ბრძანება N 16560

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 16560
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16560

23 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.:-----)

2025 წლის 6 ივნისის და

3 ივლისის საჩივრების ნაწილობრივ

დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის და 17 ივლისის სხდომებზე (ოქმი N 50 და N 56) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 6 ივნისის N 96083/1/2025 და 3 ივლისის N 96601/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის N 068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საქონლის ნაშთის ოდენობას და მიუთითებს, რომ შემოწმებამ საქონლის ნაშთი დაადგინა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე და არ განუხორციელებია საქონლის აწონვა. ამასთან, აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რატომ განისაზღვრა მზესუმზირის კოპტონის საბაზრო ფასი ექსპერტიზის დასკვნით, მაშინ როდესაც, სხვა საქონელზე შემოწმებამ გამოიყენა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. მიაჩნია, რომ ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა მეთოდის გამოყენება არასამართლიანია და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 დეკემბრის N 26176 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 13 იანვრიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 მაისის N 9238 ბრძანება და ამავე თარიღის N 068-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 006 259 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 169 354 ლარი, ჯარიმა 578 663 ლარი, საურავი 258 242 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს მარცვლეული კულტურის (სიმინდი, ხორბალი, შვრია, კოპტონი, ქერი და ა.შ) იმპორტი ----- და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ (მცირე რაოდენობით). ამასთან, გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მარცვლეულის რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 18 დეკემბრის N 26553 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა და დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა. აღნიშნული მასალების ანალიზის საფუძველზე, გამოვლინდა სხვაობა ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ სმფ-ებსა და ბუღალტრულად არსებულ სმფ-ებს შორის. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული საქონელი მიჩნეულ იქნა რეალიზებულად და შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შესაბამისი პერიოდის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, ხოლო იმ საქონლის რაოდენობაზე (მზესუმზირის კოპტონი), რომელზეც არსებობდა ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი, გამოყენებულ იქნა აღნიშნული ფასი. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2 455 643 ლარით. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 3 622 073 ლარი დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა, რომლითაც გამოვლინდა სხვაობა ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ სმფ-ებსა და ბუღალტრულად არსებულ სმფ-ებს შორის. აღნიშნული საქონელი მიჩნეულ იქნა რეალიზებულად და შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შესაბამისი პერიოდის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, ხოლო იმ საქონლის რაოდენობაზე (მზესუმზირის კოპტონი), რომელზეც არსებობდა ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი, გამოყენებულ იქნა აღნიშნული ფასი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოწმების მიერ საქონლის ნაშთის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილ ხელწერილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 18 დეკემბრის N 26553 ბრძანების საფუძველზე კომპანიის კუთვნილ ობიექტში ჩატარებული ფაქტიური აღწერის მონაცემებს ეთანხმება და არ გააჩნია პრეტენზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე შემოწმების მიერ განსაზღვრულ მზესუმზირის კოპტონის ფასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელისთვის გაუგებარია თუ რატომ განისაზღვრა მზესუმზირის კოპტონის საბაზრო ფასი ექსპერტიზის დასკვნით, მაშინ როდესაც, სხვა საქონელზე შემოწმებამ გამოიყენა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. მიაჩნია, რომ ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა მეთოდის გამოყენება არასამართლიანია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მზესუმზირის კოპტონზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მზესუმზირის კოპტონზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა და გამოვლინდა სხვაობა ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ სმფ-ებსა და ბუღალტრულად არსებულ სმფ-ებს შორის. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მზესუმზირის კოპტონზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159; 275.