გადაწყვეტილება №22349/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22349/2/2024
16 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 22.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22349/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-333 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2649 ბრძანება
დარიცხული თანხა: 215 324.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 138 010
დღგ - 106 774
მიწის გადასახადი (სასოფლო)- 84
საშემოსავლო გადასახადი - 30 821
ქონების გადასახადი - 331
ჯარიმა - 63 269
საურავი - 14 045.79
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33205 ბრძანება და №001-333 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2649 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში შემმოწმებლებთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად. არ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 ივლისს. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში სოფელ ------- აქირავებდა მის მიერ სამომავლო უფლებით შეძენილ (მესაკუთრე ამჟამადაც არის შპს ,,-------’’) კოტეჯებს. შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართის) შეძენა-რეალიზაცია.
გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია, რამაც შეუძლებელი გახადა დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მომჩივნის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სოფელ ------- მხოლოდ ზაფხულის სეზონზე კოტეჯების გაქირავების დღიურ რაოდენობად აღებული იქნა თვეში 20 დღე, ხოლო დღიურ ღირებულებად საშუალოდ 150 ლარი, ანალოგიურად სოფელ ------- გადამხდელმა შეიძინა 4 კოტეჯი, რომელზეც გაანგარიშდა გაქირავებით მიღებული შემოსავალი.
შემოწმების შედეგად, დღგ-ით დაიბეგრა იჯარით მიღებული, უძრავი ქონების რეალიზაციით და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ წარუდგენია შემოწმებისათვის დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით კი შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დაანგარიშება, შემოსავლების სამსახურმა კანონზომიერად მიიჩნია საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. ასევე განმარტავს, რომ შემოწმებით საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის მიერ, უძრავი ქონების დღგ-ის გადამხდელი შპს ------- შეძენა, განხორციელდა 2020 წლის დეკემბერში, შესყიდვის ღირებულება შეიცავდა დღგ-ის, რომელსაც იხდიდა, თუმცა, მისი დაბრუნება არ ხდებოდა იმის გამო, რომ არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შპს ------- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის განვადებით შეძენილი უძრავი ქონებების ღირებულება, შეადგენს 260 000 აშშ დოლარს, მას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე, გადახდილი ჰქონდა 34 272 აშშ დოლარი, რომელიც შეიცავს დღგ-ის თანხასაც, თუმცა, დღგ-ის დაბრუნება ვერ მოხდებოდა მისი, როგორც ფიზიკური პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე.
მომჩივნის მიერ ხორციელდება შპს ------- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი უძრავი ქონებების (კოტეჯების) პერიოდულად გაქირავება, ქირის სახით მიღებულ შემოსავალს, ადეკლარირებს (მომსახურებას უწევს ბუღალტერი) და სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ქირის სახით მიღებული თანხის დღგ-ს.
მისი ძირითადი საქმიანობა, არის იურიდიული მომსახურების გაწევა, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. იურიდიული მომსახურების გაწევა, ხორციელდება სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა/რწმუნებულების ან/და ორდერის საფუძველზე, მომსახურების შესახებ ხელშეკრულება კი, უმეტეს წილად, ფორმდება ზეპირსიტყვიერად, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს როგორც წერილობით, ასევე ზეპირად. რწმუნებულებებსა და ორდერის ასლებს, წარმოადგენს კლიენტებთან შეთანხმებისა და მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ვინაიდან, ეს დოკუმენტები შეიცავს მათ პერსონალურ და პირად ინფორმაცია (იურიდიული დახმარების - პრობლემის არსებობის შესახებ ინფორმაციას, პირად ნომერსა და ა.შ) იგი ადეკლარირებს, ანუ შემოსავლის წარდგენა ხდება ყოველთვიურად იურიდიული მომსახურების გაწევისათვის მიღებული თანხების შესახებაც და ამ თანხების დღგ-საც იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.
მისი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის მიმართ, დისკრიმინაციული დამოკიდებულება და მოქმედებები, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც მის მიერ, სს თიბისი ბანკიდან აღებული სესხით მოხდა შპს ------- უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) შეძენა და კანონის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს წარედგინა დეკლარაცია დღგ-ის დაბრუნების შესახებ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით (ერთიანი გადახდის გამო) დასაბრუნებელი დღგ, შეადგენს 49 606 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა, უკანონოდ და უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ აღნიშნულ ქონებას არ გამოიყენებდა დღგ-ის დასაბეგრი შემოსავლების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით აუდიტის დეპარტამენტს ახსნა-განმარტებითაც დაუდასტურა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, დღიური გაქირავებითაც იყო გაქირავებული და ეს შემოსავალი დაადეკლარირა, ასევე, მას როგორც ადვოკატს, რომელიც საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალს უხდის სახელმწიფოს, უფლება აქვს საქმიანობა (წერა-კითხვა-კონსულტაცია-ამობეჭდვა-კლიენტის მიღება-საჩივრისა და შუამდგომლობის გადაგზავნა-დარეგისტრირება) განახორციელოს ნებისმიერი ადგილიდან და მისამართიდან, რომელსაც გამოიყენებს ასეთი საქმიანობისათვის და ეს მისამართიც ამ საქმიანობისათვის გამოიყენება.
ადვოკატს, ოფისი და საქმიანობის ადგილი შეიძლება ჰქონდეს არაერთ ადგილზე, ასევეა ისიც. მისი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება ორი მისამართიდან: -------, -------, ------- (ასეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული) და -------, -------, ------- (ასეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული), ასევე, საქმიანობას ახორციელებს ------- მდებარე კოტეჯებიდან, თუ იქ იმყოფება, საზღვარგარეთის სასტუმროს ნომრებიდან თუ არ არის საქართველოში და ა.შ.
შემოსავლების სამსახურმა, ვერ გაითვალისწინა საქმიანობის სპეციფიკა, რომ, ადვოკატების საქმიანობის ,,მატერიალური რესურსი“ არის გონება, ცოდნა, გამოცდილება, რომელიც სულ თან დააქვთ და ახლავთ, სადაც არ უნდა იყვნენ, ასევე ტელეფონი და ,,ლეპტოპი“, რომელიც მას პირადად, სულ თან აქვს, მათ შორის მოგზაურობისასაც კი. იმისათვის, რომ უკანონოდ ეთქვა დღგ-ის დაბრუნებაზე უარი და პირიქით, ამ თანხით დაეჯარიმებინა შემოსავლების სამსახურს, მან სრულიად დააკნინა ადვოკატის, როგორც პროფესიის დანიშნულება და საქმიანობის მნიშვნელობა, დღგ-ის ჩათვლით ნაყიდი უძრავი ქონების მხოლოდ საცხოვრებლად გამოყენება ისე მიიჩნია დადგენილად, რომ არც მის ახსნა-განმარტებას მიანიჭა რაიმე მნიშვნელობა და არც ადგილზე შეუმოწმებია სამუშაო გარემო (საქმის მასალები, ლეპტოპი, საბეჭდი და ქსეროქსის საშუალებები, ახსნა-განმარტებაში მითითებული პირების მიერ მომსახურების ამ მისამართზე მიღების ფაქტები). აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია მიეთითა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების აქტში, თითქოსდა მონიტორინგის ჯგუფი არ შეუშვა სახლში, მაშინ როდესაც, მის ტელეფონზე განხორციელებული ზარით, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლად გაეცნო, მხოლოდ ის ჰკითხა, გარემონტებულ მდგომარეობაში იყიდა თუ არა ბინა და როგორ მოასწრო მოკლე დროში გარემონტებაც და გაქირავებაც, რის შემდეგაც, მან შესთავაზა ადგილზე მოსვლა და დათვალიერება, ხოლო, კუთვნილი ტელეფონის ნომერზე არსებულ ვიბერის ქსელში, გადაუგზავნა ფეისბუქით მის მიერ 2023 წლის 24 იანვარს გამოქვეყნებული პოსტი (ვიდეორგოლო) სადაც ჩანს, რომ აბსოლუტურად გარემონტებული იყო ბინა და მასში მცირე ავეჯი და ფარდები იყო შეტანილი. ამის შემდეგ, პასუხად მიიღო, რომ ,,საკმარისიაო“, ეს მტკიცებულება, ინახება მის ტელეფონში, რასაც წარმოადგენს ზეპირი მოსმენის დროს, ხოლო თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდება, წარადგენს სასამართლოში.
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა. ინდ. მეწარმე -------, დღგ-ის თანხას იბრუნებს ავტომატური დაბრუნების რეჟიმში, შესაბამისად, 2023 წლის 3 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დეკლარირებული დღგ, უნდა დაბრუნებულიყო ავტომატურად, თუმცა, დღგ-ის თანხის 49591.05 ლარის ასახვა მოხდა ,,ზედმეტობაში", დაბრუნება კი, მისთვის გაურკვეველი მიზეზით, არ განხორციელდა. შემოსავლების სამსახური, დასაბრუნებელი დღგ-ის ზედმეტობას, ადასტურებს შედარების აქტითა და ცნობით. დღგ-ის 49591.05 ლარის დაბრუნების შესახებ, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციაში იყო მისი ბუღალტერიც, მიმდინარეობდა სატელეფონო და მიმოწერითი ურთიერთობა, ხოლო იმის გამო, რომ პროგრამულად ავტომატური დაბრუნების რეჟიმში იყო მომჩივანი, ცალკე განცხადების ატვირთვა დღგის დაბრუნების მოთხოვნით, ვერ ხორციელდება სწორედ პროგრამული სტრუქტურის გამო.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოთხოვნილ იქნა სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გარკვეული ინფორმაციების წარდგენა, მათ შორის საბანკო ამონაწერებისა და კონკრეტული ჩარიცხვების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაც წარედგინა ზოგ შემთხვევაში ბუღალტერის, ზოგ შემთხვევაში კი მის მიერ. შემოსავლების სამსახურის მიერ, დამატებით მოთხოვნილ იქნა კლიენტებთან გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებისა და დღიურად ბინის გაქირავების შესახებ ხელშეკრულებების წარდგენა, რაზედაც განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციები წარმოადგენს პერსონალურ, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებს, რომელთა გაცემაც (გავრცელებაც) წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულს და მათი მოთხოვნა იყო კანონსაწინააღმდეგო. აღნიშნული დასტურდება ელექტრონული მიმოწერით, რომელიც წარადგინა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის დანართად.
საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა არღვევს, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე საგადასახადო კოდექსითა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ერთმნიშვნელოვნად ასახულ ნორმებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურმა და აუდიტორებმა.
აუდიტორების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას და შემდეგომ ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, დამალულ იქნა ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც პრეიუდიციულ ფაქტად ითვლება და მისი ,,დამალვა“ და არ გამოყენება, დანაშაულს წარმოადგენს, კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა, მართალია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ (ვინაიდან მას შემოსავლების სამსახურის თანამშრომელისათვის გადაგზავნილი ჰქონდა ყველა პერიოდის ყველა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები), მიმართა სასამართლოს იმ საფუძვლით თითქოს და მან არ წარადგინა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სასამართლოსაგან მოითხოვა ბრძანების გაცემა საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო დაწესებულებიდან სრული ინფორმაციის მიღების შესახებ. სწორედ იმის გამო, რომ მომჩივანს ამისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, სასამართლო სხდომაზეც კი არ გამოცხადდა და საწინააღმდეგო პოზიციაც არ დაუფიქსირებია, ასევე არ გაუსაჩივრებია მიღებული ბრძანება, რომლითაც აუდიტორებს მიეცათ უფლება ინდ. მეწარმე ------- ყველა საბანკო ანგარიშიდან სრული ინფორმაციის მიღებისა, თუმცა, აუდიტორებმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარადგინეს ბანკებში, არ გამოითხოვეს ინფორმაცია, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენდა რეალური შემოწმების ჩატარება და მიზანი იყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების ხელოვნურად შექმნა.
2023 წლის 25 დეკემბერს, გამოიცა საგადასახადო აქტი და ბრძანება №33205 და საგადასახადო მოხოვნა №001-333, რომლის მიხედვითაც, სულ გადასახდელად დაეკისრა 215 324.79 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, მის მიმართ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73 -ე მუხლის მე-5 ნაწილი იმის გამო, რომ არ შეასრულე მათი მოთხოვნა, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების (დაუშტრიხავი ფორმით) გადაგზავნის შესახებ და არ გააჩნდა რაიმე სახის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია. მან განუმარტა, რომ ადვოკატის მიერ დგება მომსახურების ხელშეკრულება და მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით ხდება თანხის გადახდა, მომსახურების ღირებულების მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, რაც ასახულია საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, ეს თანხები ასახულია ყოველთვიურ, ასევე წლიურ დეკლარაციებში, დეკლარაციები წარმოებულია ელექტრონული ფორმით და ასახულია rs-ზე და გადახდილია კანონით დადგენილი ყველა გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის მიერ, მისი პოზიცია ჩაითვალა აუდიტთან თანამშრომლობაზე უარის თქმად და დოკუმენტაციის წარუდგენლობად, რითიც შექმნეს მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ,,სამართლებრივი“ საფუძვლები და საგადასახადო აქტი გამოიცა არაპირდაპირი მეთოდით. იმ შემთხვევაშიც კი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება კანონიერიც, რომ ყოფილიყო, აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ და მასში სხვა შეტანილი ცვლილებებით (ცვლილებები განხორციელებულია ბრძანებების სახით). „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით დადგენილია არაპირდაპირი მეთოდის არსი, სახეები და პრინციპები.
მუხლი 1. რეგულირების სფერო
„პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს.
მუხლი 2. მიზანი
ამ მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.
მუხლი 3. არსი
საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გულისხმობს სამეურნეო ოპერაციის დასაბეგრი თანხის ცვლილებას, ამავე სამეურნეო ოპერაციის ფორმის კვალიფიკაციის შეუცვლელად.
მუხლი 6. საფეხურები
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა ხორციელდება ორი სავალდებულო საფეხურის გავლით:
ა) პირველი საფეხური - საფუძვლის დადგენა;
ბ) მეორე საფეხური - მეთოდის შერჩევა-გამოყენება.
2. საფეხურების გავლის მიზანია, რომ პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის ქმედებები იყოს თანმიმდევრული და დასაბუთებული.
3. ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესაძლებელია დადგინდეს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთზე მეტი საფუძველი. ამასთან, შეირჩეს და გამოყენებულ იქნას ერთზე მეტი არაპირდაპირი მეთოდი, თუ პირი ახორციელებს, ერთზე მეტ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას.
თავი 2 - საფუძვლები და მათი დადგენა
მუხლი 7. საფუძვლების არსი და დადგენის პრინციპები
1. საფუძველი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობის ან/და წინაპირობათა ერთობლიობის არსებობას.
2. პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი პირობა:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა;
ბ) დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა;
გ) ერთზე მეტი კანონშეუსაბამობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ მეთოდური მითითების მე-10 მუხლით.
3. სათანადო საფუძვლ(ებ)ის დადგენის მიზნით, აუდიტორმა უნდა უზრუნველყოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება.
4. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტორი უფლებამოსილია:
ა) გადასახადის გადამხდელისგან ან მესამე მხარისგან მოითხოვოს ან/და გამოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია;
ბ) გაეცნოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთან ან/და შესაბამის სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა პირთა მონაცემებს;
გ) გარდა გადასახადის გადამხდელისა, დამატებით გაესაუბროს საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს ან/და ორგანოებს;
დ) დაათვალიეროს ობიექტი, საწყობი, საამქრო, საქმიანი ეზო და ა.შ.;
ე) მოიწვიოს სპეციალისტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა;
ვ) მოითხოვოს მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარება;
ზ) განახორციელოს პირის მიმართ შეგროვებული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი.;
თ) მოიპოვოს და დაამუშაოს სხვა შესადარისი პირის საგადასახადო კონტროლის ან/და საგადასახადო დავის მასალები.
ი) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეგროვების, გამოკვლევის და სანდოობის შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
5. სათანადო საფუძვლ(ებ)ის დადგენის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გავლილია პირველი საფეხური და აუდიტორი უფლებამოსილია გადავიდეს არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის შერჩევა/გამოყენებაზე, რაც გულისხმობს მეორე საფეხურის დაწყებას.
მუხლი 8. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა
1. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მიზეზით შექმნილ ნებისმიერ გარემოებას, რომლის შედეგადაც აუდიტორს არ მიეცა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.
2. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობად მიიჩნევა:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის კანონით დადგენილ ვადაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობა;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ მის სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან აუდიტორის დაშვებაზე უარის გაცხადება;
გ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეუნახველობა იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც არის ეს სააღრიცხვო დოკუმენტი აუცილებელი;
დ) სამეურნეო ოპერაციებზე სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოუწერლობა/შეუდგენლობა;
ე) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის მიზეზით აუდიტორს არ მიეცა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.
3. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა შეიძლება განისაზღვროს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილის მიმართ.
4. მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობად არ ჩაითვლება:
ა) თუ დადგინდა, რომ შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან მისი ნაწილი გადასახადის გადამხდელისგან ამოღებულია საგადასახადო, საგამოძიებო, სხვა მაკონტროლებელ ან/და მარეგულირებელ ან/და ზედამხედველ ორგანოთა მიერ, მათ შორის, ამავე ან/და სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ;
ბ) თუ სააღრიცხვო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით გამოწერილია ავტორიზებული გვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
გ) შედარების მეთოდი - სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობისას.
4. პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი საქმიანობის სპეციფიკა, სეზონურობა და ყველა ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს პირის შემოწმების შედეგებზე.
მუხლი 23. შედარების მეთოდი
1. შედარების მეთოდი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას სხვა შესადარისი პირის შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
2. შესადარისია პირი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში განეკუთვნება განსახილველი პირის სიდიდის კატეგორიას (მცირე, საშუალოს, მსხვილი) და ამავე პერიოდში არანაკლებ 7 პუნქტში ემთხვევა განსახილველი პირისა და შესადარისი პირის შემდეგი მონაცემები:
ა) სამართლებრივი ფორმა;
ბ) საქმიანობის სფერო;
გ) საქმიანობის ფაქტობრივი ადგილი, შემდეგი რიგითობით: ქალაქი, რაიონი, რეგიონი;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
ე) დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა;
ვ) დღგ-ის ჩათვლები;
ზ) იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულება;
თ) დაქირავებულ პირთა რაოდენობა;
ი) გაცემული ხელფასების ოდენობა;
კ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულება;
ლ) საკონტროლო სალარო-აპარატების რაოდენობა;
მ) ობიექტების რაოდენობა;
ნ) დასაბეგრი ქონების ღირებულება.
3. გადასახადის გადამხდელის და შესადარისი პირის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც გამოისახება თანხობრივ სიდიდეში, დასაშვებია არსებობდეს სხვაობა 10%-ის ოდენობით, ხოლო, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც გამოისახება რაოდენობრივ სიდიდეში - ყოველ 10 ერთეულზე 2 ერთეულის ოდენობით.
4. შედარების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა:
ა) არანაკლებ 20 აქტიური პირის მონაცემის დამუშავება;
ბ) არანაკლებ 2 შესადარისი პირის იდენტიფიცირება.
აუდიტორების მიერ, ------- რაიონის სოფელ ------- და სოფელ ------- მდებარე კოტეჯების გაქირავების დღიურ ღირებულებად მიჩნეულ იქნა 150 ლარი და თვეში 20 დღით გაქირავება მიიჩნიეს გარდაუვალ რეალობად, მაშინ, როდესაც მხოლოდ ------- კოტეჯების გაქირავება ხდება მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, გაქირავების ღირებულება საშუალოდ არის 100 ლარი და 30 დღიდან ხშირად მხოლოდ 10-12 დღით ხდება გაქირავება. ტბის კოტეჯების გაქირავება მინიმუმ იმ მიზეზის გამო ვერ მოხდებოდა, რომ მათი ჩაბარება-გადმოცემა განხორციელდა სექტემბრის თვეში, ეზოს მოპირკეთება დღესაც არ არის განხორციელებული, სეზონი იწყებოდა ივნისის თვიდან, მაისის 22 რიცხვში გარდაიცვალა კომპანიის დირექტორი, ეზოს მოპირკეთება ვერ განხორციელდა, გაქირავება შეუძლებელი იყო, გაფუჭდა ცენტრალური კანალიზაცია და გადასათხრელი გახდა ეზო. მომჩივნის მიერ ვერ ხდება დამატებით ფულადი რესურსების (სესხების) მოძიება და ვერ ახორციელებს გადახდებს უკვე 11 თვეა და კომპანიისაგან მიღებული აქვს შეტყობინება-ხელშეკრულების გაუქმების გაფრთხილების შესახებ. ამასთან სოფელ -------, ასევე სოფელ ------- მდებარე კოტეჯების ცენტრალური გათბობის მთელი ზამთრის სეზონის მანძილზე ჩართულ მდგომარეობაში ქონას ითხოვს კომპანია, რათა არ მოხდეს მილებისა და სისტემის გაყინვა-დაზიანება, რის გამოც, ზამთრის სეზონზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ გადააჭარბა 10 000 ლარს და კომუნალური გადასახადის ვერ გადახდის გამო, შეწყვეტილია გაზმომარაგებაც და ელექტრო-ენერგიის მიწოდებაც.
აუდიტორების, შედარების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, წარმოეშვათ იმისი ვალდებულება, რომ სწორედ სოფელ ------- და სოფელ ------- მდებარე ანალოგიური კოტეჯების გამქირავებელი გადასახადის გადამხდელი პირის დეკლარირებული შემოსავლებისათვის შეედარებინა მისი ,,სავარაუდო შემოსავალი“, თუმცა, ვინ არიან 20-ზე მეტი ის გადამხდელი, რომელთაც შეადარეს მას, დარჩა ,,ინკოგნიტოდ“... რეალურად კი, არანაირი შედარება არ განხორციელებულა, მხოლოდ აუდიტორების ფანტაზიის შედეგად მოხდა მისი ე.წ ,,დამალული შემოსავლების“ დადგენა.
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, შემოწმების აქტის მიხედვით, ასეთია:
2021 წელს დეკლარირებული აქვს 38 876 ლარის დასაბეგრი ბრუნვა, აუდიტი კი მიიჩნევს, რომ რეალურად 154 646 ლარი ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2022 წელს დეკლარირებული აქვს 55 962 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აუდიტი კი მიიჩნევს, რომ რეალურად 205 436 ლარი ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2023 წელს დეკლარირებული აქვს 21 326 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აუდიტი კი მიიჩნევს, რომ რეალურად 74 292 ლარი ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საბოლოოდ, დეკლარირებული 116 164 ლარის ნაცვლად, ,,არწმუნებენ“, რომ 434 374 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჰქონია და სხვაობა არის 318 209 ლარი. ამ აქტით, შემოსავლების სამსახურმა სცადა პრეცედენტის დადგენა იმის შესახებ, რომ : ადვოკატმა უნდა დაარღვიოს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი, ეთიკის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (პირადი ინფორმაციის გაჟღერების აკრძალვის მიუხედავად) და იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს, დაარღვიოს მისი კლიენტის ანუ მესამე პირის ფუნდამენტური და კონსტიტუციით დაცული უფლებები, ან მას ,,დააბრალებენ, რომ არ ითანამშრომლა შემოსავლების სამსახურთან და გამოიყენებენ არაპირდაპირი მეთოდით დაბეგვრის მეთოდებს, შესადარებელ პირად და ობიექტად მიიჩნევენ, თუნდაც -------, რომელსაც არსაიდან და ფანტაზიის ფარგლებში დაუდგინეს, რომ 3 საგადასახადო წელში 434 374 ლარის ,,შოვნა“ ხდება და ამავე თანხას დაუდგენენ სხვა ადვოკატსაც მიღებულ შემოსავლად, რომელიც უნდა დაებეგრა.
ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები ჩადებულია ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 38-ე მუხლით და ,,ადვოკატის საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა“. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას ადვოკატსა და კლიენტს შორის გაფორმებული იურიდიული დახმარების ხელშეკრულებების წარდგენის თაობაზე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან და ადვოკატი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კლიენტისაგან მიღებული ინფორმაცია მათ შორის კლიენტის ვინაობაც.
,,ადვოკატის როლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების თანახმად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორცილება დაბრკოლების თუ რაიმე არასათანადო ჩარევის გარეშე და პატივი სცეს ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის ყველა კომუნიკაციისა და კონსულტაციის კონფიდენციალურობას.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის. ადვოკატი ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან, მათ შორის მისი პირადი ინტერესებიდან და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს (8.12.2012). ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, ადვოკატი ვალდებულია არ დაუშვას კომპრომისი საკუთარი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას კლიენტის, სასამართლოს ან სახელმწიფოს სხვა ორგანოს ან სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ (8.12.2012). ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიხედვით, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას. ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კონფიდენციალობის პრინციპი და ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში; ადვოკატმა განზრახ არ უნდა გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის წინააღმდეგ; ბ) საკუთარი ან მესამე პირის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შესაბამის თანხმობას განაცხადებს; ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირადი და სხვა პირების ინტერესებზე მაღლა. თუმცა კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს. კლიენტისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევა, ხშირ შემთხვევებში საჭირო ხდება და ხორციელდება მათი პირადი და ოჯახური ცხოვრებისას წარმოშობილი პრობლემების გამო (მაგალითად: მამობის დადგენა...) და კლიენტსა და ადვოკატს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და დავალების ხელშეკრულების პირობებს, კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნებით ადვოკატი დაარღვევს არა მარტო ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებას-პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების აქტში ისეთი ინფორმაციების მიუთითებლობა, როგორიც არის ჰუმანიტარული დანახარჯები და ა.შ. მეორეხარისხოვანი დარღვევებია იმასთან შედარებით, ვიდრე:
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და დღგ-ის შემოწმების სისწორის შესახებ ბრძანების საფუძველზე სრული კამერალური შემოწმების ჩატარება;
2. ადვოკატის საქმიანობის განმსაზღვრელი როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონების დარღვევით მოქმედების მოთხოვნა და კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარდგენა;
3. დღიურად ბინების დამქირავებლების პირადი ინფორმაციისა და ხელშეკრულებების წარდგენის მოთხოვნა, რაც არღვევს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების კონვენციით, კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ უფლებას;
4. საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძვლების არ არსებობა;
5. პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დარღვევა და შედარების მეთოდის გამოყენებისას დადგენილი წესების დარღვევა;
6. ადვოკატისათვის საქმიანობის ადგილად მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილისა და მისამართის ,,განსაზღვრა“ და იმის უგულვებელყოფა, რომ გარდა სასამართლოს სხდომებში ან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისა, ადვოკატის საქმიანობას წარმოადგენს სატელეფონო კონსულტაცია, სარჩელის, შუამდგომლობის, განცხადების წერა და ელექტრონულად რეგისტრაცია, პირადად კლიენტისათვის ან/და პოტენციური კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, რასაც ადვოკატები ახორციელებენ, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მისამართზე და რომ -------, ------- მდებარე საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა, მომჩივანი სად დაიძინებს, ასევე წარმოადგენს მისი, როგორც ადვოკატის საქმიანობის განხორციელების ადგილს(აც).
ყველა ეს დარღვევა კი, ზემოაღნიშნული ეროვნული და საერთაშორისო კანონების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლებს.
ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2023 წლის 27 დეკემბრის №33205 ბრძანების, 2023 წლის 27 დეკემბრის №001-333 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2649 ბრძანების ბათილად ცნობას და საჩივრის დაკმაყოფილებას.
2. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელსაც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებდა, მათ შორისაა საცხოვრებელი ბინა (ს.კ -------), რომელიც 2023 წლის იანვარში შეძენილ იქნა შპს ------- (ს/ნ -------). აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების, კერძოდ, დათვალიერების ჩატარების მიზნით, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №2457 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, 2023 წლის 24 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები მივიდნენ ობიექტზე, ვინაიდან ობიექტი არის საცხოვრებელი ბინა, შედგა სატელეფონო საუბარი ბინის მესაკუთრესთან ი/მ ------- და შესთავაზეს ხსენებული ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, რაზედაც პირმა განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობით არის საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს თვითონ, ხოლო დათვალიერების ჩატარებაზე უარი განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, პირს აღნიშნულ ბინაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს. შესაბამისად პირს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 180-ე მუხლზე და უთითებს, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს საქონელზე, რომელიც არ გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივრებში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაუდგინდა 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს წარმოეშვა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში, პირის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავი ქონება (კომერციული ფართი და ბინები) და ავტომობილები. ფიზიკური პირის მიერ, ქონების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი არ არის. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით და კონკრეტული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელი, 2021 და 2022 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით, ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, საგარეჯოს რაიონში სოფელ პატარძეულსა და სოფელ ხაშმში. პირს, შესამოწმებელ პერიოდში, წარდგენილი არ აქვს დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 203-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე და იმის ფაქტების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. განმარტავს, რომ აუდიტორების მიერ, ------- რაიონის სოფელ ------- და სოფელ ------- მდებარე კოტეჯების გაქირავების დღიურ ღირებულებად მიჩნეულ იქნა 150 ლარი და თვეში 20 დღით გაქირავება მიიჩნიეს გარდაუვალ რეალობად, მაშინ, როდესაც ------- კოტეჯების გაქირავება ხდება მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, გაქირავების ღირებულება საშუალოდ არის 100 ლარი და 30 დღიდან ხშირად მხოლოდ 10-12 დღით ხდება გაქირავება. ტბის კოტეჯების გაქირავება მინიმუმ იმ მიზეზის გამო ვერ მოხდებოდა, რომ მათი ჩაბარება-გადმოცემა განხორციელდა სექტემბრის თვეში, ეზოს მოპირკეთება დღესაც არ არის განხორციელებული, სეზონი იწყებოდა ივნისის თვიდან, მაისის 22 რიცხვში გარდაიცვალა კომპანიის დირექტორი, ეზოს მოპირკეთება ვერ განხორციელდა, გაქირავება შეუძლებელი იყო, გაფუჭდა ცენტრალური კანალიზაცია და გადასათხრელი გახდა ეზო.
ასევე მომჩივანი უთითებს, რომ შესასწავლია უძრავი ქონებების შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის დარიცხვის ეპიზოდიც, ვინაიდან რეალურად უძრავ ქონებებზე დადებულია არა ნასყიდობის ხელშეკრულებები, არამედ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებები.
რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას, აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს გამოკვლევას, ვინაიდან მისი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება ორი მისამართიდან: -------, -------, ------- (ასეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული) და -------, ------- (ს.კ -------). ადვოკატს, ოფისი და საქმიანობის ადგილი შეიძლება ჰქონდეს არაერთ ადგილზე, ასევეა ისიც. დღგ-ის ჩათვლით ნაყიდი უძრავი ქონების მხოლოდ საცხოვრებლად გამოყენება აუდიტორმა ისე მიიჩნია დადგენილად, რომ არც მის ახსნა-განმარტებას მიანიჭა რაიმე მნიშვნელობა და არც ადგილზე შეუმოწმებია სამუშაო გარემო (საქმის მასალები, ლეპტოპი, საბეჭდი და ქსეროქსის საშუალებები, ახსნა-განმარტებაში მითითებული პირების მიერ მომსახურების ამ მისამართზე მიღების ფაქტები). აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია მიეთითა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების აქტში, თითქოსდა მონიტორინგის ჯგუფი არ შეუშვა სახლში, მაშინ როდესაც, მის ტელეფონზე განხორციელებული ზარით, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლად გაეცნო, მხოლოდ ის ჰკითხა, გარემონტებულ მდგომარეობაში იყიდა თუ არა ბინა და როგორ მოასწრო მოკლე დროში გარემონტებაც და გაქირავებაც, რის შემდეგაც, მან შესთავაზა ადგილზე მოსვლა და დათვალიერება, ხოლო, კუთვნილი ტელეფონის ნომერზე არსებულ ვიბერის ქსელში, გადაუგზავნა ფეისბუქით მის მიერ 2023 წლის 24 იანვარს გამოქვეყნებული პოსტი (ვიდეორგოლო), სადაც ჩანს, რომ აბსოლუტურად გარემონტებული იყო ბინა და მასში მცირე ავეჯი და ფარდები იყო შეტანილი.
მომჩივანი ასევე უთითებს, რომ არც ქონების გადასახადის დარიცხვაა მართლზომიერი ვინაიდან შემმოწმებელს არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები (საბანკო ამონაწერები), რითიც დადასტურდება მისი 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი 2021 წელს.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი სამივე დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2649 ბრძანება;
3. საჩივარი სამივე დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2649 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 159; 175; 201; 202; 203; 205;