გადაწყვეტილება №20338/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20338/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20338/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20338/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის დოკუმენტების სიყალბის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №041-73 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16029 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 796 025,07 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 457 135

ჯარიმა - 1 127 358

საურავი - 211 532,07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობის წარმოება, კერძოდ საწარმო ახორციელებს ჯართის შეძენას და მის გადამუშავებას.

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შპს ------- (ს/ნ -------), შპს -------ს (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი თანხების დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ლითონების და ნარჩენების შეძენები შპს ------- (ს/ნ -------), შპს ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------). აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 26.12.2022 წლის ------- წერილის და მასზე დართული დოკუმენტაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს ------- (ს/ნ -------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. ამასთან, შპს ------- (ს/ნ -------), შპს ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) რიგ შემთხვევაში არ აქვთ სწორად განსაზღვრული ზემოაღნიშნული ოპერაციებიდან წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები, ასევე უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები. საგადასახადო შემოწმებით გაუქმებას დაექვემდებარა შპს ------- (ს/ნ -------), შპს ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი თანხები. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280- ე მუხლების საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №041-73 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16029 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, შპს -------, შპს ------- და შპს ------- მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ს თანხები, არის ყალბი. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების/ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას შპს -------, შპს ------- და შპს ------- შეძენილ საქონელზე მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა შემოწმების აქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, კომპანია არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტს შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო:

- კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი;

- კომპანიას შესაბამის პერიოდებში შპს -------, შპს ------- და შპს ------- რეალურად და ფაქტიურად შეძენილი ჰქონდა საქონელი, რომელიც აღრიცხული იყო კომპანიის სასაქონლომატერიალურ ფასეულობების ნაშთებში და საბუღალტრო პროგრამაში, შეძენილი საქონლით რეალურად/ფაქტიურად წარმოებული და რეალიზებული იყო პროდუქცია.

საგადასახადო შემოწმების აქტში უგულებელყოფილია და გამოკვლევის გარეშეა დატოვებული საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემთხვევებს და გარემოებებს, როდესაც ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება - ფიქტიურად, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 563 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესყიდვის ან მასზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძვლად, რათა ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად. მითითებული დებულებების ნორმატიული შინაარსი განმარტებულია როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, ასევე დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებებითაც, კერძოდ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 8.05.2012 წლის №------- განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული განმარტების თანახმად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით აღნიშნავს, რომ დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2009 წლის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე №------- (სს „-------“ სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ), მართალია, მითითებულ განჩინებაში და სადავო საკითხზე ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში განმარტებულია დღგ-ის ჩათვლების გაუქმების საფუძვლად რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს უსაქონლო ოპერაციის განხორციელების ფაქტი, კერძოდ კი საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქონლის გამყიდველის მხრიდან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა ან მისი ბრალეული ქმედება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მყიდველს იმ პირობებში, როცა მისი მხრიდან დარღვეული არ არის საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები და ამასთან, არც მისი ბრალეულობაა დადგენილი.

აღნიშნული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, დავების განხილვის საბჭო თავის 30.01.2013 წლის №3983/2/12, 16.04.2013 წლის №5046/2/12 და 6.01.2017 წლის №8151/2/14 გადაწყვეტილებებში ადგენს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გადასახადის გადამხდელის დაჯარიმების სტანდარტს. უფრო კონკრეტულად, იქამდე, სანამ დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმების მართებულობის საკითხს, საგამოძიებო ორგანოებს ავალებს ინფორმაციის წარმოდგენას იმის თაობაზე, იკვეთება თუ არა დაჯარიმებული პირის ბრალეულობა სადავო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბების საქმეში და დადგენილია თუ არა, რომ დაჯარიმებულ გადასახადის გადამხდელს უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთა ბრალეულობის საკითხი გამოძიების მიერ არ არის დადგენილი, საბჭოს პრაქტიკით განსაზღვრულია, რომ სადავო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საგადასახადო შემოწმებისას, სწორედ ის უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, დაჯარიმებულმა კომპანიამ რეალურად მიიღო თუ არა საქონელი და ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაყალბებასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, როგორც ზემოთ მითითებულ, საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებშია აღნიშნული, საგადასახადო შემოწმების აქტში ამომწურავად უნდა იყოს მითითებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და მათ საფუძვლად არსებული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება გაწერილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- ე მუხლითაც, სადაც აღნიშნულია: 1) წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 4) თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5) ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მითითებული ნორმების საფუძველზე:

1) შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია და გასაჩივრებულ აქტებში (საგადასახადო შემოწმების აქტი და ბრძანება) დაესაბუთებინა ჰქონდა თუ არა რაიმე ბრალეული მონაწილეობა დაჯარიმებულ გადასახადის გადამხდელს ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების შემთხვევებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიიღო თუ არა მან რეალურად ამ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული პროდუქცია;

2) მხოლოდ მითითება, რომ გაყალბება გამოძიებით დადგინდა, არ არის საკმარისი, აუცილებელი იყო საგადასახადო ორგანოს ამომწურავად მიეთითებინა გამოძიების მიერ დადგენილი რა ფაქტები დაედო საფუძვლად ასეთ დასკვნას და რაში გამოიხატა გადასახადის გადამხდელის ბრალეულობა.

სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურის მიერ არც საჩივრის განხილვისას მომხდარა ზემოაღნიშნული არგუმენტების შეფასება, ისე თქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად უკანონოა როგორც საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული, ასევე საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ლითონების და ნარჩენების შეძენები შპს ------- (ს/ნ -------), შპს ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------). აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 26.12.2022 წლის №------- წერილის და მასზე დართული დოკუმენტაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს ------- (ს/ნ -------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

ვინაიდან მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით არის ყალბი, საბჭოს მიაჩნია, რომ ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით განხორციელებული ჩათვლის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფიელბის საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის დოკუმენტების სიყალბის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობის წარმოება, კერძოდ საწარმო ახორციელებს ჯართის შეძენას და მის გადამუშავებას.

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი თანხების დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16029 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით განხორციელებული ჩათვლის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფიელბის საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 280; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 173; 174