ბრძანება N 16841

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 16841
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16841

16 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: ქ. ---------------------)

(იურ. მის.: ქ. ----------------------)

2024 წლის 20 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისისა და 4 ივლისის სხდომებზე (ოქმი №60 და №72) განიხილა ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------------) 2024 წლის 20 მაისის №89742/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №999-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხების საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ „---------“-სა და ---------ს შორის არსებული ურთიერთობა რეალურად, თავისი შინაარსის გათვალისწინებით არის შრომითი ურთიერთობა და ---------ა წარმოადგენს დაქირავებულ პირს, ვინაიდან --------ა წლების განმავლობაში უწყვეტად და ექსკლუზიურად ასრულებს სამუშაოს კომპანიის კონტროლით, მითითებითა და ზედამხედველობით. ამ სამუშაოსთვის იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ გასამრჯელოს და ბონუსებს, კომპანია სრულად უნაზღაურებს მივლინების ხარჯებს, დასაქმებულს ეკრძალება სხვაგან მუშაობა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეკუთვნის ორი თვის კომპენსაცია. შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითაც (კითხვარი) მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას და არა მომსახურებას. ამასთან, ---------ა სამუშაოს ასრულებს ევროპის ქვეყნებში, შესაბამისი მივლინებების ფარგლებში ევროპაში მოღვაწე მოთამაშეებთან/კლუბებთან კომუნიკაციის გზით (წარმოდგენილი აქვს ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ). ამდენად, --------ა „--------“ -სთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყოველგვარ სამუშაოს ასრულებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, „--------“ -საგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. ხოლო იმ შემთხვევაშიც, თუ ჩაითვლება, რომ ----------ა არის მომსახურების გამწევი, თავად ---------ს არცერთ შემთხვევაში არ ეკისრება ამ შემოსავლის თავად დეკლარირება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აგენტის ვალდებულება ისევე ვრცელდება არარეზიდენტ საწარმოებზე (მათ შორის -------- -ზე), როგორც საქართველოს რეზიდენტ კომპანიებზე.

2. პირველი სადავო საკითხის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2569 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 22 აპრილის №9261 ბრძანება და ამავე თარიღის №999– 7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 261 017 ლარი, მათ შორის გადასახადი 710 937 ლარი, ჯარიმა 355 469 ლარი და საურავი 194 611 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მომსახურებას უწევს -------ის რეზიდენტ კომპანია „----------“-ს, რომელიც დასტურდება აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადამხდელის ახსნა-განმარტებით და ფ/პ ----------სა და „----------“-ს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებებით. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მომსახურებიდან გამომდინარე მიღებული აქვს 2021 წელს 1 555 194 ლარი, ხოლო 2022 წელს 1 999 492 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ფ/პ ---------ს მიერ მიღებული თანხები ჩაითვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და მე-100 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-81 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-104 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:

გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

„საქართველოს მთავრობასა და ------ის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ხოლო, ამავე შეთანხმების 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების თანახმად, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია შემდეგი:

. ფ/პ -------ა მომსახურებას უწევს ------ის რეზიდენტ კომპანია „--------“-ს, რომელიც დასტურდება აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადამხდელის ახსნა-განმარტებით, ფ/პ -------სა და „--------“-ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებებით. ახსნაგანმარტებაში გადამხდელი განმარტავს, რომ --------ას ფუნქციას წარმოადგენს კომპანიის დახმარება, საქმიანობა მოიცავს ფეხბურთელებთან და საფეხბურთო კლუბებთან კომუნიკაციას, საფეხბურთო მატჩების დაკვირვებას და ა.შ.

. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, ფ/პ ---------ს მრავლად უფიქსირდება საზღვრის კვეთები, თუმცა აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ რეზიდენტობისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმს.

. ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილია ფ/პ --------სა და „--------“-ს შორის დადებული ნოტარიულად დამოწმებული მომსახურების ხელშეკრულებები, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ---------ამ მომსახურება უნდა მიაწოდოს „----------“-ს. ამასთან, ხელშეკრულებაში აღნიშნულია რომ, ფიზიკური პირი, „---------“-ის წინაშე დაქვემდებარების გარეშე, უზრუნველყოფს თავისი მომსახურების განხორციელებას დამოუკიდებლად და ავტონომიურად. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მომსახურებიდან გამომდინარე მიღებული აქვს 2021 წელს 1 555 194 ლარი, ხოლო 2022 წელს 1 999 492 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან, უფიქსირდება --------ში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირია და მიღებული აქვს შემოსავალი, რომელზეც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხების საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. სადავო საკითხის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2569 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №9261 ბრძანება და №999– 7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 261 017 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მომსახურებას უწევს არაეზიდენტ კომპანიას, რომელიც დასტურდება აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადამხდელის ახსნა-განმარტებით და მომჩივანისა და არარეზიდენტ კომპანიას შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებებით. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მომსახურებიდან გამომდინარე მიღებული აქვს შემოსავალი . შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მომჩივანის მიერ მიღებული თანხები ჩაითვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და მე-100 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79( „ა“); 80(1); 81; 100(1.3); 104(1 „ა“ და „გ“); 153(1 „ა“); 269(7);