გადაწყვეტილება №19230/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19230/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 28.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19230/2/2023).
დავის საგანი:
გადასახადების გაანგარიშება დღგ-ის გარეშე თანხიდან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-566 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4792 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 72 771,99 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 43 876
დღგ - 39 803
საშემოსავლო გადასახადი - 4 073
ჯარიმა - 13 092
საურავი - 15 803,99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მომჩივანმა შპს „---------“-ისგან (ს/ნ -----------) 10.12.2018 წელს შეიძინა -------- ბინა (მის.: ---------), რომლებიც იპოთეკით იყო დატვირთული სს ------ ბანკის მიერ. აქედან 20 ბინის რეალიზაცია განხორციელდა 2020 წლის ივნისის და ივლისის პერიოდში. ამავე კომპანიისაგან 30.12.2019 წელს შეძენილი იქნა 3 კომერციული ფართი, რომელთა რეალიზაცია განხორციელდა 2021 წლის აპრილის და ივნისის თვეებში. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულმა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 12 კალენდარული თვის განმავლობაში 30.07.2020 წელს (ბინების და კომერციული ფართების რეალიზაცია) გადააჭარბა 100 000 ლარს და შეადგინა 197 915 ლარი, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მიხედვით 18%-იანი განაკვეთით (დღგ-ის გარეშე თანხიდან). ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 5%-ის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, კომერციული ფართის შემთხვევაში მიღებული ნამეტი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ბინების რეალიზაციაზე მიღებული ნამეტი არ ფიქსირდება.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-566 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4792 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-9 მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტზე, 153- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირს განხორციელებული აქვს უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციები, რომელთან დაკავშირებით არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გაანგარიშება განხორციელებულია დღგ-ის გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ის თანხა - 39 803 ლარი, ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა - 197 915 ლარად, მასში უკვე გათვალისწინებულია დღგ-ის თანხა და გაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ პრინციპით, რომ მთლიანი თანხიდან ამოღებული უნდა იქნას დღგ-ის თანხა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 167 725 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული დღგ შეადგენს - 30 190 ლარს, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს დღგ-ის თანხის გადაანგარიშება როგორც ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსი.
აუდიტის დეპარტამენტს არასწორად აქვს გაანგარიშებული დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა, აღნიშნული გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ერთობლივ შემოსავალში ასახული თანხა დღგ-ის გარეშე და ამის შემდგომ გადაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო გადაანგარიშების შემდგომ მიღებული იქნება ზარალი და შესაბამისად უნდა მოხდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანმა შპს „-----------“-ისგან (ს/ნ -----------) შეიძინა 21 ბინა და 3 კომერციული ფართი.
განხორციელებულმა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 12 კალენდარული თვის განმავლობაში 30.07.2020 წელს (ბინების და კომერციული ფართების რეალიზაცია) გადააჭარბა 100 000 ლარს და შეადგინა 197 915 ლარი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის დღგ-ის გარეშე თანხიდან განსაზღვრის თაობაზე მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტში. ხოლო, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №----------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის და გაანგარიშების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია დღგ-ის გარეშე თანხიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადების გაანგარიშება დღგ-ის გარეშე თანხიდან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანმა შპს -ისგან შეიძინა 21 ბინა და 3 კომერციული ფართი. განხორციელებულმა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 12 კალენდარული თვის განმავლობაში 30.07.2020 წელს (ბინების და კომერციული ფართების რეალიზაცია) გადააჭარბა 100 000 ლარს.
დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის დღგ-ის გარეშე თანხიდან განსაზღვრის თაობაზე მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტში. ხოლო, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის და გაანგარიშების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია დღგ-ის გარეშე თანხიდან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
161(1);82(4);