნებლად სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებშიც, ვინაიდან საგადასახადო აგენტის (სს ------ს) მიერ მომჩივნის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება, მისი დასაქმების შეზღუდვის პირობებში მიღებულ თანხებზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით არის შესრულებული, აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მომჩივნის მოთხოვნა ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების თაობაზე შეასრულოს გადასახადის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ფაქტობრივად იქნა განსაზღვრული ბიუჯეტში გადასახდელად საგადასახადო აგენტის მიერ.
16.05.2023 წელს მომჩივანმა განმეორებით წარადგინა (№12668915) „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ თანხის დაბრუნებაზე. აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით („მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები), კერძოდ 16.05.2023 წელს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დამატებითი ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლინდა, რაც გავლენას მოახდენდა საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახური, რომლის 26.07.2023 წლის №18085 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ 30.11.2020 წლამდე წარმოადგენდა სს ------ს თანამშრომელს. მან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა სს -----თან და დაიწყო მუშაობა სს ------ში. სს ------ ში მუშაობის დაწყების შემდგომ სს ------ მა აამოქმედა შეზღუდვა და გადაუხადა ხელშეკრულებით დადგენილი კომპენსაციის სახით 4 229,68 ლარი (6 თვის ხელფასი), რადგან მიუხედავად კომპენსაციის ჩარიცხვისა, მომჩივანმა სს ------ ში მუშაობა არ შეწყვიტა, სს ----- მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა დავალებოდა -------ს გადახდილი კომპენსაციის უკან დაბრუნება - დამატებით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპენსაციის დაკისრება. -------ს რაიონული სასამართლოს 30.11.2021 წლის გადაწყვეტილებით -------ს დაეკისრა სს ------ ს სასარგებლოდ კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის 5 350 ლარის დაბრუნება. ამ თანხაში შედიოდა ის თანხა, რაც რეალურად მიიღო მომჩივანმა კომპენსაციის სახით (საბანკო ამონაწერი) და ის თანხაც, რაც მას რეალურად არ მიუღია და სს ------ მა როგორც საგადასახადო აგენტმა, მოახდინა გადახდის წყაროსთან შემოსავლის დაკავება და შესაბამისი თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა - ჯამში 1 120,32 ლარი. ------ს რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოცემულ გადარიცხვას არ გააჩნდა საფუძველი მოახდინა ამ გადარიცხვის ანულირება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. შესაბამისად, ვინაიდან მოხდა ტრანზაქციის გაუქმება და თანხა დაუბრუნდა სს ------ ს, არ არსებობს საშემოსავლო გადასახადის გადახდის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა უსაფუძვლოდ გამდიდრება. აქედან გამომდინარე, რადგან გადასახადი გადაიხადა სს ------- მა, მას, როგორც საგადასახადო აგენტს უნდა მოეთხოვა კორექტირებული დეკლარაციით ბიუჯეტში უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება, მომჩივანს კი მხოლოდ ის ნაწილი უნდა დაებრუნებინა -------თვის, რაც მას რეალურად ჩაერიცხა. ამით სს ----- სრულიად აინაზღაურებდა იმ თანხას, რაც მან გასცა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის წერილით (№-----; შტრიხკოდი -----) და შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18085 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა გადახდილი თანხის დაბრუნებაზე - 13.12.2022 წელს წარდგენილი №11857735 „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“, რაც უსაფუძვლოა.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლზე და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2.04.2013 წლის გადაწყვტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალიწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
ზემოაღნიშნული ბრძანების 135 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმის გამო, რომ მოთხოვნაზე არ იყო დართული ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები (თუ რა დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება ჰქონდა აღნიშნული არ არის მითითებული და გაუგებარია) და 16.05.2023 წელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე წარდგენილი დოკუმენტაციით დამატებითი ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლინდა. ეს წერილი დაუსაბუთებელია, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
სადავო აქტში ზოგადი მითითება მასზედ, რომ „დამატებითი ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლინდა“ ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების სტანდარტად, რამეთუ გამოცემული აქტი არის ყოვლად დაუსაბუთებელი და ფორმალურად მიღებული, არ ირკვევა კონკრეტულად რა სახის მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო, ანუ კანონით გათვალიწინებული რა სახის კონკრეტული დოკუმენტი უნდა წარედგინა (135 მუხლი - მოთხოვნაზე არ არის დართული ამ თავით გათვალიწინებული დოკუმენტები), არ არის მითითებული, შესაბამისად დაინტერესებული პირისთვის არ არის ცნობილი თუ რა კონკრეტული სახის დოკუმენტი უნდა იქნას წარდგენილი? (საგადასახადო მოთხოვნა, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული ბრძანება, წარდგენილი იყო).
ზემოაღნიშნული ჩანაწერი კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერთან - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალიწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
დადგენილია, რომ მომჩივნისთვის დასაქმების შეზღუდვის პერიოდში ჩარიცხულ თანხებს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, სს ----- ს მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, არ წარმოშობილა არც კომპენსაციის გადახდის და არც მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წინაპირობა. მეტიც, სს ------ , როგორც საგადასახდო აგენტი უფლებამოსილია, საფუძვლის გარეშე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნოს შემოსავლების სამსახურიდან კორექტირებული დეკლარაციის წარდგენის გზით. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მომჩივანი არ წარმოადგენს მოთხოვნის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. სს ----- ს მიერ ჩარიცხულ თანხებს საფუძველი არ გააჩნია.
გამოცემული აქტი ასევე არის დაუსაბუთებელი, რამეთუ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოკვლევისა და აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობას და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.2014 წლის გადაწყვტილება №ბს-246-243(კ-14) საქმეზე).
საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებული იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვტილების იურიდული შედეგს და არა პირიქით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მაყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლებო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა აუცილებელი ადრესატისთვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვტილებას, რასაც დასაბუთების გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილოება უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას. დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.11.2023 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი იმპორტირებული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე მიუთითებს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხის გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა/დასაბუთება განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:
გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 13.12.2022 წელს წარდგენილ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ მომჩივანს წარედგინა 17.01.2023 წლის შესაგებელი და მიეთითა, რომ თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ დაფიქსირებულია პოზიცია 19.07.2022 წლის №21-14/66195, 2.08.2022 წლის №21-14/71380 და 14.09.2022 წლის №21-14/85685 წერილებით. ასევე, თანხის დასაბრუნებლად სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებშიც, ვინაიდან საგადასახადო აგენტის (სს ----- ს) მიერ მომჩივნის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება, მისი დასაქმების შეზღუდვის პირობებში მიღებულ თანხებზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით არის შესრულებული, აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მომჩივნის მოთხოვნა ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების თაობაზე შეასრულოს გადასახადის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ფაქტობრივად იქნა განსაზღვრული ბიუჯეტში გადასახდელად საგადასახადო აგენტის მიერ. 16.05.2023 წელს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დამატებითი ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლინდა, რაც გავლენას მოახდენდა თანხის დაბრუნებაზე.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია მის მიერ წარდგენილი 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რომლის შედეგად ფიზიკური პირისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხები გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა როგორც ზედმეტად გადახდილი. 13.12.2022 წელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს ელექტრონულად წარდგენილი აქვს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც თანდართული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და გადახდის ქვითარი. აღნიშნულთან დაკავშირებით 17.01.2023 წელს მომჩივანს გაეგზავნა შესაგებელი, კერძოდ გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ დაფიქსირებულია პოზიცია 19.07.2022 წლის №21-14/66195, 2.08.2022 წლის №21-14/71380 და 14.09.2022 წლის №21-14/85685 წერილებით. ასევე, განემარტა, რომ თანხის დასაბრუნებლად სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებშიც, ვინაიდან საგადასახადო აგენტის მიერ მომჩივნის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება, მისი დასაქმების შეზღუდვის პირობებში მიღებულ თანხებზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით არის შესრულებული, აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მომჩივნის მოთხოვნა ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების თაობაზე შეასრულოს გადასახადის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ფაქტობრივად იქნა განსაზღვრული ბიუჯეტში გადასახდელად საგადასახადო აგენტის მიერ.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1), 65(2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანება.