საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/348-20

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2022
№ დოკუმენტი 3/348-20
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/348-20

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.02.2022

ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი ლანა ნეფარიძე

მოსარჩელე შპს ,,-----"

მოპასუხე - ------

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - -----

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი,2020 წლის 04 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB-----,1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 07 სექტემბრის 26462 ბრძანება;

 

სარჩელის თანახმად, შპს ,,-----"-ის მიერ 2020 წლის 21 ივლისს 17:46:15 წუთზე შემოსავლების სამსახურის პორტალზე აიტვირთა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ნომრით ------. დოკუმენტში სრულად იქნა შეტანილი ტრანსპორტირებისა და მისი გადაზიდვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო მონაცემები. მიწოდებული იქნა 16.4 მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე მასალა. ღირებულებით 9918 ლარი. ასევე ზედნადებში მითითებული იქნა აღნიშნული ხე-ტყის მასალის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადები N------, N------, N------, ამის მიუხედავად შემოსავლების სამსახურმა მაინც გამოწერა სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB------.

აღნიშნული ტვირთის შემოწმება მოხდა სატყეო სააგენტოს მიერ. მათ დაათვალიერეს, აზომეს აღნიშნული მასალა და ზუსტად შეესაბამებოდა ზედნადებში მითითებულ რაოდენობას და ჯიშშს. მიუხედავად ამისა აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა შემოსავლების სამსახურს. სადაც გამოირკვა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზედნადები იყო სწორად შევსებული, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ მომწოდებლის მიერ არ იყო ხე ტყის წარმოშობის დოკუმენტი სწორად ატვირთული შესაბამისად პორტალზე. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ უნდა აგოს პასუხი მომწოდებლის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, ეს ყოველივე ლახავს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებას.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა შპს -----ს საერთოდ არ ეხება ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილ საბუთში, ზედნადებში ყველა მონაცემი არის სწორად წარდგენილი, ასევე კანონის სრული დაცვით არის ის ზედნადების ნომრები წარდგენილი, რომლითაც შეისყიდა აღნიშნული მასალა. ამ შემთხვევაში მოსარჩელე არის დაზარალებული.

ოქმები შედგენილ იქნა ფაქტის გამოვლენიდან 4 თვის შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელისათვის მოპასუხეს არავითარი წერილობითი ვალდებულება არ დაუკისრებია, არც გადასახდელი თანხა, არც ჯარიმა, არც გაფრთხილება და ასე მოულოდნელად 4 თვის შემდეგ მოხდა მისი დაჯარიმება და დავალდებულება წარუდგინოს მოპასუხეს კუთვნილი ნივთები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაექვემდებარება დამატებით საჯარიმო სანქციებს, რაც არის ყოვლად აბსურდული.

მოსარჩელე არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას შპს -----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ივლისს (17:46:15 სთ) შპს ------მა შპს -------ისაგან შეიძინა 9918 ლარის ღირებულების ხე-ტყე - ძელაკი და ფიცარი.

დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ შპს -------აგან შეიძინა 4950 ლარის, 550 ლარის და 3580.50 ლარის ღირებულების ხე-ტყე- ფიცარი და ძელაკი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები Nელ-----, Nელ-----, Nელ-----,Nელ-----,;

3.1.2. დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2020 წლის 21 ივლისს გადამოწმებული იქნა ----- ------ის მართვის ქვეშ მყოფი „MERCEDES“-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით -----, რომელიც ახორციელებდა შპს „----ის“ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას.

მოპასუხის მტკიცებით, სასაქონლო ზედნადების პროდუქციის სიაში მითითებულია შვიდი ერთეული ცნობა მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხ საამქროდან გატანის შესახებ, ზედნადების მე-20 გრაფაში მითითებულია სამი ერთეული ზედნადების ნომერი N ელ ------, Nელ-----, და Nელ-----, რომლების გადამოწმებით ვერ დადგინდა ხე-ტყის წარმოშობის კანონიერება და შესყიდვის კანონიერება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით გადამოწმდა აღნიშნული ფაქტი და დადგინდა, რომ ----- ------ ახდენდა შპს „------ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი - შპს „------აგან“ შეძენილი საქონლის (11480 ლარის საბაზრო ღირებულების 16.4 მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე.

ხის მასალაზე გააქტიურებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ელ ------. თუმცა თავის მხრივ, შპს "-----ის' მიერ გამოწერილი აღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 გრაფაში (მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი ან ნომერი) მითითებული Nელ -----, Nელ -----, და Nელ -----, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების გადამოწმებით ვერ დადგინდა ხე-ტყის წარმოშობის კანონიერება და შესყიდვის კანონიერება კერძოდ, Nელ -----, და Nელ -----, ზედნადებებში მითითებული ინფორმაცია არ უკავშირდებოდა შპს "-----ის" მომწოდებელ კომპანია შპს "----‘’-ის, ხოლო N ელ - ------ზედნადებში მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი ან ნომერი საერთოდ არ იყო მითითებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივლისის მიმართვა.

- სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი;

- მიღება-ჩაბარების და დალუქვის აქტი;

3.1.3. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 03 აგვისტოს M-----/07/20 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იქნა წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის რაოდენობა და ღირებულება, რომლის თანახმად, 16,4 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის საბაზრო ღირებულება შეადგენს 11480 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა;

3.1.4. 2020 წლის 04 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს -----ის მიმართ შედგა NCB 1100356 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-32. ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 10000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- NCB 1100356 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3.1.5. დადგენილია, რომ NCB 1100356 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 07 სექტემბრის N26462 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 07 სექტემბრის N26462 ბრძანება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის შესახებ, დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11-ე და 12-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. (12-ე მუხლი) სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე- მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის 32-ე მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენლია, რომ თემურ გაგილაძე ახდენდა შპს „-----ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შპს „-----გან“ შეძენილი საქონლის (11480 ლარის საბაზრო ღირებულების 16.4 მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე.

დადგენილია, რომ სასაქონლო ზედნადების პროდუქციის სიაში მითითებული იყო შვიდი ერთეული ცნობა მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხ საამქროდან გატანის შესახებ, ზედნადების მე-20 გრაფაში მითითებული იყო სამი ერთეული ზედნადების ნომერი N ელ -----, N ელ ----- და N ელ -----, წარმოადგენილი მტკიცებულებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხე-ტყის წარმოშობის კანონიერება და შესყიდვის კანონიერება.

წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ხის მასალაზე გააქტიურებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ელ -----. შპს "----ის' მიერ გამოწერილი აღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 გრაფაში (მრგვალი ხე-ტყის, ხე- მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი ან ნომერი) მითითებული N ელ ----, N ელ ---- და N ელ ---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერება და შესყიდვის კანონიერება, N ელ ---- და N ელ ---- ზედნადებებში მითითებული ინფორმაცია არ უკავშირდება შპს "-----ის" მომწოდებელ კომპანია შპს "-----ს“;

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 03 აგვისტოს M------/07/20 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის რაოდენობა და ღირებულება, რომლის თანახმად, 16,4 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის საბაზრო ღირებულება შეადგენს 11480 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4. მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24.2. მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ადგენს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენების სავალდებულობას. შესაბამისად ცხადია, რომ ზედნადები შევსებული უნდა იყოს კანონის დადგენილი წესით მასში არსებული ყველა რეკვიზიტის დაცვით.

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ კომპანიის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სწორედ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა/არარსებობის საკითხი და შემდგომ გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობის გასაჩივრებული სსიპ - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 04 აგვისტოს NCB1100356 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 07 სექტემბრის N 26462 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შეესაბამება მათი გამოცემისათვის დადგენილ შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოპასუხე მხარეს არ დაეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა

 

1. შპს ,,------"ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს _ სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

დარინა აბულაძე

 

დავის საგანი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოება

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-32. ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 10000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. დადგენილია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 07 სექტემბრის N26462 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136 (4); 286 (32);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24 (2)