ბრძანება N 11526

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2025
№ დოკუმენტი 11526
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

05 ივნისი 2025

N 11526

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 5 მაისის №95500/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №081-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ კომპანიას არ გააჩნდა ჯართის ჩამბარებელი პუნქტი, შესაბამისად, არც ჟურნალი, ვინაიდან წარმოადგენს შუამავალ ფირმას. შემოწმების მიერ თვის შესასყიდ ფასად აღებულ იქნა მინიმალური შესყიდვის ფასი, რის საფუძველზეც გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც არის არარეალური მონაცემი და არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კომპანია მუშაობდა დაახლოებით 3-3.5% იან ფასნამატზე. მომჩივანი მიუთითებს საჩივარზე თანდართულ ცხრილზე და განმარტავს, რომ ცხრილში დაკავშირებულია მიღებული და გაცემული ზედნადებები, იშიფრება შემოსული/გასული მანქანის ნომრებით/თარიღებით და აღნიშნული ცხრილის ანალიზით მარტივად დგინდება რეალური ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №3738 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 9 აგვისტოდან 2025 წლის 4 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 აპრილის №6711 ბრძანება და ამავე თარიღის №081-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 309 103 ლარი, მათ შორის, გადასახადი 196 938 ლარი, ჯარიმა 98 456 ლარი და საურავი 13 709 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს შეძენები და რეალიზაციები და ანალიზი გაუკეთდა საქონლის მოძრაობას. გადამხდელს განხორციელებული აქვს საქონლის რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. შეძენების მცირე ნაწილი მიღებულია ზედნადებებით, ხოლო ნაწილი შეძენილია ფიზიკური პირებისაგან. მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ გადამხდელი სრულყოფილად არ ახდენდა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი პროდუქციის ღირებულების 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333-ე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 -ე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საბანკო ანგარიშები, დებიტორ-კრედიტორების მონაცემები და ახსნაგანმარტებები. ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშისას კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშზე ასახული შემოსული თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრული თანხები ანაზღაურებულად. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ხარჯების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადამხდელს არ გააჩნდა, ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად. ზემოაღნიშნული მონაცემების შეჯერების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოს სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა ჰქონოდა 350 949,26 ლარი ნაშთის სახით. შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით, ხოლო ნაწილი შეძენილია ფიზიკური პირებისაგან.

შემოწმების მიერ მონაცემების ურთიერთშედარების საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელი სრულყოფილად არ ახდენდა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი პროდუქციის ღირებულების 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან და შესაბამისად, არ ჰქონდა შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. ხარჯების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადამხდელს არ გააჩნდა, ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ამასთან, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ მონაცემების ურთიერთშედარების საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელი სრულყოფილად არ ახდენდა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი პროდუქციის ღირებულების 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან და შესაბამისად, არ ჰქონდა შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. ხარჯების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადამხდელს არ გააჩნდა, ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ამასთან, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101; 154; 1333.