ბრძანება N 25906

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2025
№ დოკუმენტი 25906
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული სხვა , მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25906

25 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 10 ნოემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 10 ნოემბრის №596586 (შემოს. №178534/21) საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან გათავისუფლებას.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 7 ნოემბერს შპს „---ს“ მიერ დაზუსტდა 2024 წლის დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, მაისის, ივნისის, ივლისის და სექტემბრის თვეების მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ბიუჯეტში გადასახდელმა მოგების/საშემოსავლო გადასახადებმა ჯამურად შეადგინა 914 226 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საურავი 107 651 ლარის ოდენობით (7 ნოემბრის მდგომარეობით). აღნიშნავს, რომ შპს „---“ არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „---ს“ ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს ჰოლდინგში შემავალ რამდენიმე საოპერაციო კომპანიას.

ზემოთ აღწერილი კორექტირების ოპერაცია უკავშირდება სწორედ ჰოლდინგური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რაც გამოწვეული იყო ---ს ქსელის და საკანონმდებლო რეგულაციების მოთხოვნით. 2024 წლის დეკემბრისა და 2025 წლის ზემოთ ხსენებულ თვეებში მოხდა აღნიშნული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში წარმოქმნილი კაპიტალის შემცირება დამფუძნებლების მიერ.

შპს „---ს“ კაპიტალის შემცირების ოპერაციას საწარმო იხილავდა როგორც გადასახადებით დაუბეგრავ ოპერაციას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კაპიტალის შემცირება შენატანის ფარგლებში არ წარმოადგენს მოგების განაწილებას. თუმცა, კომპანიის შიდა კონტროლის პროცედურების და განხილვების საფუძველზე გამოვლინდა, რომ აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის საკითხი პრაქტიკაში არაერთგვაროვანია. ოპერაციის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომპანიამ თავიდან შეაფასა მომხდარი ოპერაციის დაბეგვრის რეჟიმი და მიიღო გადაწყვეტილება დაებეგრა ხსენებული კაპიტალის შემცირების ოპერაციები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მიაჩნია, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ვინაიდან, საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება, არამედ გადასახადის დაგვიანებით გადახდა გამოწვეული იყო მხოლოდ არცოდნის/შეცდომის საფუძვლით, შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დარიცხული საურავისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2025 წლის 7 ნოემბერს შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ დაზუსტებულია მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2024 წლის დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, მაისის, ივლისის და სექტემბრის დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა გაზრდილია სულ 914 226,00 ლარით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 201 842.10 ლარით, ხოლო მოგების გადასახადი - 712,383.90 ლარით. გადასახადები დარიცხულია შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით. აღნიშნული თანხების დარიცხვამდე, 2025 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „---ს“ (ს/ნ ---) ერიცხება ზედმეტობა 77 667.66 ლარი. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 07.11.2025 წლიდან 08.11.2025 წლამდე დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად გადასახადზე დარიცხულია საურავი 106 635.83ლ, 2025 წლის 7 ნოემბერს გადახდილია 893 180.00 ლარი, რითაც ძირითადი დავალიანება დაფარულია სრულად და ასევე დაფარულია საურავის ნაწილი 56 621.66 ლარი. შედეგად, შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - საურავი 50 014.17 ლარი. ამასთან, 07.11.2025-16.11.2025წწ. პერიოდში გადახდილია 620 ლარი. შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება, კერძოდ, საურავი 49 394.17 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე №ბს-222-219(კ-14)), გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან მიუხედავად გულისხმიერი და ჯეროვანი მიდგომისა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებებისადმი, სამართლებრივი შეცდომის დროს, პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

როგორც აღინიშნა გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერების საფუძვლით საურავის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს და უთითებს, რომ ოპერაციის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომპანიამ თავიდან შეაფასა მომხდარი ოპერაციის დაბეგვრის რეჟიმი, რაც მისივე პოზიციით განპირობებული იყო დაბეგვრის თაობაზე არაერთგვაროვანი მიდგომებით.

გადასახადის გადამხდელის მხრიდან არაზუსტი დეკლარაციის დაზუსტების და თავიდან შეფასების შედეგად განხორციელდა 914 226 ლარის დამატებითი დარიცხვა, რამაც დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით გამოიწვია საურავის დარიცხვა 106 635.83 ლარის ოდენობით. ფაქტია რომ გადასახადის გადამხდელი ოპერაციის შიდა შეფასების განმეორებით შეფასების შედეგად თავადვე მივიდა ოპერაციის დაბეგვრის კანონიერების თაობაზე დასკვნამდე. წარმოდგენილი გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ დაბეგვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დროის კონკრეტულ პერიოდში პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით, რის შედეგადაც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების არადროული დეკლარირება/გადახდა, რამაც თავის მხრივ დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით გამოიწვია საურავის დარიცხვა 106 635.83 ლარის ოდენობით.

შესაბამისად მოცემული თვითიმედოვნებით განპირობებული ქმედება ვერ დაადასტურებს პირის კეთილსინდისიერებას და აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის, მე-7 ნაწილის შესაბამისად ვერ გახდება დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით დაკისრებული, კუთვნილი კანონიერი საურავის გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების დაზუსტების საფუძვლით დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ვინაიდან, საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება, არამედ გადასახადის დაგვიანებით გადახდა გამოწვეული იყო მხოლოდ არცოდნის/შეცდომის საფუძვლით, შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დარიცხული საურავისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ დაზუსტებულია მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2024 წლის დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, მაისის, ივლისის და სექტემბრის დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა გაზრდილია სულ 914 226,00 ლარით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 201 842.10 ლარით, ხოლო მოგების გადასახადი - 712,383.90 ლარით. გადასახადები დარიცხულია შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით.

აღნიშნული თანხების დარიცხვამდე, 2025 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხება ზედმეტობა 77 667.66 ლარი. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 07.11.2025 წლიდან 08.11.2025 წლამდე დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად გადასახადზე დარიცხულია საურავი 106 635.83ლ, 2025 წლის 7 ნოემბერს გადახდილია 893 180.00 ლარი, რითაც ძირითადი დავალიანება დაფარულია სრულად და ასევე დაფარულია საურავის ნაწილი 56 621.66 ლარი. შედეგად, მომჩივანს 2025 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - საურავი 50 014.17 ლარი. ამასთან, 07.11.2025-16.11.2025წწ. პერიოდში გადახდილია 620 ლარი. საწარმოს 2025 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება, კერძოდ, საურავი 49 394.17 ლარი.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების დაზუსტების საფუძვლით დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 53 (1); 272; 269 (7).