შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №455
2020 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის სახეობებს, მათ ოდენობებს, გადახდის პერიოდულობასა და წესს.
2. ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაიხადოს დადგენილი ერთჯერადი საფასური შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე, ხოლო ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური − ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული პერიოდულობით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, განახორციელოს საქმიანობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზების, ტოტალიზატორის მოწყობისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზების, ტოტალიზატორის მოწყობისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით; გ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი;
დ) GGR − ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა (IN-OUT);
შენიშვნა: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას ( IN-OUT );
ე) მონიტორინგის მოწყობილობა − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობა.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №535 - ვებგვერდი, 08.12.2025წ.
მუხლი 3. მომსახურების სახეები
შერჩეული პირის მიერ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი მომსახურება:
ა) POS ტერმინალის მოწყობა − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის ასახვას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში;
ბ) სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა − ტექნიკური აუდიტი, რომლითაც განხორციელდება შერჩეული პირის მიერ სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის შეფასება და მის საფუძველზე ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ცალ-ცალკე, საქმიანობის შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები;
ბ.ბ) სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი, ტოტალიზატორები, გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ.გ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსება − ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების/სხვა საშუალებების განთავსება, რომლის მიზანია კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ინტეგრირება;
დ) საოპერაციო საფასური − კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის, შერჩეული პირის მიერ გაწეული მიმდინარე მომსახურების საფასური;
ე) სათამაშო აპარატის მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის განთავსება;
ვ) GSM ბარათის აქტივაცია − მობილური სიგნალის გადასაცემად საჭირო საკომუნიკაციო მოწყობილობის აქტივაცია.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №535 - ვებგვერდი, 08.12.2025წ.
მუხლი 4. ერთჯერადი საფასურები
1. ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის საფასური − არაუმეტეს 35 000 ლარისა, საქმიანობის თითოეული მიმართულების მიხედვით.
2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსების საფასური − არაუმეტეს 100 000 ლარისა თითოეულ ნებართვის მფლობელზე/მაძიებელზე.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სათამაშო აპარატებზე მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება (მათ შორის, ინსტალაცია) − არაუმეტეს 500 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე.
4. GSM ბარათის აქტივაცია − არაუმეტეს 10 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე.
5. POS ტერმინალის მოწყობა − არაუმეტეს 2500 ლარისა.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №535 - ვებგვერდი, 08.12.2025წ.
მუხლი 5. ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საოპერაციო საფასურებია:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისთვის − GGR-ის 1% ყოველთვიურად;
ბ) თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე − არაუმეტეს GGR-ის 5%-ისა ყოველთვიურად;
გ) სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს 3.5 ლარისა დღეში ერთ სათამაშო აპარატზე.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №535 - ვებგვერდი, 08.12.2025წ.
მუხლი 6. საფასურების გადახდის წესი
1. ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული საფასურების გადახდა ხორციელდება შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე.
2. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული საფასურების ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება შერჩეულ პირსა და ნებართვის მფლობელს/მაძიებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე