ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ

მთავრობის დადგენილება 26.01.2011
№ დოკუმენტი 49
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 49

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის

განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-7 მუხლის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს თანდართული ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები.

2. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელ პირად განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

 

პრემიერ-მინისტრი

ნ. გილაური

 

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები

 

მუხლი 1 . ზოგადი დებულებები

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განსაზღვრავს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატისათვის სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს

.

მუხლი 2 . ტერმინთა განმარტება

დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა) ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი , რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი ;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების , კერძოდ , პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესწავლა , პროექტირება , შემუშავება , დანერგვა , მხარდაჭერა და მენეჯმენტი ;

გ) ვირტუალური ზონის პირის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი ) – ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი , რომლითაც დასტურდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ;

დ) ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატი (შემდგომში – კანდიდატი ) – იურიდიული პირი , რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში – საფინანსო - ანალიტიკური სამსახური ).

 

მუხლი 3 . სტატუსის მინიჭების წესი და პირობები

1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად კანდიდატმა განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს. კანდიდატი ელექტრონულად ავსებს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge) განთავსებული განცხადების ფორმას, რომელსაც აგზავნის საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში.

2 . განცხადებას უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო - ტექნოლოგიური პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ).

3. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

4. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

5. თუ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს, ასეთ შემთხვევაში, პირს უუქმდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. თუ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს, ასეთ შემთხვევაში სუბიექტს უუქმდება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №536 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №365 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 01.10.2025წ.

 

მუხლი 4. სტატუსის მინიჭების ვადები

1. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური კანდიდატს სტატუსს ანიჭებს „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

2. სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირზე გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც ქვეყნდება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge).

3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე სტატუსის მინიჭებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.

4. სტატუსი გაიცემა უვადოდ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილება №89 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №536 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 01.10.2025წ.

 

მუხლი 5. სტატუსის გაუქმება

1. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აუქმებს ვირტუალური ზონის პირის სტატუსს:

ა) თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით;

ბ) ვირტუალური ზონის პირის ელექტრონული განცხადების საფუძველზე, რომელიც იგზავნება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდის (www.fas.ge) საშუალებით;

გ) თუ ვირტუალური ზონის პირს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუქმებულად ითვლება პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.

დ) თუ ვირტუალური ზონის პირს მიენიჭა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუქმებულად ითვლება პირისათვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსს აუქმებს შესაბამისი ორგანოების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე სტატუსის გაუქმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.

4. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უქმდება შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი, რის საფუძველზეც, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს აღნიშნული ელექტრონული სერტიფიკატის წაშლას საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდიდან (www.fas.ge).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილება №89 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №536 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №365 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 01.10.2025წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე