გადაწყვეტილება №19440/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.08.2023
№ დოკუმენტი 19440/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19440/2/2023

03 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 18.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19440/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილების (№7049/2/2018) აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №006-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 160 195 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 69 635

დღგ - 58 381

საშემოსავლო გადასახადი - 11 254

ჯარიმა - 8 000

საურავი - 82 560

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.01.2017 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 4 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს 2016 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული აქვს აქტივის (10 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით) მიწოდება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, განხილული აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდებად და შესაბამისად აღიარებული აქვს განთავისუფლებულ ოპერაციად, ასევე საგადასახადო ორგანოში წარდგენილია წერილი აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებს სხვადასხვა ობიექტებზე და ზემოაღნიშნულ შენობა/ნაგებობას იყენებდა სამშენებლო მასალების საწყობად, ასევე განთავსებული ჰქონდა საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც დასტურდება შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებითაც.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტივი არ წარმოადგენს საწარმოს დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს („ბიზნესს“), შესაბამისად არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ექვემდებარება დღგით დაბეგვრას.

2. კომპანიას მომსახურებას უწევდნენ ფიზიკური პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობები. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 123 140 ლარი, რომელიც დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2018 წლის №25469 ბრძანება, №006-470 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2018 წლის №30073 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირების გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განსაზღვრის საკითხი, შეისწავლოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მითითებების გათვალიწინებით. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხულის თანხების კორექტირება (შემცირება);

- აღნიშნულის შესრულების შედეგებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად ჯარიმის დარიცხვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა კომპანიისთვის გაწეულ მომსახურებაზე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაუკავებლობის საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმისგან;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2018 წლის №30073 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.09.2019 წლის გადაწყვეტილებით (№7049/2/2018) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ:

- აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2018 წლის №006-470 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ სანქციებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის შინაარსისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან ამ ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას, შემსუბუქებულია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება;

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილების (№7049/2/2018) აღსრულების შედეგად, შემცირდა შემოწმებით დარიცხული ჯარიმა სულ 5 038 ლარის ოდენობით, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №006-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2023 წლის 14 მარტს (№79657/1/2023) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

ხსენებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №"------" წერილით, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2016 წლის დეკემბრის თვეში კომპანიას განხორციელებული ჰქონდა აქტივის მიწოდება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად განხილული ქონდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდებად და შესაბამისად, დღგ-ისაგან განთავისუფლებულ ოპერაციად. ასევე საგადასახადო ორგანოში წარდგენილია წერილი აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ შენობა-ნაგებობას იყენებდა საწყობად, ასევე განთავსებული ჰქონდა საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ამიტომ, აღნიშნული ოპერაცია არ განიხილა, როგორც დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის (ბიზნესის) მიწოდება.

კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰქონდა რკინისა და ხის საამქრო, ამუშავებდა დასაწყობებული მასალებით რკინის დეტალებს და შემდეგ აწვდიდა თავისივე სატრანსპორტო საშუალებებით სამშენებლო ობიექტებს. ამასთანავე, ამ ტერიტორიაზე იყო ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილები (ე.წ. ბოქსები), მანქანების დასაცლელი და დასატვირთი მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია შენობა №5-ში და უძრავადაა დაკავშირებული ამ შენობასთან. ზემოთ აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას, გაწერილ სასაქონლო ზედნადებშიც ჩანს, რომ მოხდა არა მხოლოდ მიწისა და შენობა-ნაგებობის, არამედ მოქმედი საამქროს შემადგენელი ნაწილების მიწოდებაც. შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა ეჭვის შეტანისა და ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. ითხოვს დარიცხული დღგ-ის თანხის 66 469 ლარით შემცირებას.

რაც შეეხება დარიცხულ ჯარიმას 8 000 ლარს, აღნიშნული გამოწვეული იყო ბუღალტრის შეცდომით/არცოდნით. კომპანიას არ ჰქონდა წინასწარგანზრახული მცდელობა დაემალა გადასახადი. შესაბამისად, ითხოვს, დარიცხული ჯარიმის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.10.2018 წლის №30073 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.09.2019 წლის გადაწყვეტილებით (№7049/2/2018) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2018 წლის №006-470 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ სანქციებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის შინაარსისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან ამ ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას, შემსუბუქებულია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება, რაც როგორც აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის დასკვნიდან ირკვევა განხორციელდა და შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული ჯარიმა სულ 5 038 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №006-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნას, ითხოვს მის გაუქმებას და წარმოადგენს სადავო საკითხებს, მიუთითებს გარემოებას, რომელიც ცნობილია და რაზეც იმსჯელა თავის დროზე დავების განხილვის საბჭომ და 27.09.2019 წლის გადაწყვეტილებით (№7049/2/2018) არ დააკმაყოფილა. მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ნაწილში, რა კონკრეტულ გარემოებაზე და საფუძველზე დაყრდნობით არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს აღსრულებას ხსენებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილების (№7049/2/2018) აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას 2023 წლის 25 იანვრის №006-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების თაობაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილების (№7049/2/2018) აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, დარიცხული ჯარიმის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს აქტივის მიწოდება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, განხილული აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდებად და შესაბამისად აღიარებული აქვს განთავისუფლებულ ოპერაციად.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტივი არ წარმოადგენს საწარმოს დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს ექვემდებარება დღგით დაბეგვრას.

კომპანიას მომსახურებას უწევდნენ ფიზიკური პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობები. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. აღნიშნული დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების თაობაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილების (№7049/2/2018) აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

168(4),269(7),272,275