ბრძანება N 16667
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16667
15 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ქ. ----------------------;
იურ. მის.: ქ. -----------------------)
2024 წლის 22 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) №90333/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 მაისის №007-100 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხე-ტყის დახერხილი მასალის საცალო რეალიზაციაზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით დაფიქსირებული ფასის გავრცელებას და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. ამასთან, აცხადებს, რომ არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის შესაძენად ნაღდი ანგარიშსწორების დადასტურების მიზნით უცხოელ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტების თანხების 75%-ის ჩათვლას ანაზღაურებულად და შედეგად, გაანგარიშებული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31179 და 2024 წლის 16 თებერვლის №3270 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 14 მარტიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 23 მაისის №11945 ბრძანება და 24 მაისის №007-100 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 21 295 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 255 ლარი, ჯარიმა 6 527 ლარი, საურავი 1 513 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „----ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის დახერხილი მასალის იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავალი ძირითადად მიღებულია გამოწერილი ზედნადებებით და მცირე ნაწილია საცალო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელმა საქმიანობა დაიწო 2022 წელს, საქმიანობის ადგილია ---------ის მიმდებარე ტერიტორია. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო ამონაწერები და დოკუმენტაცია სრულად, რაზეც დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯი მხოლოდ შეძენილ საქონელზე შეადგენს 405 340 ლარს, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 282 706 ლარს. ასევე, 2024 წლის 25 იანვარს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოუვლინდა საქონლის ნაშთი 165.32მ3 .
შესამოწმებელ პერიოდში ხე-ტყის ელექტრონული ჟურნალის მიხედვით, საცალოდ რეალიზებულია 255მ3 ხე-ტყის მასალა, რომლის საშუალო ფასი (დაფიქსირებულია შენიშვნის სახით, ხოლო ფასის გრაფა არ გააჩნია) 154 ლარით ნაკლებია სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასზე. ამასთან, ელექტრონული ჟურნალის შემოღებამდე, გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს ელექტრონული ზედნადებებით რეალიზებული პროდუქცია. ვინაიდან, ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ფასი არ საჭიროებს მეორე მხარის დადასტურებას, შემოწმების შედეგად საცალო სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასი - 689 ლარი, ნაცვლად 534 ლარისა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივნის არგუმენტთან, უცხოელ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტების შემოწმების მიერ გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას აქცევს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შედარების აქტები გათვალისწინებულია სრულად, შესაბამისად, შემოწმებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა, ხოლო აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი საგადასახადო შემოწმების აქტში წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს.
დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხე-ტყის მასალის საცალო რეალიზაციაზე ზედნადებებით დაფიქსირებული ფასის გავრცელებას. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დახერხილი ხის მასალა არის სხვადასხვა ხარისხის და შესაბამისად, რეალიზაცია ხდება სხვადასხვა ფასით. აცხადებს, რომ კომპანიას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ აქვს რეალიზებული პროდუქცია. 2023 წლის 15 ივნისიდან შემოღებული იქნა ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალი, რომლის მეშვეობითაც ხდება რეალიზაცია არამეწარმე ფიზიკურ პირებზე სასაქონლო შეტყობინების გამოწერის მეშვეობით, სადაც გამოყოფილი არ არის პროდუქციის ღირებულების გრაფა. ამდენად, ამგვარი დავის თავიდან აცილების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო შეტყობინების შენიშვნის გრაფაში მიეთითება რაოდენობა, ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მყიდველს გადაეცემა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკიც. აცხადებს, იმის გამო, რომ სასაქონლო შეტყობინებას არ აქვს ფასის გრაფა, გადასახადის გადამხდელს არ უნდა უწევდეს მტკიცება, რომ პროდუქცია რეალიზებულია სასაქონლო შეტყობინების შენიშვნის გრაფაში დაფიქსირებული ფასით.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ვინაიდან, ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ფასი არ საჭიროებს მეორე მხარის დადასტურებას, შემოწმების შედეგად საცალო სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, ამასთან, არ დგინდება გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო შეტყობინებებში დაფიქსირებული მონაცემების მცდარობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საცალო სარეალიზაციო ფასად სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასის გამოყენება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაუსაბუთებელია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის საცალო სარეალიზაციო ფასად ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის საცალო სარეალიზაციო ფასად ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხე-ტყის დახერხილი მასალის საცალო რეალიზაციაზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით დაფიქსირებული ფასის გავრცელებას და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
ამასთან, აცხადებს, რომ არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის შესაძენად ნაღდი ანგარიშსწორების დადასტურების მიზნით უცხოელ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტების თანხების 75%-ის ჩათვლას ანაზღაურებულად და შედეგად, გაანგარიშებული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №31179 და №3270 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 14 მარტიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №11945 ბრძანება და №007-100 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 21 295 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივანის მიერ არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო ამონაწერები და დოკუმენტაცია სრულად, რაზეც დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. ასევე, 2024 წლის 25 იანვარს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოუვლინდა საქონლის ნაშთი . შესამოწმებელ პერიოდში ხე-ტყის ელექტრონული ჟურნალის მიხედვით, საცალოდ რეალიზებულია ხე-ტყის მასალა, რომლის საშუალო ფასი (დაფიქსირებულია შენიშვნის სახით, ხოლო ფასის გრაფა არ გააჩნია) 154 ლარით ნაკლებია სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასზე. ამასთან, ელექტრონული ჟურნალის შემოღებამდე, გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს ელექტრონული ზედნადებებით რეალიზებული პროდუქცია. ვინაიდან, ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ფასი არ საჭიროებს მეორე მხარის დადასტურებას, შემოწმების შედეგად საცალო სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასი - 689 ლარი, ნაცვლად 534 ლარისა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის საცალო სარეალიზაციო ფასად ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 279;