ბრძანება N 2196

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი 2196
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2196

08.02.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(იურ. მის.: ----------.

მის.: ----------)

2022 წლის 23 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“- ის (ს/ნ ----------) №71948/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის №045-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასრულად არის შესწავლილი შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთი. კომპანიამ 2019 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის საინფორმაციო გრაფაში არასწორად ასახა 2018 წლის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულება 694 619 ლარის ოდენობით, რაზეც შემოწმებამ განახორციელა დარიცხვა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აუდიტორები ვალდებულნი იყვნენ შეემოწმებინათ 2018 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი 2018 წლის 23 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 დეკემბრის №38657 და 2022 წლის 1 მარტის №5411 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით - 2021 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 აპრილის №10545 ბრძანება და №045-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 423 006 ლარი, მათ შორის გადასახადი 208 510 ლარი, ჯარიმა 104 255 ლარი და საურავი 110 241 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17508 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17508 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 11 ნოემბერს (ამავე საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელადაც). საქმიანობის სახეს წარმოადგენს რკინა-კავეულით და ლითონის მილებით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობა უფიქსირდება 2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით. ამ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია (სასაქონლო ზედნადებებით) შეადგენს 266 555 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებით ნაჩვენები აქვს 323 409 ლარის დასაბეგრი ბრუნვა. 2019 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს 2018 წლის ბოლოსთვის 694 619 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კი შეძენილი აქვს (როგორც ადგილობრივად, აგრეთვე იმპორტით) ჯამში 60 575 ლარის საქონელი.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, კერძოდ, არ წარმოადგინა სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაცია, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდი. საწყისი ნაშთის განსაზღვრის კუთხით შემოწმება დაეყრდნო 2019 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ 2018 წლის საბოლოო ნაშთს (694 619 ლარი), რომელსაც დაემატა ადგილობრივი/საბაჟო შეძენები 60 575 ლარი და გამოაკლდა საბოლოო ნაშთი (შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ შეწყვიტა ფაქტობრივი საქმიანობა). ამგვარად განსაზღვრულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, საქონლის სახეობებისა და შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, საშუალო შეწონილი - 9.6%-ის ოდენობით. შესაბამისად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი დეკლარირებული მონაცემები. შემოწმებით დამატებით განსაზღვრულ (გაზრდილ) ბრუნვებზე საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღემატება დღგის დეკლარაციებით დაფიქსირებულ შემოსავალს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტება არ არის წარმოდგენილი. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირველადი დოკუმენტაციით, საბანკო ამონაწერებით და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციით, შემოწმების მიერ დამატებით განსაზღვრული განკარგვადი შემოსავლის გახარჯვა დოკუმენტურად არ დასტურდება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება დანართი №5-ის შესაბამისად (მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ), არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და დეკლარაციებით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა 2019 წლის ივნისში (ფაქტობრივი საქმიანობის შეწყვეტის მომენტისთვის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად დაკვალიფიცირებული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიამ 2019 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არასწორად ასახა 2018 წლის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულება 694 619 ლარის ოდენობით, რასაც დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2019 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------““-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2019 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.