გადაწყვეტილება №21523/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21523/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21523/2/2023

19 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------7.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21523/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა;

2. საწარმოს კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე მეტი ოდენობით ნატურალური ფორმით გადახდის გაცემულ დივიდენდად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №007-284 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29520 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 284 426,81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 156 229

დღგ - 147 600

მოგების გადასახადი - 6 724

საშემოსავლო გადასახადი - 1 905

ჯარიმა - 45 315

საურავი - 82 882,81

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №007-284 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29520 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია რეგისტრირებულია 2.04.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 25.03.2020 წელი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ---------- (პ/ნ -----------).

კომპანიის პარტნიორის 16.04.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე ---------- (პ/ნ ------------) კაპიტალში შეტანის გზით საკუთრებაში გადასცემს, ხოლო შპს ---------- (ს/ნ -----------) საკუთრებაში იღებს --------- უძრავ ქონებას (ქ. ---------- 358 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ. მ შენობა-ნაგებობა (ს/კ -------------)).

10.03.2020 წლის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ------------ კაპიტალის შემცირების საფუძველზე ----------- გადაეცემა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება (358 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ. მ შენობა-ნაგებობა (ს/კ -----------).

შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია შპს ----------- კაპიტალში შეტანილი და უკან დაბრუნებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც ------------ საკადასტრო კოდზე არსებული შენობანაგებობისა და მიწის ღირებულება 10.03.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს 105 688 ლარს. ამასთან, შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული იქნა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომელმაც 16.04.2019 წლისთვის შეადგინა 931 370 ლარი, ხოლო 10.03.2020 წლისთვის შეადგინა 967 600 ლარი.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა მიწოდებად და გადააჭარბა 100 000 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 10.03.2020 წელი (ნაცვლად 25.03.2020 წლისა). საწარმოს დაერიცხა დღგ. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შპს ---------- 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა -----------, 16.04.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება, კერძოდ, თბილისში, 358 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ. მ შენობა-ნაგებობა. ხოლო, 10.03.2020 წლის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ----------- კაპიტალის შემცირების საფუძველზე ---------- გადასცა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება (358 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12

კვ. მ შენობა-ნაგებობა).

შემოწმების პროცესში ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული იქნა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომელმაც 16.04.2019 წლისთვის შეადგინა 931 370 ლარი, ხოლო 10.03.2020 წლისთვის შეადგინა 967 600 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა არასაცხოვრებელი ფართის გაქირავება მისამართზე: ქ. ------ ქ. №--------. აღნიშნული ქონება 2005 წლიდან 2019 წლის ივლისამდე ეკუთვნოდა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელს და გამოიყენებოდა იმავე მიზნებისათვის. უძრავი ქონება, მისი ამორტიზებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებდა დაუყოვნებლივ კაპიტალურ რემონტს და რემონტისთვის თანხის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ბანკიდან სესხის აღების გზით, რადგან ბანკი თავის მხრივ ითხოვდა სესხის ქონებით უზრუნველყოფას, ფიზიკურმა პირმა ----------- გადაწყვიტა შეექმნა კომპანია, მის საკუთრებაში არსებული შენობა შეეტანა კაპიტალში და საზოგადოების საქმიანობა იქნებოდა ამ შემთხვევაშიც ქონების იჯარით გაცემა.

მიუხედავად აღნიშნულისა, საზოგადოებამ ვერ მოახერხა ბანკიდან სესხის აღება, რადგან ბანკმა დამატებით მოითხოვა თანამსესხებელი, კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის საპენსიო ასაკის გამო. შესაბამისად, ვერ იქნა მიღებული ის შედეგი, რის გამოც მოხდა კომპანიის რეგისტრაცია და ქონების შეტანა კაპიტალში, ხოლო ქონების კომპანიის ბალანსზე ყოფნას აზრი დაეკარგა. ვინაიდან კომპანიას ჰყავდა ერთადერთი დამფუძნებელი და იგი ვერ ახერხებდა გამოეყენებინა ეს ქონება კომპანიის მიზნებისათვის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქონების კომპანიის კაპიტალიდან გამოტანის და ისევ ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

ფინანსური სახსრების მოსაძიებლად ინდ. მეწარმე ---------- მოუწია უძრავი ქონების 50%-ის რეალიზაცია, რაც შესრულდა საზოგადოების კაპიტალიდან ქონების გამოტანიდან 10 დღეში და მისმა სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 53 000 ლარი (საჯარო რეესტრში ინახება რეალიზაციის ხელშეკრულება). ქონება შეფასებული იყო დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, დასკვნის თანახმად ქონების ღირებულებამ 10.03.2020 წლის მდგომარეობით შეადგინა

105 688 ლარი (აუდიტორ-შემფასებლის დასკვნა შემოწმების დროს წარედგინა შემმოწმებელსაც). ვინაიდან ქონების შეტანიდან და გატანიდან არც კომპანიას და არც ფიზიკურ პირს არ მიუღია არანაირი სარგებელი, არც კომპანიას მიადგა რაიმე ზიანი, აღნიშული ოპერაციით კომპანიას არ დაუმალავს გადასახადები და არ უზარალებია ბიუჯეტი, მითუმეტეს, რომ ეს ქონება არ იყო შეძენილი კომპანიის შემოსავლებით.

არასწორია, რომ შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა როგორც მიწოდება და დაიბეგრა დღგ-ით, რადგან ეს ქონება ეკუთვნოდა მანამდე ფიზიკურ პირს და მოხდა მხოლოდ მასზე უკან დაბრუნება, ხოლო პერიოდი იმდენად მცირე იყო, რომ მისი საბაზრო ღირებულების ცვლილება ვერ მოხდებოდა. ასევე, აღნიშნული საბაზრო ღირებულების ცვლილების შემთხვევაშიც შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა წარდგენილი შემფასებლის დასკვნები, რომელიც ჩატარდა ქონების კაპიტალიდან გამოტანის დროს, ქონების რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონის სრული დაცვით, ნაცვლად ამისა, შემმოწმებლის მიერ მოხდა ქონების შეფასება იმის შემდეგ, რაც მოხდა ქონების კაპიტალური რემონტი და აღდგენა ანუ მისი დღევანდელი მდგომარეობით, რაც ძალიან განსხვავდება მის იმ დროინდელ მდგომარეობასთან შედარებით. შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ კაპიტალში შეტანის დროს ქონება საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს, ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა კომპანიის კაპიტალში მისი შეტანა და მისი მაშინდელი საბაზრო ღირებულება ვერ იქნებოდა დღევანდელი შეფასებით მიღებული საბაზრო ფასის ტოლი.

2019-2020 წლებში ქვეყანაში გავრცელებული კოვიდ პანდემია, რის გამო შეჩერებული იყო ყოველგვარი აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე და შესაბამისად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

შემოწმებით დადგენილი მიწოდების ნაწილში, დღგ-ში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის მიზეზები რეალურად რის გამოც მოხდა ქონების კაპიტალში შეტანა-გამოტანის ოპერაციები და რომ ეს საბოლოოდ არ ემსახურებოდა გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას ან გადამხდელის მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას საგადასახადო ორგანოს მიმართ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

16.04.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპანიის კაპიტალში შეტანილია კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელის, ---------- უძრავ ქონება, 358 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ. მ შენობა-ნაგებობა (ს/კ -----------). 10.03.2020 წელს ---------- გადაეცა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ -----------). გადამხდელის მიერ წარდგენილი კაპიტალში შეტანილი და უკან დაბრუნებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიშის მიხედვით აღნიშნული ქონების ღირებულება 10.03.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს

105 688 ლარს. ვალის მართვის დეპარტამენტის შეფასებით აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 16.04.2019 წლისთვის შეადგენდა

931 370 ლარს, ხოლო 10.03.2020 წლისთვის შეადგენდა 967 600 ლარს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საწარმოდან წილის სანაცვლოდ საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით. შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საწარმოს კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე მეტი ოდენობით ნატურალური ფორმით გადახდის გაცემულ დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. საგადასახადო კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო მის მიერ განაწილებულ მოგებაზე. თავის მხრივ საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0,85-ზე გაყოფის შედეგად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის გადახდილი დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი (რეზიდენტი საწარმო) და პირს უხდის დივიდენდს. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა - 36 200 ლარი) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევებში დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუღებელია, შემოწმების მიერ ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის მიღებული სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირება და გადასახადებით დაბეგვრა, რადგან შემმოწმებელმა ქონების საბაზრო ფასი მიიღო აშშ დოლარში (დასკვნის საფუძველზე), რომელიც შემდგომ გადაამრავლა იმ მომენტისთვის არსებულ ეროვნულ კურსზე, რაც არასწორია, 2020 წლის მარტის პერიოდში კოვიდის გავრცელების გამო ბაზარზე მოხდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და დოლარის გამყარება, შესაბამისად, ეს სხვაობა საერთოდ არ ეხებოდა ბაზარზე უძრავი ქონების საბაზრო ფასების მომატებას, ეს ეხებოდა მხოლოდ ქვეყანაში არსებულ იმდროინდელ პანიკას, რამაც უკუპროპორციულად იმოქმედა უძრავი ქონების ფასებზე.

წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გაითვალისწინოს წარდგენილი აუდიტორ-შემფასებლის დასკვნა, რადგან ის შედგენილია იმავე პერიოდში და შესაბამისად საბაზრო ფასი განსაზღვრულია ქონების რეალური იერსახიდან გამომდინარე, ასევე, იმდროინდელი საბაზრო ფასების მიხედვით, ხოლო დივიდენდად დაბეგვრის ნაწილში ვალუტის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა არის მხოლოდ ვირტუალურად მიღებული ციფრები, მაშინ როცა უძრავი ქონების ფასი რეალურად დაეცა, ვერანაირად მიიღებდა დამატებით დივიდენდს და მოგებას საზოგადოება.

შემოსავალი კომპანიას მხოლოდ უძრავი ქონების იჯარიდან ჰქონდა მიღებული და ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დღეს აღარც ფუნქციონირებს. შესაბამისად, საზოგადოებას არ გააჩნია ფინანსური სახსრები, რომ შეძლოს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხების გადახდა, მისი დამფუძნებელ/დირექტორი კი წარმოადგენს 83 წლის პენსიონერს, რომელსაც აქვს ერთადერთი შემოსავლის წყარო უძრავი ქონების იჯარა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოს კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანისას ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება საწარმოს კაპიტალში შეტანილი ამავე ქონების საბაზრო ღირებულებას, საგადასახადო ორგანოს მიერ ნამეტი თანხის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა;

2. საწარმოს კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე მეტი ოდენობით ნატურალური ფორმით გადახდის გაცემულ დივიდენდად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანისას ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება საწარმოს კაპიტალში შეტანილი ამავე ქონების საბაზრო ღირებულებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 8(12);97(1);981(1);130(1):154(1);