სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/ბ–569–2022

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3/ბ–569–2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N(3/ბ–569–2022წ.)

21 თებერვალი, 2023 წელი

ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

მოსამართლეები:

ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური

 

წარმომადგენელი - ---

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

წარმომადგენელი - --

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ---

წარმომადგენელი - ადვოკატი ---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.აპელანტთა მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ---ის სარჩელის უარყოფა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 20 აგვისტოს ---მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის NCB865602 სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის N5819/2/2018 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2018 წლის 28 მარტს ---ის მიმართ შედგა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის NOCB 865602 სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად --- ს (პ/ნ: ---) დაეკისრა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, ასევე დადგინდა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ 2018 წლის 27 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა --- ის (პ/ნ ---) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა ქვეყნის შიგნით სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ---ის (პ/ნ---) ხე-მასალის - აკაციის სარის - ტრანსპორტირებას ხე- ტყის სპეციალური ზედნადების გარეშე. მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე ---- გამოწერილი იყო ჩვეულებრივი ელ- --- სასაქონლო ზედნადები. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტის No--- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი აკაციის სარის საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება - 1 566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

მოსარჩელის აღნიშვნით, მან სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანება კი გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით N5819/2/2018 ასევე უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 27 მარტს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ---. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ --- ახორციელებდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე- მასალა) ტრანსპორტირებას 2015 წლის 15 აგვისტოდან მოქმედი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე განთავსებული 522 ცალი აკაციის სარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1566 ლარის დღგ-ის ჩათვლით.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, 2018 წლის 28 მარტს ი/მ ---ის (პ/ნ ---) მიმართ შედგა N-CB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანების 72-ე მუხლის შესაბამისად.

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა)ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

სსკ-ის 286-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მითხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ --- ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების სახით. შესაბამისად, არ არსებობს არც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და არც შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიციის ანალოგიურია მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ---ის (პ/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 28 მარტის NCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

ამასთან, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 28 მარტის NCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ---ს (პ/ნ ---) დაეკისრა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

2018 წლის 27 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა --- ის (პ/ნ --- ) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა --- ის (პ/ნ --- ) ქვეყნის შიგნით სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მასალის აკაციის სარის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გარეშე.

მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე --- გამოწერილი იყო ჩვეულებრივი ელ ---- სასაქონლო ზედნადები.

საქმეში არსებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის No--- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი აკაციის სარის საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1 566.00 ლარია დღგ–ის ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ „სარების შემოწმების დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები აკაციის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირება არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2. მეტრი, ხოლო სარების რაოდენობა 522 ცალი“...

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის No5819/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ---ის (პ/ნ ---) საჩივარი 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანების გაუქმების შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საქალაქო სასამართლომ მოიხმო საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა)შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ვ)გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;

თ)საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში CB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ---- (პ.ნ.----) ახორციელებდა ----ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1566 ლარის ღირებულების ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტების (აკაციის სარები 552 ცალი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

NoCB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის No5819/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ---ის (პ/ნ ---) საჩივარი 2018 წლის 28 მარტის NCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანების გაუქმების შესახებ.

საქმეში არსებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის ---- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი „აკაციის სარის“ საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა დავის განმხილველმა ორგანოებმა სრულად შეაგროვეს მტკიცებულებები მოცემულ საქმეზე, მოიპოვეს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არასწორი შეფასება მისცეს მოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალები დამატებით კვლევას არ საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

სასამართლოს აღნიშვნით, დასახელებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა და ამასთან იგი უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანია საჭიროებდა თუ არა აკაციის სარების ტრანსპორტირებისას ---- ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გამოწერას.

სასამართლომ მიუთითა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანების 24-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე–ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

 

ამავე ბრძანების 252 მუხლის მიხედვით, ხე - ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში ზედნადები) არის NoII-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე;

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხემცენარის დამზადების შედეგად. (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;

ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;

ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;

გ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;

ბ.თ) დაპობილ-დაჩენილ სათბობ შეშაზე;

გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე- მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);

დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარებული 2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის No --- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი აკაციის სარის საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1 566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები აკაციის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული. ქერქგაუცლელი ზედაპირება არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2. მეტრი, ხოლო სარების რაოდენობა 522 ცალი.

ვინაიდან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ-ს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ---ის ქმედება არ ეწინააღმდეგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანების 25 2 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის NoII-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) — ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე- ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან --- ის დაკვეთით ტრანსპორტირებული აკაციის სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გამოცემის მომენტიდან. შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო იყო შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და --- ის სარჩელის უარყოფა.

აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს --- ის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და უთითებს, რომ ფ/პ --- ახორციელებდა ი/მ --- ის (ს/ნ --- ) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირებას 2015 წლის 15 აგვისტოდან მოქმედი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე განთავსებული 522 ცალი აკაციის სარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1566 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

 

აპელანტი მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტს, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანების 72-ე მუხლს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებს და მათზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურებულია და სანქცია სწორად განესაზღვრა სამართალდამრღვევს. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს აღნიშვნას მასზედ, რომ ვინაიდან --- ის მიერ ტრანსპორტირებული აკაციის სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი იყო კანონის დარღვევით გამოცემული. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს მსჯელობა არ გამომდინარეობს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 252 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით:

1. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის NoII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ–ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ) შპალზე დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;

ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;

ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;

გ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;

ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე;

გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ- კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);

დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე- ტყეზე.

ამავე მუხლის 4(1) პუნქტის მიხედვით, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის:

ა) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;

ბ) წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის ტრანსპორტირებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსისა;

გ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) იმპორტირებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას. ხოლო აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს თუ როდის არ არის სავალდებულო ზედნადების შევსება, რაც მოცემულ სადავო შემთხვევას არ მოიცავს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტირებულ ხე-ტყის მასალაზე სავალდებულო იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება. ამასთან, ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედანდების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო მეორე მხრივ, შემოიღო სასაქონლო ზედნადების სპეციალური ფორმა - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების სახით, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი). ხე-ტყის წარმოშობის პირველადი დოკუმენტის მითითება სასაქონლო ზედნადებში ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, შესაბამისად მე-20 სტრიქონის შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის მოპოვება კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

აპელანტი დადგენილად მიიჩნევს, რომ გადამხდელი ახორციელებდა --- ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1 566 ლარის ღირებულების ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტის (აკაციის სარები 552 ცალი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა. რაც შეეხება სასამართლოს არგუმენტს, რომ ტრანსპორტირებული აკაციის სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ-ს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმი შედგა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში თავად მიუთითებს სასაქონლო ექსპერტიზის 27.03.2018 წლის N--- დასკვნაზე, რომლის თანახმად, „კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილი ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ“ (გვ. 3). შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს, ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ წვრილი ბოლოების მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ-ს, ხოლო ვინაიდან კვეთები არათანაბარია, თავისთავად სარების მსხვილი დიამეტრის ზომა აღემატება 12 სმ-ს, რაც თავის მხრივ სავალდებულოდ ხდის სასაქონლო ზედნადების გამოწერას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებებზე:

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 27 მარტს გამოვლინდა, რომ --- (პ/ნ ----) ავტომანქანით ახდენდა ქვეყნის შიგნით სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ---ის (პ/ნ ---) კუთვნილი ხე-მასალის (აკაციის სარების) ტრანსპორტირებას, ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გარეშე. მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე ---- გამოწერილი იყო ჩვეულებრივი ელ---- სასაქონლო ზედნადები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის NCB 865602 სამართალდარღვევის ოქმი შედგა ----ის (პ/ნ ---) მიმართ და მას დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით. ოქმში აღნიშნულია: საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ----ის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით და წესით), კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის 1 566 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების „აკაციის სარის“ (522 ცალი x 3.00 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ----, მძღოლი ---- (პ/ნ ----) გადამოწმების დრო – 27.03.2018 წ. 09: 10) ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე (ს.ფ. 35).

 

საქმეში დაცულია 26.03.2018 წ. ელ ----- სასაქონლო ზედნადები (გამოწერის დრო – 20:55:53 სთ). ზედნადების მიხედვით საქონლის გამყიდველი/გამგზავნია - --- (პ/ნ --- ), მყიდველი/მიმღები - ---- (პ/ნ ---), ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ---- ტრანსპორტირების დასრულების ადგილია - --- სოფელი, სატრანსპორტო საშუალება - ---, მძღოლი ---- (პ/ნ ----), საქონლის დასახელება - აკაციის ბოძი 2,2 მეტრიანი, საქონლის კოდი 01, რაოდენობა 300 ცალი, ერთეულის ფასი - 2,5 ლარი, მიწოდებული საქონლის ფასი - 750,00 ლარი (ს.ფ. 93).

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს --- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ი/მ --- ის (პ/ნ ---) კუთვნილი აკაციის ეკლის ჯიშის ხისგან დამზადებული სარის რაოდენობა შეადგენს 522 ცალს, ხოლო ჯამური საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეფასების თარიღისათვის არის 1566.00 ლარი დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ „სარების შემოწმების დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები აკაციის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირები არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2. მეტრი, ხოლო სარების რაოდენობა 522 ცალი (განკუთვნილია ღობეების, ვენახების, სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის)“ (ს.ფ. 97–98).

--- ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილ საჩივრებში განმარტავდა, რომ თავისი სოფლიდან --- თის მიმართულებით გადაჰქონდა 522 ცალი აკაციის სარი. სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული ჰქონდა 300 ცალზე და ზედნადების კატეგორიაში არჩეული ჰქონდა „ჩვეულებრივი“, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მისი ინფორმაციით, „ხე-ტყის“ კატეგორიის სპეციალური ზედნადები გამოიწერებოდა იმ შემთხვევაში, თუ მორის დიამეტრი წვრილი თავიდან აღემატებოდა 12 სმ-ს. მისივე განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული სარები გამოიყენებოდა ვენახის ბოძებად, მათი დიამეტრი 12 სმ-ს არ სცდებოდა. ამასთან, 2017 წლიდან მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი და კანონმდებლობის შესაბამისად, ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ გააჩნდა, რაც შეეხება დანარჩენ 222 ცალ აკაციის სარს, რომელიც არ იყო ზედნადებში ასახული წარმოადგენს ე.წ „ნაპობ“ სარს, რომლის ფასიც დაბალია (1 ლარამდე). შესაბამისად, წინასწარ უცნობი იყო დაიტოვებდა თუ არა მას კლიენტი და არ მომხდარა აღნიშნულის გაწერა ანუ მიჰქონდა სასინჯად (ს.ფ. 105-106).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში --- ის საჩივრები წარუმატებელი აღმოჩნდა და დავა მომჩივნის საწინააღმდეგოდ გადაწყდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.04.2018 წლის No9663 ბრძანებითა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის No5819/2/2018 გადაწყვეტილებით (ს.ფ. 100-108).

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 2 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის (სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე–მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისთვის, სუბიექტი უნდა ახდენდეს ერთ-ერთი შემდეგი სახის საქონლის:

ა) მრგვალი ხეტყის (მორის), ბ) ხე-მცენარის ან გ) მრგვალი ხეტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას სამეწარმეო დანიშნულებით.

ამდენად, პირველ რიგში უნდა გაირკვეს რა სახის საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა სუბიექტი მოცემულ შემთხვევაში და ე.წ. „აკაციის ბოძი“ განხილული უნდა იქნეს მრგვალ ხე-ტყედ (მორად), ხე-მცენარედ თუ მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტად.

საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის No46 დადგენილებით, განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს მრგვალი ხე-ტყე (მორი), ხე-მცენარე და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

რეგლამენეტით „მრგვალი ხე-ტყე (მორი)“ განმარტებულია, როგორც - ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსისა) მქონე მერქნული რესურსი (რეგლამენტის 2.1 მუხ). აღნიშნულ მოთხოვნებს ----ის მიერ ტრანსპორტირებული ე.წ. აკაციის ბოძები არ აკმაყოფილებს.

 

რეგლამენტით „ხე-მცენარედ“ განიხილება მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (რეგლამენტის 2. 21 მუხ). --- ის მიერ ტრანსპორტირებული ე.წ აკაციის ბოძები (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამზადებულია აკაციის, ეკლის ჯიშის ხისგან ქერქგაუცლელია, ზედაპირები არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ-ს. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2,2. მეტრი) მოპოვებულია კერძო საკუთრებაში (---- ის განმარტებით, მისი ბიძაშვილის კუთვნილ) არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, რაზეც გააჩნდათ ადგილწარმოშობის ცნობა.

რეგლამენტით „ხე-ტყის ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტად“ განიხილება – ხე-ტყის ან ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი) (რეგლამენტის 211 მუხ). ფიცრის (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელის, ძელაკის, შპალის, საპარკეტე ფრიზის, შავად ნამზადი დეტალის და ფანერის (შპონი) დეფინიცია მოცემულია რეგლამენტის 2.12 - 2.18 მუხლებში და არცერთ ამ მოთხოვნას ----ის მიერ ტრანსპორტირებული ე.წ. აკაციის ბოძები არ აკმაყოფილებს.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს რეგლამენტით განსაზღვრულ „საშეშე მერქნის" დეფინიციას.

რეგლამენტის 2.2 მუხლით, საშეშე მერქანი არის ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. მაშასადამე - საშეშე მერქნად განიხილება ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. ----ის მიერ ტრანსპორტირებული აკაციის ბოძები/სარები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამზადებულია აკაციის ეკლის ჯიშის ხისგან და წვრილი ბოლოდან მისი დიამეტრი არ აღემატება 12 სმ-ს, შეიძლება განხილულ იქნეს საშეშე მერქნადაც, ექსპერტიზის დასკვნაშივე მითითებულია ამ სახის პროდუქტის გამოყენების დანიშნულება - ღობეების, ვენახების, სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის.

განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს იმის დადგენა საჭიროებდა თუ არა ----ის კუთვნილი 522 ერთეული ე.წ. აკაციის ბოძის (ექსპერტიზის დასკვნით „აკაციის სარის“) ტრანსპორტირება ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გამოწერას.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 24-ე მუხლი ადგენს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წესს. 24.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. 24.2 მუხლით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ---- (პ/ნ ----), სამეწარმეო დანიშნულებით, ქვეყნის შიგნით (-----), სატრანსპორტო საშუალებით - ----, ახდენდა საქონლის 522 ერთეული ე.წ „აკაციის ბოძის" ტრანსპორტირებას, რომლის ნაწილზეც (300 ერთეულზე) გააჩნდა 26.03.2018 წ. გამოწერილი ელ---- სასაქონლო ზედნადები (გამოწერის დრო - 20:55:53 სთ), ხოლო 222 ერთეულზე სასაქონლო ზედნადები არ გააჩნდა. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ აკაციის ეკლის ჯიშის ხისგან დამზადებული სარის რაოდენობა შეადგენდა 522 ცალს, ხოლო ჯამური საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეფასების თარიღისათვის - 1 566,00 ლარს დღგ-ის ჩათვლით. სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის შედეგად დადგინდა, რომ სარები აკაციის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული. ქერქგაუცლელი, ზედაპირები არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2,2 მეტრი. სარები განკუთვნილია ღობეების, ვენახების, სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის. ამდენად, მოსარჩელის პოზიცია, რომ 26.03.2018წ. ელ --- სასაქონლო ზედნადებში აღწერილი 300 ერთეული აკაციის ბოძისგან განსხვავდებოდა ის 222 ერთეული აკაციის სარი (ე.წ. „ნაპობი" სარი), რომელზეც არ ჰქონდა გამოწერილი არცერთი სახის სასაქონლო ზედნადები, სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, დადგენილად მიაჩნია სასამართლოს, რომ 27.03.2018 წ. --- ახდენდა 522 ერთეული აკაციის ბოძის ტრანსპორტირებას, რაზეც გამოწერილი არ ჰქონდა ხე-ტყის სპეციალური ზედნადები.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ რამდენად სჭირდებოდა წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სმ. დიამეტრის და 2,2 მეტრი სიგრძის აკაციის ბოძების/სარების (რაოდენობა - 522 ცალი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სპეციალური ზედნადები, პალატა აღნიშნულს აფასებს გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების ზემოთ მოყვანილი 24-ე მუხლისა და ამავე ბრძანების მუხლი 252 მუხლის (ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები) შინაარსის მხედველობაში მიღებით (ნორმა გამოყენებულია დავის წარმოშობის (29/01/2018 30/03/2018 პერიოდში მოქმედი რედაქციით) .

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ'' საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 25 2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქონლის ჩამონათვალს, რომელზეც სავალდებულოა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (NoII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტის) შევსება, ხოლო 252 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს შემთხვევებს, რაზეც ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად სცნო ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში --- ის კუთვნილი აკაციის ბოძების წვრილი ბოლოდან დიამეტრი არ აღემატებოდა 12 სმ-ს. მოსარჩელე არ იყო ვალდებული შეევსო N996 ბრძანების NoII-013 დანართის შესაბამისი ხე-ტყის ზედნადები.

სააპელაციო პალატა მიუთითებს გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების შესაბამის ნორმებზე.

25 2 მუხლის პირველი პუნქტით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის NoII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე- მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე. კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი; ბ,ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი; ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი; ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალური დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი; ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობი შეშაზე; გ) ხე-მცენარეებზე თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა); დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ---მ განმარტა, რომ აკაციის ხეები ბოძები მოჭრეს მისი ბიძაშვილის, ---- ის, კერძო საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, რაზეც გააჩნდათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან გაცემული ხე-მცენარის ადგილწარმოშობის ცნობა (იხ. 14.02.2023წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:46:44 სთ-16:47:27 სთ). ასევე დადასტურებულია, რომ საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა სამეწარმეო დანიშნულებით და მიწოდების ადგილი იყო --- ის მუნიციპალიტეტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპოვებულ ხე- მცენარეებზე სავალდებულოა ხე-ტყის ზედნადების გამოწერა. გარდა ამისა, იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად, ხე-ტყის ზედნადების გამოწერა სავალდებულოა წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე. ამ შემთხვევაში აკაციის ბოძების დიამეტრი წვრილი თავიდან არ აღემატებოდა 12 სმ-ს, ხოლო თითოეული ბოძის სიგრძე საშუალოდ 2,2 მეტრს შეადგენდა. ასეთ მერქნულ რესურსზე ზედნადების გამოწერის ვალდებულებაზე ასევე მიუთითებს N996 ბრძანების 25 2 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს ზედნადების მე-20 სტრიქონში ხე-ტყის რესურსის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების დასახელების, თარიღისა და ნომრის მითითების ვალდებულებას.

სააპელაციო პალატა მოიხმობს 31.12.2010წ. N996 ბრძანების 252 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესსაც, რომელიც ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, რაზეც ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება. ასეთია:

ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე- ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტები;

ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირება;

გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირება, გარდა მიწოდებისა (შენიშვნა: საგადასახადო კოდექსის 16,1 მუხლით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ);

დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირება;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირება. არც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევას მოცემულ საქმეზე ადგილი არ ჰქონია . --- არ ახდენდა მისი კუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას და ამასთან ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო დანიშნულებით მისაწოდებლად.

ამდენად, წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სმ-ის დიამეტრისა და 2,2 მ. სიგრძის მერქნული რესურსის სამეწარმეო დანიშნულებით ტრანსპორტირება საჭიროებდა ხე-ტყის ზედნადების გამოწერას, ხოლო ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღევას და იწვევდა მითითებული ნორმით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რაც სწორად შეაფასა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. შესაბამისად, სახეზეა საგადასახადო ორგანოს სააპელაციო პრეტენზიის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების, ასევე სააპელაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად აკმაყოფილებს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრებს, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც --- ის სარჩელს არ აკმაყოფილებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული - ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტები - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებული არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა და მათი სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად, სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩეელეს). ამდენად, ----ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386–ე, 389-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო

საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022

წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ---ის (პ/ნ ----) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. --- ს (პ/ნ---) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის

გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა No6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32).

 

მოსამართლეები:

 

ხათუნა ხომერიკი

 

ნანა კალანდაძე

 

ლერი თედორაძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სმ-ის დიამეტრისა და 2,2 მ. სიგრძის მერქნული რესურსის სამეწარმეო დანიშნულებით ტრანსპორტირება საჭიროებდა ხე-ტყის ზედნადების გამოწერას, ხოლო ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღევას და იწვევდა მითითებული ნორმით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რაც სწორად შეაფასა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

გადაწყვეტილება

სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. შესაბამისად, სახეზეა საგადასახადო ორგანოს სააპელაციო პრეტენზიის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386–ე, 389-ე მუხლებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე 12 მუხლით.