გადაწყვეტილება №19826/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19826/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 30.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19826/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №056-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11052 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 009,06 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 45 404
დღგ - 21 614
საშემოსავლო გადასახადი - 23 790
ჯარიმა - 21 867,5
საურავი - 21 737,56
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №056-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, სადაც შესაძლებელია ჯგუფების მიხედვით იდენტიფიცირება, გამოიყენოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (არანაკლებ დეკლარირებული ფასნამატი) საქონლის სახეობების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (საქონლის დაკავშირება) შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება შემდეგი გარემოება: 2019 წელს დოკუმენტურმა რეალიზაციამ შეადგინა - 1,75%, ხოლო 2020 წელს - 6,45%. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს დოკუმენტური რეალიზაციიდან 2,98% მეწარმის მიერ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე (---------- (პ/ნ ----------) - შვილი), შესაბამისად მომჩივნის მიერ დოკუმენტური რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება მეთოდურ მითითებას „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ინსტრუქციას“ შეადგენს 3,46%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემმოწმებლების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №056-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11052 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე და იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციები ფასნამატის დადგენაში მონაწილეობას არ იღებს. ხოლო, დარჩენილი დოკუმენტური რეალიზაცია, რაც შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 3,46%-ს, არაარსებითია და ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშებისას ეხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატით. აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა და თავის გადაწყვეტილების მიზეზად მოჰყავს ის გარემოება, რომ დოკუმენტურ რეალიზაციაში 2,98% შეადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია და შესაბამისად დარჩენილი დოკუმენტური რეალიზაცია არ აღემატება 5%-ს. აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნულ მოქმედებას და არგუმენტს არ ეთანხმება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში ნათლად და გარკვევით წერია, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება. გადაწყვეტილებაში არსად არ იკითხება და არსად არ წერია, რომ აუდიტის დეპარტამენტს დამატებით უნდა შეესწავლა დოკუმენტური რეალიზაციის პროცენტული ოდენობა. თუ შემმოწმებლები დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის დადგენისას არ დაეყრდნობოდნენ და არ გაითვალისწინებდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ საქონელს, მათ კვლავ რჩებოდათ სხვა პირებზე დოკუმენტებით რეალიზებული საქონელის 139 შემთხვევა (26 265 ლარი), რომლიდანაც სავსებით შესაძლებელია დადგინდეს დოკუმენტური ფასნამატის ოდენობა. მიუხედავად აღნიშნულისა, შემმოწმებელმა არ გამოიყენა მომჩივნის მიერ რეალიზებული დოკუმენტური ფასნამატი და იხელმძღვანელა შემოწმებული მესამე პირის ფასნამატით.
გაურკვეველია რა პრინციპით მოხდა აღნიშნული ფასნამატის მოძიება, ვინაიდან მომჩივნისთვის ცნობილია მარნეულის რაიონში ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების არაერთი ჩატარებული შემოწმების შედეგი (შედგენილია შემოწმების აქტები, ან გაუქმებულია შემოწმების ბრძანება), სადაც შემოწმების მიერ დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა უფრო ნაკლები, ვიდრე მის მიერ არის დეკლარირებული. აღნიშნული პირები არიან - ი/მ ---------- (ს/ნ ----------), ი/მ-----------(ს/ნ ----------) და ი/მ ---------- (ს/ნ -----------). ამიტომ ითხოვს, შემოწმების ფარგლებში არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნას მისი დოკუმენტური ფასნამატი, ან უკიდურეს შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნას მის მიერ ჩამოთვლილი მესამე პირების ფასნამატი.
ითხოვს, დაკორექტირდეს აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №056-6 საგადასახადო მოთხოვნა და გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის დასკვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, სადაც შესაძლებელია ჯგუფების მიხედვით იდენტიფიცირება, გამოიყენოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (არანაკლებ დეკლარირებული ფასნამატი) საქონლის სახეობების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, 2019 წელს დოკუმენტურმა რეალიზაციამ შეადგინა - 1,75%, ხოლო 2020 წელს - 6,45%. 2020 წელს დოკუმენტური რეალიზაციიდან 2,98% მეწარმის მიერ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე (----------- (პ/ნ -----------) - შვილი), შესაბამისად მომჩივნის მიერ დოკუმენტური რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება მეთოდურ მითითებას „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ინსტრუქციას“ შეადგენს 3,46%-ს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის მოცულობა არაარსებითია და ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია სრულყოფილად, შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრისთვის უკიდურეს შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნას მის მიერ ჩამოთვლილი მესამე პირების ფასნამატი, საბჭო მიუთითებს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31537 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №056-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11052 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის მოცულობა არაარსებითია და ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისთვის.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);102(1);161(1);