ბრძანება N 44503-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 44503
18/12/2019
შპს ------------
(მის.: ---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 სექტემბრის №021-129 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 01 ნოემბრის (ოქმი №78) 13 დეკემბრის (ოქმი №90) სხდომებზე.
წარმოდგენილი საჩივრით გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
. - საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირებისგან შეძენილი სხვადასხვა სახეობის საქონლის დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელი მიუთითებს, რომ საქართველოს კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა მათ ტერიტორიაზე განხორციელდა დროებითი შემოტანის რეჟიმში და აქტში აღნიშნულისგან განსხვავებული ოდენობით.
- საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირზე მიწოდებული სხვადასხვა სახეობის საქონლის დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელი მიუთითებს, რომ საქონლის ადგილზე მოხმარებისას, როგორიც არის მისი გადამუშავება, სხვა საქონლად ჩამოყალიბება ან სხვა, საქონლის მიწოდება არ იბეგრება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 13 თებერვლის №3076 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის სრული გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე 2019 წლის 25 სექტემბერს გამოიცა №33211 ბრძანება და №021-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1,578,537.59 ლარი, მათ შორის გადასახადი 848,127 ლარი, ჯარიმა 424,122 ლარი, საურავი 306,288.59 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ:
-. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირებისგან შეძენილი სხვადასხვა სახეობის საქონელი (სპირტი) და მასალები, ხოლო აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას არ ასრულებს კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის შეძენის შემთხვევაში გადაიხადოს შესყიდული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით საწარმოს განესაზღვრა დასაბეგრ ოპერაციებზე კუთვნილი 4%-იანი გადასახადი.
- საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირზე მიწოდებული სხვადასხვა სახეობის საქონელი (სპირტი), ხოლო აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას არ ასრულებს კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით საწარმოს განესაზღვრა თიზ- ის დასაბეგრ ოპერაციებზე კუთვნილი 4%-იანი გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანისას ამ საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურა. ამასთანავე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას ეს საქონელი, ოდენობის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით.
სსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტიდან დადგენილია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირებისაგან შეძენილი საქონლის (სპირტის) და მასალების თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანა და სხვადასხვა საქონლის (სპირტის) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირზე მიწოდება, რაც წარმოადგენს საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა კანონშესაბამისია და აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარში არ არის დასაბუთებული, სადავო აქტის კანონსაწინააღმდეგობა ან მისი მომზადების/გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი ან ფორმალური საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირებისგან შეძენილი სხვადასხვა სახეობის საქონლის და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირებზე მიწოდებული საქონლის დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ: საწარმოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უფიქსირდება სხვადასხვა სახეობის საქონლის (სპირტი) და მასალების საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირებისგან შეძენა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ პირზე მიწოდება. საწარმო აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას არ ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სსკ-ს 25-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების შედეგად საწარმოს ზემოაღნიშნულ დასაბეგრ ოპერაციებზე განესაზღვრა კუთვნილი 4%-იანი გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარში არ არის დასაბუთებული, სადავო აქტის კანონსაწინააღმდეგობა ან მისი მომზადების/გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი ან ფორმალური საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 25(2); 25(3)
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 მუხლი