ბრძანება N 13943
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13943
20.06.2023
ი/მ ---- -----------ის (ს/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------------,იურ. მის.: ----------------------------------)
2023 წლის 11 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის და 15 ივნისის სხდომებზე (ოქმი №54; №65) განიხილა ი/მ ---- -----------ის (ს/ნ ------------------) 2023 წლის 11 იანვრის №77969/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
კომერციულ ფართებთან დაკავშირებით, გადამხდელი მიუთითებს, რომ ფართების რეალიზაციის ოპერაციები მის მიერ დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებამ სრულად არ შეისწავლა 2019 წლის ოპერაციები და შესაბამისად, განხორციელებული დარიცხვა არასწორია. მომჩივანი მიუთითებს სხვა ქონებაზე (ს/კ ------------, რომელსაც 2016 წელს შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა -----------), რომელიც გამოსყიდვის უფლებით გაყიდა 2013 წელს და აღნიშნული ოპერაცია დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით 2017 წელს, თუმცა მყიდველმა თანხა არ გადაუხადა სრულად და ოპერაცია გაუქმდა 2019 წლის აგვისტოში. აღნიშნული ქონება 2019 წლის 29 ოქტომბერს გასხვისდა სხვა პირზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს მიწოდებული უძრავი ქონება უკან დაბრუნდა, ხოლო აღნიშნული ქონების მიწოდების ოპერაცია 2017 წლის დეკემბერში უკვე დაბეგრილი იყო სრულად დღგ-ით, უძრავი ქონების ---- -----------თვის სრულუფლებიან საკუთრებაში დაბრუნების დროს, 2019 წლის ნოემბერში, მოხდა ამავე ქონებაზე უკვე გადახდილი დღგ-ს ჩათვლა, რამაც გამოიწვია 2019 წლის ნოემბერში რეალიზებული კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება (შემცირება 2017 წლის დეკემბერში დაბეგრილი თანხით). ამასთან, მყიდველის მიერ უკან დაბრუნებული თანხა (7500 აშშ დოლარი = 22002 ლარი) გატარდა 2019 წლის ხარჯებში, შესაბამისად პროპორციულად შემცირდა 2019 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, რაც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული.
დამხმარე ფართსა და ავტოსადგომთან დაკავშირებთ მიუთითებს, რომ მათი როგორც შეძენა, ასევე რეალიზაცია განახორციელა როგორც ფიზიკურმა პირმა და არ უნდა განხილულიყო როგორც ინდივიდუალური მეწარმის მიერ რეალიზებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16622 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---- -----------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32496 ბრძანება და ამავე თარიღის №002-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 39 357 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 945 ლარი, ჯარიმა 9 170 ლარი და საურავი 11 242 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ---- ---------ლს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე- 80 და 81-ე მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი და დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9 085 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 2019 წლის საგადასახადო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ---- -----------ის მიერ 2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია სულ 3 ფართი. მათ შორის 2 კომერციული ფართი (საკ. კოდი --------------- და ---------------) და 1 დამხმარე ფართი (საკ. კოდი: --------). დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ს დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი (საკ. კოდი: -------------) არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ს დეკლარაციის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160- ე მუხლების შესაბამისად ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 95 163 ლარით. შედეგად პირს დაერიცხა, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ ---- -----------ს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები და ღნიშნული ოპერაციები არ აქვს დაბეგრილი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ 2 კომერციული ფართის რეალიზაცია მის მიერ დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება გამოიწვია 2013 წელს რეალიზებული ქონების, 2019 წელს უკან დაბრუნებამ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ი/მ ---- -----------ის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე. შესაბამისად მომჩივანის მიერ განხორციელებული 2013 წლის ოპერაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგრა 2017 წელს და გაუქმდა 2019 წელს (აღნიშნულის საფუძველზე შეამცირა 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დასაბეგრი თანხა), შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა გადამოწმებული და გათვალისწინებული (არ შემცირდა), რადგან მომჩივანის მიერ 2013 წელს განხორციელებული დასაბეგრი ოპერაცია არის ხანდაზმული და არ განხორციელებულა შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან მითითებული ქონების რეალიზაცია/უკან დაბრუნება არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით, ასევე გადამხდელის მიერ მითითებულ 2013 წელს განხორციელებულ ოპერაციაზე არ არსებობს ელექტრონული ანგარიშფაქტურა. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია როგორც დღგ-ს, ასევე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
• გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დამხმარე ფართის და ავტოსადგომის რეალიზაცია განახორციელა როგორც ფიზიკურმა პირმა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და შემმოწმებელი აუდიტორის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული ფართები ი/მ ---- -----------ს შეძენილი და შემდგომ რეალიზებული აქვს იმ შენობაში სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან მის მიერ ავტოფარეხი რეალიზებულია სხვა ქონებებთან ერთად ერთ შემსყიდველზე. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამხმარე ფართის და ავტოსადგომის რეალიზაცია შემოწმების მიერ დაბეგრილ იქნა კანონმდებლობის შესაბამისად.
• შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ მყიდველის მიერ უკან დაბრუნებული თანხა (7500 აშშ დოლარი = 22002 ლარი) კომპანიის მიერ გატარდა 2019 წლის ხარჯებში, შესაბამისად პროპორციულად შემცირდა 2019 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ შემოწმებისას, ხარჯების დაანგარიშებისას აღნიშნული გადახდა არ იქნა გათვალისწინებული. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. იი/მ ---- -----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16622 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32496 ბრძანება და ამავე თარიღის №002-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი , ჯარიმა და საურავი .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 8(1 „ა,ბ,დ“); 43(4); 79( „ბ“); 80(1); 81;100(3 „ბ“); 102(1 „ბ“); 105(1,2); 106(1 „ა“); 159(1 „ა“); 160;161(1,2); 163(1,2,6 „ა“); 164(1); ; 275; 302(2);