ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის პერიოდის განსაზღვრა N 1727

1727 ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის პერიოდის განსაზღვრა 04.10.2016
№ დოკუმენტი 1727
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის პერიოდის განსაზღვრა N 1727

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადის გადამხდელთან 2016 წლის თებერვლის თვეში დაიწყო სმფ-ების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია დასრულდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმი შედგა 2016 წლის 15 მარტს, რომელსაც ხელი მოაწერა როგორც გადასახადის გადამხდელმა, ასევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირმა. ამავე თარიღში შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა ინვენტარიზაციისას აღმოჩენილი დანაკლისის (საბაზრო ღირებულებით 50 000 ლარი) 10%-ის ოდენობით

· გადასახადის გადამხდელს 2016 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში არ მოუხდენია ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარება და დაბეგვრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელთან 2016 წლის მაისის თვეში დაინიშნა საგადასახადო შემოწმება 01.01.2012-01.05.2016 წ.წ საანგარიშო პერიოდზე

· I ვარიანტი: გადასახადის გადამხდელს 2016 წლის მარტის თვეში ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

· II ვარიანტი: გადასახადის გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებია

შეფასება

· სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქომლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ". ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ოქმებზე ხელს აწერენ პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, ინვენტარიზაციაში მონაწილე პირები, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი (თუ მონაწილეობს ზემოაღნიშნულ პროცედურებში)

· ორივე ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ ინვენტარიზაცია დასრულდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმი შედგენილია 15 მარტს, პირი ვალდებული იყო აღმოჩენილი დანაკლისი მიწოდებად განეხილა 2016 წლის მარტის თვეში (დანაკლისის გამოვლენისას) და ჩაერთო მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, მიუხედავად იმისა, ჩაიბარა თუ არა გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

ღონისძიებები

· ორივე ვარიანტში: პირს დაერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახდელი თანხის შემცირებისათვის, სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად