ბრძანება N 8691

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.04.2026
№ დოკუმენტი 8691
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8691

20 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 26 იანვრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე,შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 26 იანვრის №10659/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №086-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფულის ნაშთს. აცხადებს, რომ შემოწმებამ შემოსავალში გაითვალისწინა კომპანიის ანგარიშზე გემის მფლობელის მიერ ჩარიცხული თანხები, რომლებიც წარმოადგენს გემის გამქირავებლის ხარჯს, კერძოდ, გადამხდელსა და ყაზახურ კომპანიას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება გემის/ბუქსირის იჯარით აღების შესახებ, რომლის შესაბამისად, გადამხდელს ყაზახური კომპანიის მხრიდან ერიცხება საზღვაო პორტში გემის დგომის, გემის რემონტის, ასევე, გემზე სხვა კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებელი თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მეიჯარის მიერ ჩარიცხული თანხების კომპანიის შემოსავალში გათვალისწინება არასწორია, რადგან გადამხდელს სარგებელი არ მიუღია, ხოლო აღნიშნული თანხები გადაირიცხა ბათუმის საზღვაო პორტსა და გემზე შესაბამისი მომსახურების გამწევ კომპანიებზე. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე თევზის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით გათავისუფლებულია დღგ-ისგან. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის დღგ-ის გაანგარიშების შესაბამის დანართში არ არის ასახული გადამხდელის მიერ შესაბამისი თვეების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ, შემოწმებას საკალმახე მეურნეობაში წარმოებული ცოცხალი თევზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აქვს გათვალისწინებული. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9464 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28157 ბრძანება და ამავე თარიღის №086-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 212 119 ლარი, მათ შორის, გადასახადი 729 478 ლარი, ჯარიმა 363 277 ლარი, საურავი 119 364 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელს, 2020 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყაზახეთში რეგისტრირებული საწარმოსგან იჯარით (ბერბოუტ-ჩარტერის პირობით (გემის დაქირავება უეკიპაჟოდ)) აქვს აღებული გემი/ბუქსირი („---“), რომლის მიზანი არის ტრანსპორტირების, ბუქსირებასთან და მომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება, ასევე, სამაშველო და დამხმარე სამუშაოები სამეცნიერო კვლევების ჩათვლით. გარდა ზემოაღნიშნულისა, გემის გამოყენება შესაძლებელია დამხმარე ბაზის სახით, თევზსაჭერი და მოქმედი კანონმდებლობის ნებადართული სხვა ტიპის სამუშაოებისთვის. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მეიჯარე ანაზღაურებს ნავსადგურში გემის გაჩერებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე, ყველა ხარჯს გემის სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებით (რემონტი, მოწყობილობების სერტიფიცირება, დოკში გადაყვანა და შენახვა), ხოლო, იჯარის გადასახადს (3 500 აშშ დოლარი ყოველ დღე-ღამეზე) საწარმო გადაიხდის გემის სამუშაო პროცესში ჩართვის შემდეგ. ასევე, საწარმოს ნაყიდი აქვს საკალმახე მეურნეობა და ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე თევზის და სხვა ზღვის პროდუქტების რეალიზაციას. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა ასევე არ წარმოადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ.

შემოწმებამ მესამე პირებისგან გამოითხოვა ინფორმაცია გადამხდელის მიმართ კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7813 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა ნული ლარი. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს 2 172 925 ლარის ფულის ნაშთი. შედეგად, გროს თანხა 2 716 155 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 310 186 ლარი, ხოლო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 344 957 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საწარმოს სალაროს, ტერმინალისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით და დადგინდა, რომ სალაროდან გამოწერილი თანხები არ ემთხვევა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ თანხებს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს, 2020 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყაზახეთში რეგისტრირებული საწარმოსგან იჯარით აქვს აღებული გემი/ბუქსირი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მეიჯარე ანაზღაურებს ნავსადგურში გემის გაჩერებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე, ყველა ხარჯს გემის სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო, იჯარის გადასახადს საწარმო გადაიხდის გემის სამუშაო პროცესში ჩართვის შემდეგ. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა ასევე არ წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ.

შემოწმებამ მესამე პირებისგან გამოითხოვა ინფორმაცია გადამხდელის მიმართ კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ფაქტიური შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგენს 1 738 521 ლარს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ შემოსავალში გათვალისწინებულია კომპანიის ანგარიშზე გემის მფლობელის მიერ ჩარიცხული თანხები, რომლებიც წარმოადგენს გემის გამქირავებლის ხარჯს, კერძოდ, გადამხდელსა და ყაზახურ კომპანიას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება გემის/ბუქსირის იჯარით აღების შესახებ, რომლის შესაბამისად, საზღვაო პორტში გემის დგომის, გემის რემონტის, ასევე, გემზე სხვა კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ევალება ყაზახურ კომპანიას (მეიჯარეს). აცხადებს, რომ გადამხდელი ყაზახურ კომპანიას ყოველთვიურად წარუდგენს ხარჯების დაფარვის მიზნით შესაბამის დოკუმენტებს (ინვოისები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხების შემოწმების მიერ კომპანიის შემოსავალში გათვალისწინება არასწორია, რადგან გადამხდელს სარგებელი არ მიუღია. აღნიშნავს, რომ ჩარიცხული თანხებს გადამხდელი ურიცხავს ბათუმის საზღვრაო პორტსა და გემზე შესაბამისი მომსახურების გამწევ კომპანიებს. განმარტავს, რომ ყაზახური კომპანიიდან ჯამში ჩარიცხული აქვს 1 847 466 ლარი, აღნიშნული თანხიდან, შესამოწმებელ პერიოდში, 1 522 008 ლარი გადახდილი აქვს ბათუმის საზღვრაო პორტსა და გემზე მომსახურების გამწევ კომპანიებზე, ხოლო დარჩენილი თანხა 325 458 ლარის ოდენობით წარმოადგენს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ თანხას, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემული ხელფასად ან უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას.

ამასთან, სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე გადამხდელმა განაცხადა, რომ გააჩნია საბანკო ამონაწერები, რომლითაც დაადასტურებს 1 522 008 ლარის გადარიცხვას ბათუმის საზღვაო პორტსა და გემზე მომსახურების გამწევ კომპანიებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 310 186 ლარი, ხოლო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 344 957 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საწარმოს სალაროს, ტერმინალისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით და დადგინდა, რომ სალაროდან გამოწერილი თანხები არ ემთხვევა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ თანხებს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ცოცხალი თევზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ცოცხალი თევზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ არის გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში (ვინაიდან, გათავისუფლებულია დღგ-ისგან).

ამასთან, აღნიშნული ასახულია გადამხდელისთვის გაგზავნილ გაანგარიშების ცხრილშიც დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების ნაწილში. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფულის ნაშთს.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე თევზის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს, 2020 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყაზახეთში რეგისტრირებული საწარმოსგან იჯარით აქვს აღებული გემი/ბუქსირი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მეიჯარე ანაზღაურებს ნავსადგურში გემის გაჩერებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე, ყველა ხარჯს გემის სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო, იჯარის გადასახადს საწარმო გადაიხდის გემის სამუშაო პროცესში ჩართვის შემდეგ. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა ასევე არ წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 310 186 ლარი, ხოლო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 344 957 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საწარმოს სალაროს, ტერმინალისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით და დადგინდა, რომ სალაროდან გამოწერილი თანხები არ ემთხვევა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ თანხებს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 159 (1) ; 101 (1); 12 (1); 163 (1,2) ; 164 (1); 172 (4, უ); 269 (7).