გადაწყვეტილება №22774/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2024
№ დოკუმენტი 22774/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22774/2/2024

18 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 3.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22774/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2024 წლის №5642 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დაირღვა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. საბაჟო საწყობმა ("------") დროებით შენახვის დეკლარაციაში №"------" 6.06.2023 წ, ასახული მონაცემების შეუსაბამობა დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. განცხადება №"------"წარდგენილია 8.06.2023 წელს.

საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.08.2023 წლის №19722 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 25.09.2023 წელს და 17.10.2023 წელს წარადგინა საჩივრები საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის (შედგენილია მძღოლის, "-------" პ/ნ "-------" მიმართ) და საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL11111/50 საგადასახადო მოთხოვნის (გამოცემულია მძღოლის, "-------" -ს პ/ნ "-------" მიმართ) თაობაზე და მიუთითა, რომ ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლებას, სადავო აქტების გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL11111/50 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.12.2023 წლის №21287/2/2023 გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანება, საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.12.2023 წლის №21287/2/2023 გადაწყვტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 15.03.2024 წლის №5642 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2024 წლის №5642 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლზე და მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 176-ე მუხლზე.

საჩივრის ავტორის მითითებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლას და ტვირთის გადამოწმებას დასჭირდა ერთი სრული დღე და მეორე დღეს მიმართა საბაჟო ორგანოს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 8.06.2023 წელს მომჩივანის №"-----" განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №------ სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა №"------" (6.06.2023) დროებით შენახვის დეკლარაციაში მითითებული, შპს „N1“ (ს/ნ "-------" ) კუთვნილი საქონელი (საერთო წონით 135 კგ; ინვოისი № "------" (27.04.2023) - ღირებულება 1 707,75 ევრო).

საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტის ნათარგმნი ვერსიის მიხედვით, ქ. "------" -ის საბაჟოს ტერიტორიული დირექტორატის №"------" გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოხდა ინვოისი MRN"------" თარიღი 23/05/2023 საქონლის დუბლირება MRN "------" თარიღი 12/05/2023 ექსპორტის ქვეშ მყოფ საქონლის ნაწილთან. ე. ი. საქონელი შეცდომით არის დეკლარირებული ერთზე მეტ საბაჟო დეკლარაციაში. შესაბამისად, გადაწყვიტა:

1. აუქმებს ექსპორტის რეჟიმში "-------" 23.05.2023;

2. გაუქმება უნდა განხორციელდეს ექსპორტის საბაჟო საინფორმაციო სისტემაში (MISI). შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

16.06.2023 წელს გაკეთებულია წინასწარი ზეპირი შეტყობინება შემოსავლების სამსახურში, ფაქტის სავარაუდო დადგომასთან დაკავშირებით (ტვირთის სატრანსპორტო საშუალებაში არყოფნასთან დაკავშირებით. 17.06.2023 წელს დაიცალა ტრაილერი და დადგინდა, რომ ნამდვილად არ იყო მსგავსი ტვირთი ტრაილერში დატვირთული. 18.06.2023 წელს ოფიციალური განცხადება წარდგენილია აღნიშნულთან დაკავშირებით. 19.06.2023 წლიდან 2.07.2023 წლამდე პერიოდში შემოსავლების სამსახური ეტაპობრივად ითხოვდა სხვადასხვა ტიპის წერილებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მიწოდებული იქნა და მათი ჩამონათვალი მითითებულია მე-19 გრაფაში.

4.07.2023 წელს, მიუხედავად კომპანიის მხრიდან ყველა შესაძლო წერილობითი დასტურისა და ამავდროულად ბულგარეთის საბაჟოს შეტყობინებების წარმოდგენისა, რაც მოთხოვნილი იყო შემოსავლების სამსახურის მიერ, მოხდა ჯარიმის დაკისრება.

13.07.2023 წელს და 21.07.2023 წელს წარდგენილი იქნა საჩივრები, სადაც აღწერილი იყო ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნილი იყო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, ისევე როგორც გადახდილი თანხის დაბრუნება. საჩივარში ასევე განმარტებული იყო, რომ კომპანია ელოდებოდა ბულგარეთის საბაჟო პროცედურების და საექსპორტო დეკლარაციის გაუქმებას, რის შემდეგადაც წარმოდგენილი იქნება გაუქმებული საექსპორტო დეკლარაცია (რაც ვერ მოესწრო საჩივრის განხილვის პერიოდში). 10.08.2023 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნა ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი. 4.09.2023 წელს მიღებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. "------"-ის საბაჟო ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ საბაჟო დეკლარაცია - MRN"------"გაუქმდა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებსა და საგადასახადო მოთხოვნის შედგენას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ტვირთი (ბულგარეთში რეგისტრირებული ნომრით MRN "------") საერთოდ არ იყო სატრანსპორტო საშუალებაზე.

25.09.2023 წლის №161377/21 საჩივარს გააჩნდა ხარვეზები, ამდენად ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურს 17.10.2023 წელს წარედგინა დაზუსტებული საჩივარი №504579.

25.10.2023 წელს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის №26269 ბრძანება, რომელიც გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში.

19.02.2024 წელს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა №21287/2/2023 გადაწყვტილება, რომლის საფუძველზეც საჩივრები №161377/21 და №174638/21 განსახილველად დაუბრუნდა შემოსვლების სამსახურს საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში.

15.03.2024 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №5642 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანია გათავისუფლდა საბაჟო სანქციისგან, მაგრამ ვინაიდან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად საბაჟო ორგანოს/დავების განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გათავისუფლდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით, პირდაპირ მეტყველებს, რომ კომპანიის მიმართ ძალაში რჩება სამართალდარღვევა, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ კომპანიის მიერ განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მოხდება კომპანიის სანქცირება სამმაგი ოდენობით (საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად).

კომპანიას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხა, ვინაიდან თავიდანვე არ არსებობდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლები. კომპანიის მხრიდან სამართალდარღვევაზე არ დათანხმების საფუძველი იყო და არის შემდეგი: როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მივიდა მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში, მომჩივნის მხრიდან მოხდა წინასწარი შეტყობინებამ, რომ აღნიშნულ მანქანას სავარაუდოდ შეცდომით მოყვებოდა დოკუმენტები შპს"-------"-ის კუთვნილი ტვირთის, ვინაიდან აღნიშნული ტვირთი უკვე ჩამოსული და განბაჟებული იყო წინა პერიოდში. ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. შესაბამისად, ოფიციალური განცხადებით მიმართვამდე, დაწყობილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული ტვირთები გან-ზე და დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლა აღნიშნული ფაქტის გადამოწმების მიზნით. როდესაც დასრულდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლა და დარწმუნდა, რომ შპს "-------"-ის კუთვნილი ტვირთი ნამდვილად არ იყო დატვირთული, წარდგენილი იქნა ოფიციალური ფორმით განცხადება. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლასა და ტვირთვების სათითაოდ გადამოწმებას დაჭირდა სულ 1 დღე, შესაბამისად მეორე დღეს წარდგენილია ოფიციალური განცხადება, რომ ეს ტვირთი არ იყო დატვირთული და დოკუმენტები იყო შეცდომით გაფორმებული. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, ზუსტდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბოლოო დაცლა (17 ივნისი) განხორციელდა არასამუშაო საათებში, ამდენად განცხადების წარდგენა ტვირთის არარსებობის თაობაზე აღნიშნულ დღეს ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა, ამიტომ აღნიშნული განცხადება წარდგენილია მომდევნო სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე.

ასევე 4.09.2023 წელს მიიღო ბულგარეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. "------"-ის საბაჟო ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვტილება, სადაც მითითებულია, რომ საბაჟო დეკლარაცია - "------" გაუქმდა, შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებსა და საგადასახდო მოთხოვნის შედგენას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ტვირთი (ბულგარეთში რეგისტრირებული ნომრით - "------") საერთოდ არ იყო სატრანსპორტო საშუალებაზე.

კომპანიის სახელზე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილების „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ შემდგომს: „უ“ ქვეპუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ. „ქ“ ქვეპუნქტი - უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“. ზემოთ განმარტებულ მიზეზთა გამო ცხადია, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კომპანიამ განცხადება წარადგინა სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში. მე-19 პუნქტში მითითებული დოკუმენტების ორიგინალების ჩაბარება ხდებოდა უშუალოდ გეზ-ში, და წარმოების ფარგლებში უკვე მიღებული და დამუშავებული იყო აღნიშნული დოკუმენტაცია დავის განხილვის ფარგლებში ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც წინამდებარე საჩივრის დანართად, აგრეთვე წარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მასალა (წერილები) სრულფასოვნად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ პირნათლად დაცულია საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ დაცული იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. კომპანიის მიერ აგრეთვე დაცულია (და დაცული იყო) და შესაბამისად არ დარღვეულა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილების „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის მოთხოვნები სრულყოფილად (კერძოდ, მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები). ამავე დადგენილების მე17 მუხლის თანხმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ვინაიდან კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას (ან არაჯეროვნად შესრულებას), სახეზე გვაქვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობისა და გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

უ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 6.06.2023 წლის დროებით შენახვის №"-------" დეკლარაციაში ასახული მონაცემების შეუსაბამობის დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) შეუტყობინებლობის ფაქტზე, კერძოდ მომჩივნის მიერ საბაჟო ორგანოსთვის განცხადება №"------" წარდგენილია 8.06.2023 წელს.

საბჭო მიუთითებს საქმის მასალებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, შესაბამისად სახეზეა მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევა და არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულებების შეუსრულებლობას და მიაჩნია რომ სახეზეა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობისა და გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დაირღვა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. საბაჟო საწყობმა დროებით შენახვის დეკლარაციაში ასახული მონაცემების შეუსაბამობა დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის მასალებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, შესაბამისად სახეზეა მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევა და არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

127,176.