საწარმოს მიერ მიღებული მოგების რეინვესტირების განსაზღვრის პერიოდი N 0505

0505 საწარმოს მიერ მიღებული მოგების რეინვესტირების განსაზღვრის პერიოდი - (ძალადაკარგული) 22.09.2015
№ დოკუმენტი 0505
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწარმოს მიერ მიღებული მოგების რეინვესტირების განსაზღვრის პერიოდი N 0505

ფაქტობრივი გარემოებები

· სამედიცინო დაწესებულებამ 2013 კალენდარული წლის განმავლობაში, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის მიზნით, შეიძინა სამედიცინო აპარატურა. სამედიცინო დაწესებულებამ 2013 კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ფინანსური და საგადასახადო მოგება, 150 000 ლარის ოდენობით, გამოყო შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის და შესაბამისი თანხა არ დაბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, პირმა ჩათვალა, რომ 2013 კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო აპარატურის შეძენა განხორციელდა მოგების რეინვესტირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.

შეფასება

· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

· საგადასახადო მოგების რეინვესტირება გამორიცხავს საანგარიშო წლის მიხედვით ფაქტობრივად გახარჯული და ინვესტირებული თანხების რეინვესტირებად მიჩნევის შესაძლებლობას, ვინაიდან კომპანიას ჯერ არ აქვს გაანგარიშებული საგადასახადო მოგება. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო აპარატურის შეძენის მომენტში არ ჰქონდა გაანგარიშებული 2013 კალენდარული წლის მიხედვით საგადასახადო მოგება, სახეზეა არა მოგების რეინვესტირება, არამედ მხოლოდ თანხის ინვესტირება. შესაბამისად, პირი 2013 კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი სამედიცინო აპარატურის ნაწილში ვერ ისარგებლებს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით.

ღონისძიებები

· პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით