გადაწყვეტილება №22020/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22020/2/2024
22 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22020/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №007-311 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 556 415 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 271 986
დღგ - 209 356
მოგების გადასახადი - 11 199
საშემოსავლო გადასახადი - 51 431
ჯარიმა - 145 957
საურავი - 138 472
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1998 წლის 23 აპრილიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2020 წლის 22 იანვრიდან. ანგარიშსწორება ხორციელდება უმეტესად ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ და შემოწმების მიერ მოთხოვნილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენების მიზნით დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესში გამოგზავნილ იქნა ზემოაღნიშნული ძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2018 წელს შპს „----------“ და შპს „----------“ (ს/ნ ---------) შორის გაფორმდა ხელშეკრულება „სანაცვლო შესრულების პირობით უძრავი ნივთის საკუთრების გადაცემის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შპს „---------- ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას შპს „----------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ----------) და მიწის სანაცვლოდ შპს ,,----------’’ აღნიშნულ კორპუსებში გადასცემს უძრავ ქონებას (ბინებს, ავტოფარეხებს და კომერციულ ფართებს). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოსული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „----------“ 2020- 2022 წლებში ჯამურად გადაეცა 812.59 კვ.მ. (10 ერთეული) უძრავი ქონება. წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2020-2021 წლებში საწარმოს ანაზღაურების გარეშე დამატებით გადაეცა 1056.23 კვ.მ. (22 ერთეული) უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შპს „----------“ დამფუძნებლებზე და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფიზიკურ პირზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების (საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის) გათვალისწინებით, შპს „----------“ ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ფიზიკურ პირზე, დაკვალიფიცირდა შპს „----------“ მიერ აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების საბაზრო ფასით (ჯამში 1 360 241 ლარად (დღგ-ის ჩათვლით)) მიწოდებად (საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა იგივე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, იგივე პერიოდში მშენებელი კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასები) და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32751 ბრძანება და №007-371 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13964 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2.11.2023 წლის №27094 ბრძანება და
№007-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იყო აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, და ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილ დასკვნაში მითითებული პოზიცია, თითქოს კომპანიამ არ წარადგინა მტკიცებულებები, არ შეესაბამება რეალობას.
კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა ჩათვლის დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ იმ მიზეზით, რომ გამომწერ კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის შედეგების საფუძველზეც გამოიწერა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სხვა სადავო საკითხების ფარგლებში გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და გპაბ-ზე შემოწმებით დარიცხული თანხები აღრიცხულია, როგორც არაღიარებული საგადასახადო დავალიანება. მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ნიშნავს გამომწერის მიერ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების აღიარებას ხსენებულ ნაწილში, შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტების წარდგენისას აუდიტის დეპარტამენტს ერთის მხრივ, უნდა განეხორციელებინა დეველოპერის გპაბ-ზე დავალიანების თანხების შესაბამისი კორექტირება - აუღიარებელი საგადასახადო დავალიანების აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში გადატანა, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტები უნდა გაეთვალისწინებინა შპს „----------“ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების პროცესში.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ განახორციელა შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 N13964 ბრძანების აღსრულება.
ფორმალურად საგადასახადო ორგანო ზემოხსენებული ბრძანების აღუსრულებლობას ხსნის იმ გარემოებით, რომ „----------“ მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მომხდარა ჩათვლის დოკუმენტების/მტკიცებულებების (საგადასახადო ა/ფაქტურების) წარდგენა. აღნიშნული გარემოება, რაზეც საგადასახადო ორგანო აფუძნებს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღუსრულებლობას, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან კომპანიის მიერ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებებით დასტურდება „----------“ მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის ჩათვლის დოკუმენტების ბრძანებით დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტი. შინაარსობრივი თვალსაზრისით (ფაქტიურად) აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა „----------“ მიერ წარდგენილი ჩათვლის დოკუმენტების გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინება, რადგან გამომწერს „----------“) საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის შედეგების საფუძველზეც გამოიწერა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სხვა სადავო საკითხების ფარგლებში, გასაჩივრებული აქვს საქართველოს საერთო სასამართლოებში და საგადასახადო ბარათზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ჯერ კიდევ აღრიცხულია არ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მტკიცებით ქმნის ტექნიკურ პრობლემას, გადაანგარიშების პროცესში მოახდინოს ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინება.
კომპანია დავის განმხილველ ორგანოს მიუთითებს ორ გარემოებაზე:
საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების საფუძველზე „----------“ მიერ „----------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ნიშნავს, მის „----------“ მიერ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების აღიარებას ხსენებულ ნაწილში.
შესაბამისად, „----------“ მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ჩათვლის დოკუმენტების წარდგენისას, აუდიტის დეპარტამენტს ერთის მხრივ უნდა განეხორციელებია „----------“ საგადასახადო ბარათზე დავალიანების თანხების შესაბამისი კორექტირება (მ.შ. „----------“ შესაბამისი ახსნა-განმარტების მიღების შემდეგ): აუღიარებელი საგადასახადო დავალიანების აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში გადატანა, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტები უნდა გაეთვალისწინებინა „----------“ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების პროცესში.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომ ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინება, ტექნიკურად ვერ განხორციელდება, „----------“ საგადასახადო დავის დასრულებამდე, მოკლებულია იურიდიულ საფუძველს.
შემოსავლების სამსახურს თავისი გადაწყვეტილებით უნდა მოეხდინა კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრის არა ნაწილობრივი დაკმაყოფილება, არამედ სრულად დაკმაყოფილება და უნდა დაევალებინა აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.
მოითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ მისთვის წარდგენილი ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების პროცესში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:
ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);
ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13964 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2.11.2023 წლის №27094 ბრძანება და
№007-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურმა 29.12.2023 წლის №33876 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;173(1);174(1,3);175(1):176(1):178(დ);