გადაწყვეტილება №20678/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20678/2/2023
25 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 27.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20678/2/2023).
დავის საგანი:
საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის ჩართვა მეწარმის მიერ მიღებულ შემოსავალში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №023-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18098 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 58 978 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 38 484
დღგ - 35 703
საშემოსავლო გადასახადი - 2 781
ჯარიმა - 11 309
საურავი - 9 185
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. საქმიანობის სახედ მითითებულია აგურის, კრამიტის და სხვა სამშენებლო პროდუქციის წარმოება გამომწვარი თიხისგან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 26.08.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
- გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქვევრების რეალიზაცია, როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე ფიქსირდება ჩარიცხვები საბანკო ანგარიშზე (რაზეც სასაქონლო ზედნადებები არ არის გამოწერილი). ასევე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მომჩივნისგან შესყიდვის აქტით შეძენილი აქვს ქვევრები. მეწარმეს მიღებული შემოსავლები არ აქვს დაბეგრილი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, დაბეგვრას დაექვემდებარა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.04.2023 წელს. მეწარმის პირველადი დოკუმენტაციის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ 29.09.2020 წელს რეალიზებული აქვს ქვევრები 10 000 ლარად. აღნიშნული ოპერაციით გადასახადის გადამხდელმა გადააჭარბა დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ 100 000 ლარიან ზღვარს. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის და ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, ის ოპერაცია (და მისი შემდგომი ოპერაციები), რომლითაც მეწარმემ გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას. მომჩივანს აგრეთვე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12290 ბრძანება და ამავე თარიღის №023-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18098 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მეწარმის მიღებული შემოსავლების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა საბანკო ანგარიშებზე არცოდნის გამო ჩარიცხული სხვისი კუთვნილი თანხების ამოღებას დაბეგვრიდან. რაზეც განმარტავს, რომ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული ჩარიცხვებიდან გარკვეული ნაწილი ეკუთვნოდა სხვა პირებს. კერძოდ, არ ცოდნის გამო მათი კუთვნილი რეალიზაციის თანხები ჩაირიცხა მის ანგარიშზე და შემოწმების მიერ ჩართულია მთლიან შემოსავლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ით დასაბეგრი ბაზები, რასაც არ ეთანხმება. ამასთან, დამატებით წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, სადაც იდენტიფიცირებულია არასწორად ჩარიცხული თანხები.
აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:
ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად;
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მომჩივანი განმარტავს, რომ სხვა პირების კუთვნილი რეალიზაციის თანხები ჩაირიცხა მის საბანკო ანგარიშზე, რაც შემოწმების მიერ ჩართულია მთლიან შემოსავლებში. დამატებით წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, სადაც იდენტიფიცირებულია არასწორად ჩარიცხული თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით.
საჩივარს ახლავს ------- და ------- ახსნა-განმარტებები, რომლიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 2020 და 2021 წლებში ჯამში ჩარიცხული 58 388 და 62 850 ლარი, წარმოადგენს მათ მიერ რეალიზებული ქვევრების თანხას. შესაბამისად, ითხოვენ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს მათ მიმართ, ნაცვლად -------.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ძირითადი შემოსავალი მომჩივანს მიღებული ჰქონდა ქვევრის რეალიზაციის შედეგად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისგან (რაზეც სასაქონლო ზედნადებები არ არის გამოწერილი), ასევე რიგ შემთხვევაში გამოწერილი ჰქონდა სასაქონლო ზედნადებები. მეწარმეს მიღებული შემოსავლები არ აქვს დაბეგრილი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმების შედეგად 29.09.2020 წელს გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. რაც შეეხება, მის არგუმენტს, აღნიშნული შემოწმების პროცესში კომუნიკაციისას არ დაუფიქსირებია და არ წარუდგენია საჩივრისთვის დართული ახსნაგანმარტებები.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის ჩართვა მეწარმის მიერ მიღებულ შემოსავალში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის 18098 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90; 159; 275; 282; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოექსი 157; 160; 161