გადაწყვეტილება №25978/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25978/2/2025
21 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 6.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25978/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი, საწვავის ხარჯის გაუთვალისწინებლობა და გამოვლენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №006-179 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2025 წლის №20280 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 119 859.95 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 75 454.73
ჯარიმა - 37 727.50
საურავი - 6 677.72
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ღორისა და საქონლის ხორცის შეძენა/რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის №2401 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 9.12.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 20.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევარომ: კომპანია რეალიზაციას ახორციელებს სს „---თან“ (ს/ნ ---), რაც შეადგენს 1 738 792 ლარს, ხოლო მთლიანი შემოსავალია 1 952 493 ლარი (სხვაობა რეალიზებულია 3 საწარმოზე).
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს პარტნიორზე არ ჰქონდა გაცემული დივიდენდი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ფულის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. საწარმოში, 6.02.2025 წლის მდგომარეობით, ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. გამოვლენილი განკარგვადი თანხა, 377 274 ლარი, დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.06.2025 წლის №13581 ბრძანება და ამავე თარიღის №006-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.09.2025 წლის №20280 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების და დებიტორული დავალიანების გათვალისწინების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (მომჩივანი მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს დარიცხულ გადასახადს გამოაკლდეს 31 058 ლარი) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 16.09.2025 წლის №20280 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
- არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- საწვავის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საწვავის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „---ს“ საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტომობილი. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, სადაც ითხოვს სს „---ს“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (110 389 ლარის ღირებულების) ხარჯებში გათვალისწინებას.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გულისხმობს სს „---ს“ ლოიალურობის პროგრამაში შპს „---ს“ პროდუქციის მონაწილეობას გაყიდვების სტიმულირების 3 მიზნით. აცხადებს, რომ სს „---“ უწერდა შპს „---ს“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს თვის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის პროცენტის სახით, ხოლო ანგარიშსწორება ხდებოდა ურთიერთგაქვითვის გზით.
შესაბამისად, გაწეული ხარჯი ეკონომიკური ხასიათისაა. ასევე, მომჩივანი ითხოვს 29.01.2024 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გადარიცხული 8 025 ლარის (წინა საიმპორტო ვეტ. კონტროლის საფასური) გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ კომპანია გეგმავდა თავისი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში უკრაინიდან საქონლის იმპორტს, ამისთვის მან ბიუჯეტში გადაიხადა აუცილებელი მოსაკრებელი მეურნეობა „---“ უკრაინაში ინსპექტირებისთვის. აგრეთვე, მომჩივანი ითხოვს 11.07.2024 წელს უკრაინულ კომპანიაში --- „---“ გადარიცხული საქონლის ღირებულების გათვალისწინებას ხარჯებში. მიუთითებს, რომ კომპანია გეგმავდა საქონლის, კერძოდ, 17 640 ხარის და 18 000 ფურის ჩამოყვანას უკრაინიდან, რისთვისაც უკრაინულ კომპანიას ავანსის სახით 16 938 აშშ დოლარი გადაურიცხა. გადარიცხვის მიზნობრიობას ადასტურებს შესაბამისი ხელშეკრულება, ინვოისი და საბანკო ამონაწერი. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ გადარიცხული თანხა და ამ გადარიცხვაზე გაწეული საკომისიო (148 ლარი) სრულად უნდა გააკლდეს შემოწმების შედეგად დასარიცხ თანხას. საჩივარზე თანდართული აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დებიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ სს „---ს“ 2023 წლის ბოლოს შპს „---ს“ მიმართ აქვს გადაუხდელი დავალიანება 187 282 ლარი, ხოლო 2024 წლის ბოლოს 37 250 ლარი. საჩივარზე თანდართული აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მომჩივნის განმარტებაზე, რომელიც მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს 31 058 ლარი გააკლდეს დარიცხულ გადასახადს.
განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილ ცხრილში, სადაც გაანგარიშებულია დარიცხული თანხები, ჩანს შემდეგი მუხლი: „ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები“ - აღნიშნული თანხის დაბრუნება არ ფიქსირდება კომპანიის არც საბანკო ანგარიშებზე, არც გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. კომპანია არასდროს ყოფილა დღგ-ის გადამხდელი, ამიტომ ის ბიუჯეტიდან დღგ-ის ვერც დაიბრუნებდა. შესაბამისად, ეს თანხა სრულად უნდა გამოაკლდეს დასარიცხ თანხას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ტექნიკური უზუსტობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ახორციელებდა პროდუქციის მიწოდებას თავისი დანახარჯით. სს ---თან არსებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მიწოდების ხარჯს გაწევს გამყიდველი, აღნიშნული დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით. პროდუქციის მიწოდება ხდებოდა საქონლის დაკვლის 4 ადგილსამყოფელიდან (იგივე ბოინი) უშუალოდ მაღაზიებამდე. ძირითადი რეისები სრულდებოდა შემდეგი მარშუტით: 1. ----ის ბოინი - ---8, სუპერმარკეტი ---; 2. ---ის რაიონი, სოფ.---ის ბოინი - ---ის №---, სუპერმარკეტი ---. ამისთვის გამოიყენებოდა ორი ავტომობილი - კომპანიის დირექტორის კუთვნილებაში არსებული სპრინტერი, რეგისტრაციის ნომრით --- და მეორე ავტომობილი სპრინტერი --- - რეგისტრაციის ნომრით ---. აღნიშნულ ავტომობილებში საწვავს კომპანიის დირექტორი ასხამდა. საჩივარს ახლავს კილომეტრაჟის მიხედვით გამოთვლილი ჩასხმული საწვავის ხარჯის ღირებულება, იჯარის ხელშეკრულებებთან ერთად (იხ. დანართები №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26). ვინაიდან აღნიშნული მომსახურების გაწევა შეუძლებელია ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე, ითხოვს გაანგარიშებული მოხმარებული საწვავის გათვალისწინებას და შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის შემცირებას ჯამური 18 096.27 ლარით.
საგადასახადო ორგანოს გაანგარიშებები დაფუძნებულია 18 პროცენტიან ფასნამატზე, მაშინ როდესაც მიღებული ზედნადებებით ეს ფასნამატი არ დასტურდება. რეალურად კომპანიას ხშირად უწევდა ძალიან მცირე ფასნამატით საქონლის მიწოდება რადგან არ დაეკარგა მთავარი კლიენტი - სს ---. სწორედ ამის გამო ეძებდა კომპანია ალტერნატიულ და უფრო იაფ გზებს საქონლის შესასყიდად უკრაინაში. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში არ არის დასაბუთებული რა საფუძვლით არ დაკმაყოფილდა ფასნამატის კორექტირება თუნდაც მინიმალურად, მაშინ როცა სასაქონლო ზედნადებებში არსებული ფასნამატი მინიმალურია. ამდენად, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის შემცირებას 17 484.34 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. მომჩივნის განმარტებით:
- სს ---თან არსებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მიწოდების ხარჯს გაწევს გამყიდველი, ამისთვის გამოიყენებოდა ორი ავტომობილი - კომპანიის დირექტორის კუთვნილებაში არსებული სპრინტერი, რეგისტრაციის ნომრით --- და მეორე ავტომობილი სპრინტერი --- - რეგისტრაციის ნომრით ---. აღნიშნულ ავტომობილებში საწვავს კომპანიის დირექტორი ასხამდა. საჩივარს ახლავს კილომეტრაჟის მიხედვით გამოთვლილი ჩასხმული საწვავის ხარჯის ღირებულება, იჯარის ხელშეკრულებებთან ერთად. ვინაიდან აღნიშნული მომსახურების გაწევა შეუძლებელია ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე, ითხოვს გაანგარიშებული მოხმარებული საწვავის გათვალისწინებას;
- საგადასახადო ორგანოს გაანგარიშებები დაფუძნებულია 18 პროცენტიან ფასნამატზე, მაშინ როდესაც მიღებული ზედნადებებით ეს ფასნამატი არ დასტურდება. რეალურად კომპანიას ხშირად უწევდა ძალიან მცირე ფასნამატით საქონლის მიწოდება რადგან არ დაეკარგა მთავარი კლიენტი - სს ---. საჩივარს ახლავს ცხრილის სახით ინფორმაცია თითოეული ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ, 1.12.2023 წლის ავტომობილის (---) იჯარის ხელშეკრულება ი/მ ---სა და შპს ---ს დირექტორს ---ს შორის, 1.11.2023 წლის ავტომობილის (---) იჯარის ხელშეკრულება ---ს და შპს ---ს შორის და რეგისტრაციის მოწმობები (---ის და ---).
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს შემდეგს:
- გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საწვავის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „--ს“ საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტომობილი. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
- არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია.
საბჭო სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს შეძენილ საქონელზე (ხორცი) გაფორმებული აქვს მიღებაჩაბარების აქტები, სადაც ღირებულება დაფიქსირებულია 23 ლარი, ხოლო საქონლის მიწოდების დოკუმენტში 23.5 ლარი. ამასთან, შეძენის დოკუმენტებში მითითებულ ფიზიკურ პირებთან ინფორმაციის გადამოწმებისას თითოეული აღმოჩნდა კომპანიის დირექტორის მეგობარი ან ნათესავურ კავშირში მყოფი პირი (აღნიშნული პირები სხვა პირზე რეალიზაციას არ ახდენდნენ), რომლებმაც დაადასტურეს საქონლის კომპანიისთვის მიყიდვის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელი არ დაეყრდნო მიღებაჩაბარების აქტის მონაცემებს (მითითებულ ფასს) და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად გამოყენებულია 18%-იანი აუდირებული ფასნამატი. შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. 6.02.2025 წლის მდგომარეობით, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. გამოვლენილი განკარგვადი თანხა, 377 274 ლარი, დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
რაც შეეხება საწვავის ხარჯს და მასთან დაკავშირებით საჩივარზე დართულ დოკუმენტაცია/გაანგარიშებებს, აღნიშნული ხელშეკრულებები არ იყო წარდგენილი და არც (მათი არსებობის შესახებ) ნახსენები შემოწმების მიმდინარეობისას, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურება არ აქვს წყაროსთან დაბეგრილი.
ამასთან, დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი, საწვავის ხარჯის გაუთვალისწინებლობა და გამოვლენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. 2025 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4,5,9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).