ბრძანება N 24236

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.08.2020
№ დოკუმენტი 24236
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 24236

17/08/2020

სს ----------------------------

(მის: ქ. ---------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 04 ივნისის №94284/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 მაისის №094-51 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:

არარეზიდენტი პირებისგან (თურქეთის რეზიდენტები) შეძენილი პროგრამული ლიცენზიების და ამ პროგრამებთან დაკავშირებული ტექნიკური მხრადაჭერისა და მათი გაუმჯობესების მომსახურებებისთვის გადახდილი თანხების როიალტად განხილვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის, 104-ე, 134-ე, 154-ე მუხლებისა და „საქართველოსა და თურქეთიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების მე-12 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 27 აგვისტოს №29991 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ს და მასთან შერწყმული შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 04 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 11 მაისს გამოსცა №12700 ბრძანება და ამავე თარიღის №094-51 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 15 798 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 731 ლარი, ჯარიმა 800 ლარი და საურავი 3 267 ლარი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითა და საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ანაზღაურებული აქვს არარეზიდენტი პირებისთვის (თურქეთის რეზიდენტები) პროგრამული ლიცენზიების და ამ პროგრამებთან დაკავშირებით ტექნიკური მხარდაჭერისა და მათი გაუმჯობესების მომსახურებები. საზოგადოებას აღნიშნული გადახდები არ აქვს განხილული, როგორც როალტის ანაზღაურება. ფაქტობრივი გარემოებების გათავლისიწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის და საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მე-12 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად აღნიშნული გადახდები განხილულ უნდა იყოს როგორც კომპანიის მიერ როალტის ანაზღაურება. ამავე შეთანხმების მეთორმეტე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით საზოგადოებას დაერიცხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 134-ე და 154-ე მუხლებზე დაყრნობით კუთვნილი გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახდი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, როიალტი არის საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე: ბ1) როიალტი - 5 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 დეკემბრის N5652-რს დადგენილებით რატიფიცირებულია „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანმება, რომელიც ძალაშია 2010 წლის 15 თებერვლიდან. აღნიშნული შეთანხმების მე-12 მუხლის თანახმად:

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადასახადის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების სფეროს ნებისმიერი ნაწარმოებით, მათ შორის, კინემატოგრაფიული ფილმებით, სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობის ჩანაწერებით, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების გადაცემისათვის.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით როიალტს წარმოადგენს შეთანხმებების მე-12 მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოთვლილ ობიექტებზე არა მხოლოდ საავტორო უფლებით სარგებლობისთვის განხორციელებული გადახდა, ასევე, ამ ობიექტებით სარგებლობისთვის უფლების მინიჭებისათვის განხორციელებული გადახდა.

1886 წლის 9 სექტემბერს მიღებული ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოთქმა „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები“ მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების სფეროში.

ბერნის კონვენცია ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს, ესენია:

1. კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში წარმოშობილ ნაწარმოებს კავშირის წევრ ყველა სხვა ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ისეთივე დაცვა, როგორსაც ეს ქვეყნები ანიჭებენ საკუთარ მოქალაქეებს;

2. ნაწარმოებზე უფლებების წარმოქმნა დამიკიდებული არ არის ფორმალურ პირობებსა და პროცედურებზე;

3. საავტორო უფლების არსებობა და მათი გამოყენება არ არის დამოკიდებული დაცვის არსებობაზე ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში.

საქართველო 1994 წლის 24 ნოემბრის N609-Iს დადგენილებით შეუერთდა ბერნის კონვენციას. ამასთან, ბერნის კონვენციის წევრს წარმოადგენს ასევე თურქეთი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის და ასევე თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, კომპიუტერული პროგრამა წარმოადგენს ლიტერატურულ ნაწარმოებს და საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს და არარეზიდენტ კომპანიებს შორის (თურქეთის რეზიდენტი) გაფორმებულია ხელშეკრულებები ლიზენზიის მიწოდების თაობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც კომპიუტერული პროგრამების და დანადგარების ლიცნეზიების გადაცემას, ასევე მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანმების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული როიალტის განმარტებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ველდებულებების სანაცვლოდ კომპანიისგან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს როიალტს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ ქვეპუქნტის საფუძველზე გადახდილი კომპენსაციის თანხის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან მიმართებით მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება თურქეთის რეზიდენტი პირებისგან მომსახურებებისთვის გადახდილი თანხების როიალტად განხილვას და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას ანაზღაურებული აქვს არარეზიდენტი პირებისთვის პროგრამული ლიცენზიების და ამ პროგრამებთან დაკავშირებით ტექნიკური მხარდაჭერისა და მათი გაუმჯობესების მომსახურებები. საწარმოს აღნიშნული გადახდები არ აქვს განხილული, როგორც როალტის ანაზღაურება. სსკ-ს მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის და საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს დაერიცხა, სსკ-ს 104-ე, 134-ე და 154-ე მუხლებზე დაყრნობით კუთვნილი გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახდი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(7); 8(21,,ბ“)); 104(1,,ი“); 134(1,,ბ1“); 154(1,,გ“)

„საქართველოსა და თურქეთიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმება