ბრძანება N 26168
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26168
24 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 1 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 1 სექტემბრის №148682/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №025-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ კომპანიამ 2017 წელს შეიძინა ვაშლის გადამამუშავებელი მთლიანი ხაზი, რომელიც არ დამონტაჟებულა და მისი ცალ-ცალკე მონტაჟი ან რაიმეში გამოყენება შეუძლებელი იყო. მთლიანი ხაზი განსაზღვრული იყო შემდგომი რეალიზაციისთვის და ეძებდნენ პარტნიორ კომპანიას, რომელსაც მიჰყიდდნენ. შესაბამისად, აღნიშნული ქონება არ გამოყენებულა ეკონომიკურ საქმიანობაში და მასზე ქონების გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია;
2. არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ მიწა, რომელიც შემოწმებით დაიბეგრა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რეალურად წარმოადგენს სასოფლო სამეურნეოს და კომპანიას დაბეგრილი აქვს. ხოლო რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადს, გარდა იმისა, რომ კომპანია თავად იხდიდა გადასახადს, 2020 წელს მოხდა მიწის გასხვისება და მასზე გადასახადის გადახდა ევალება ახალ მესაკუთრეს;
3. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას, კერძოდ, სალაროდან გადახდილად ნაჩვენები თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ დირექტორს კომპანიის განვითარებისთვის შემოჰქონდა თანხები და კომპანიას გააჩნია მის წინაშე ვალდებულება. ასევე აღნიშნავს, რომ 2023 წელს დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება, რომლითაც დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს ჰქონდა მცდელობა მიეთვისებინა ვაშლის სუბსიდირების თანხა. აღნიშნულზე, სასამართლომ დამნაშავე პირს მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სახელმწიფოსგან სუბსიდიის თანხის მოთხოვნა გაუქმდა კომპანიის მიერ და თანხა არ ჩარიცხულა, შესაბამისად, დირექტორი ამ თანხას ვერ აიღებდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №9197 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 აგვისტოს №18993 ბრძანება და 3 აგვისტოს №025-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 130 892 ლარი, მათ შორის, გადასახადი 83 317 ლარი, ჯარიმა 35 654 ლარი და საურავი 11 921 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილის და ბოსტნეულის წვენებისა და კონსერვების, ასევე, ვაშლის კონცენტრატის წარმოება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ასევე უფიქსირდება მინის ტარის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტის გზით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, შპს „-------------“ ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე.
1. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით გაანგარიშებულ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) 2020-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა სხვაობები 2020-2022 წლებზე გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და შემოწმების შედეგად დადგენილ დასაბეგრ ბაზას შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაიზარდა მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და პირველადი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
„---------“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 აგვისტოს №1567 განკარგულების საფუძველზე 2022 წლის 8 სექტემბერს ა(ა)იპ ------- და შპს „-----------“ შორის გაფორმდა „-----------“ ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „----------“ ფიზიკური პირებისაგან შეიძენდა არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.24 ლარად, რაზეც სახელმწიფო გასცემდა სუბსიდიას ერთ კილოგრამ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობით. გამოძიებით დადგინდა, რომ საწარმოში ხდებოდა უკვე ჩაბარებული ვაშლის განმეორებით ჩაბარება, რათა ხელოვნურად გაზრდილიყო საწარმოს მიერ მიღებული ვაშლის მოცულობა და შესაბამისად, სახელმწიფოსაგან მიღებული სუბსიდიის თანხა. კერძოდ, 2022 წლის 08 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფიქსირდება შპს „----------“ მიერ 5 253 925 ლარის ღირებულების
21 389 990 კგ არასტანდარტული ვაშლის (1 კგ-ზე 0.245 ლარი საშუალოდ) შეძენა, რომელიც მოიცავს 520 შემთხვევაში სხვადასხვა მარკისა და ტევადობის სატრანსპორტო საშუალებით 880 000 კგ განმეორებით ჩაბარებულ ვაშლს, შესაბამისად, კომპანიის მიერ ბუღალტრულად ნაჩვენები 21 389 990 კგ ვაშლიდან, რომლის ღირებულებაც ფიზიკური პირებისათვის გადახდილია სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროდან, 880 000 კგ ვაშლის შეძენა არის ფიქტიური და მის შესაძენად კომპანიის სალაროდან გატანილი თანხა არ მოხმარებია საქონლის შეძენას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 2022 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „----------“ (ს/კ----------) მიერ ფიქტიურად შეძენილად აღრიცხულ 880 000 კგ არასტანდარტული ვაშლის შეძენაზე სალაროდან გადახდილად ნაჩვენები თანხა 216 150 ლარი (880 000 კგ * 0,245 ლარზე) შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და აღნიშნული განაცემი 270 188 ლარის (216 150/0.8) ოდენობით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად:
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით გაანგარიშებულ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის, რის შედეგადაც, (გაიზარდა) 2020-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 1 713 881 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2017 წელს 447 849 ლარად შეძენილი საწარმოო ხაზი გადამხდელს აღრიცხული ჰქონდა ძირითად საშუალებად „2150“ ანგარიშზე. ამასთან, რეალიზაცია არ განხორციელებულა 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა 2020-2022 წლებზე გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და შემოწმების შედეგად დადგენილ დასაბეგრ ბაზას შორის. შედეგად, გაიზარდა მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების გადასახადს მიწაზე და აცხადებს, რომ მიწა, რომელიც შემოწმებით დაიბეგრა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რეალურად წარმოადგენს სასოფლო სამეურნეოს. საჩივარზე თანდართულია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (სამ მიწის ნაკვეთთან მიმართებით).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ ამონაწერებში მითითებული მიწები შემოწმების მიერ დაბეგრილია, როგორც სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა და გადამხდელის არგუმენტი აღნიშნული მიწების არასასოფლოსამეურნეო მიწებად დაბეგვრასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2022 წლის 8 სექტემბერს ა(ა)იპ---------- და შპს „---------“ შორის გაფორმდა „-----------“ ხელშეკრულება №----------, რომლის თანახმად 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „-----------“ ფიზიკური პირებისაგან შეიძენდა არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.24 ლარად, რაზეც სახელმწიფო გასცემდა სუბსიდიას ერთ კილოგრამ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საწარმოში ხდებოდა უკვე ჩაბარებული ვაშლის განმეორებით ჩაბარება, რათა ხელოვნურად გაზრდილიყო საწარმოს მიერ მიღებული ვაშლის მოცულობა და შესაბამისად, სახელმწიფოსაგან მიღებული სუბსიდიის თანხა. კერძოდ, კომპანიის მიერ ბუღალტრულად ნაჩვენები 21 389 990 კგ ვაშლიდან, რომლის ღირებულებაც ფიზიკური პირებისათვის გადახდილია სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროდან, 880 000 კგ ვაშლის შეძენა არის ფიქტიური და მის შესაძენად კომპანიის სალაროდან გატანილი თანხა არ მოხმარებია საქონლის შეძენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიქტიურად შეძენილად აღრიცხულ 880 000 კგ არასტანდარტული ვაშლის შეძენაზე სალაროდან გადახდილად ნაჩვენები თანხა განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის შეძენისას კომპანია სალაროდან ფარავდა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი ვაშლის ღირებულებას, რის შემდგომაც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ უნდა განხორციელებულიყო სუბსიდიის ჩარიცხვა. შემოწმებით განხორციელდა სალაროდან გადახდილი თანხების დაბეგვრა. ამასთან, სუბსიდიის თანხის ჩარიცხვა სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №-----------საქმეზე, შპს „----------“ ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაგამოყენების და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე და არა იმის გამო, რომ კომპანიამ გააუქმა სუბსიდიის თანხის მოთხოვნა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით გაანგარიშებულ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა. ასევე პირველადი დოკუმენტაციისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა სხვაობები 2020-2022 წლებზე გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და შემოწმების შედეგად დადგენილ დასაბეგრ ბაზას შორის.გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა.
შპს-მ ფიზიკური პირებისაგან შეიძენდა არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.24 ლარად, რაზეც სახელმწიფო გასცემდა სუბსიდიას ერთ კილოგრამ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობით. გამოძიებით დადგინდა, რომ საწარმოში ხდებოდა უკვე ჩაბარებული ვაშლის განმეორებით ჩაბარება, რათა ხელოვნურად გაზრდილიყო საწარმოს მიერ მიღებული ვაშლის მოცულობა და შესაბამისად, სახელმწიფოსაგან მიღებული სუბსიდიის თანხა. შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1ა);202(1);205;203(1ა);204(1);73(9);101(1);154(1ა);