ბრძანება N 13425
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13425
25/04/2019
შპს -------
(მის: -------)
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 19 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი N25) განიხილა შპს ------- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის N002-49 „საგადასახადო მოთხოვნა“-ს.
წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ დასმული სადავო საკითხები:
1.არ ეთანხმება მომხმარებლებზე პირველად გაცემულ 0%-იან სესხზე საბაზრო პროცენტის გავრცელებას.
2. გადამხდელი ითხოვს მის მიერ პირველად გაცემულ 0%-იან სესხზე 2016-2017 წლებში საშუალო პორთფელის პროცენტის მიხედვით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი დაექვემდებაროს შემცირებას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 ივნისის N14220 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 13 მარტს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 13 მარტს გამოსცა N5877 ბრძანება და 2019 წლის 13 მარტის N002-49 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1988314 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 1053773 ლარი, ჯარიმა 573308 ლარი, საურავი 361233 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ------- ძირითადი საქმიანობის საგანია არაუზრუნველყოფილი სწრაფი ონლაინ სესხების გაცემა. საქმიანობის დაწყების დღიდანვე მოქმედებდა პირველი სესხის უპროცენტოდ გაცემის პოლიტიკა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა კლიენტების მოზიდვა და განმეორებით სესხის აღებით დაინტერესება. ყოველი მომდევნო სესხი გაიცემოდა პროცენტით, ამასთანავე პირველი სესხისა და მომდევნო სესხების სახელშეკრულებო პირობები არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თუ კლიენტი ვერ ახერხებდა თანხის დაბრუნებას განსაზღვრულ ვადაში, გადავადების საკომისიოს გადახდის გზით შეეძლო გადახდის გადავადება, რაც ასევე წარმოადგენდა კომპანიის შემოსავლის არსებით ნაწილს. უპროცენტოდ გაიცემოდა 7, 14 და 30 დღიანი სესხები. 2016 წელს სულ უპროცენტოდ გაცემულია 54 177 995 ლარის, 2017 წელს კი 15 753 315 ლარის სესხები. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გადამხდელს გამოანგარიშებული ჰქონდა უპროცენტოდ გაცემულ სესხებზე მისაღები შემოსავალი საბაზრო პროცენტის გათვალისწინებით და აღნიშნული თანხა ასახულია 2016 და 2017 წლების ერთობლივ შემოსავალში. თუმცა, 2016 წლის საშუალო საბაზრო პროცენტის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო როგორც პროცენტით, ისე უპროცენტოდ გაცემული სესხების თანხა, შესაბამისად საშუალო პროცენტი გამოდიოდა რეალურზე მნიშვნელოვნად ნაკლები. გარდა ამისა, გამოვლინდა სხვაობა 2017 წლის იანვრის თვის საბაზრო პროცენტის გაანგარიშებაში. გადამხდელის გაანგარიშებაში აღებულია საბაზრო პროცენტი, რომელიც მოქმედებდა რეგულაციების ამოქმედების შემდგომ (5.85%). სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქონლის/ მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. შემოწმებით 2016-2017 წლების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა მსესხებლებზე პროცენტით გაცემული სესხების საშუალო შეწონილი მონაცემის მიხედვით. ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა ზემოაღნიშნული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადის ძირითადი თანხა და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
სსკ-ის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ.
სსკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება;
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანიის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს მომსახურების გაწევა - სესხის გაცემა, რომლის შედეგადაც იგი ღებულობს შემოსავალს გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის სახით. შესაბამისად, პირველი სესხის შემთხვევაში, რამდენადაც კომპანია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში თავიდანვე უარს აცხადებს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კომპენსაციის (პროცენტის სახით სარგებლის) მიღებაზე, აღნიშნული მომსახურება უსასყიდლოდ გაწეულად ჩაითვლება. შესაბამისად, შპს ------- მიერ მსესხებელზე უპროცენტო სესხის გაცემა წარმოადგენს უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებას და ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ მომსახურების საბაზრო ფასი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------ ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1 გადამხდელი არ ეთანხმება მომხმარებლებზე პირველად გაცემულ 0%-იან სესხზე საბაზრო პროცენტის გავრცელებას.
2. გადამხდელი ითხოვს მის მიერ პირველად გაცემულ 0%-იან სესხზე 2016-2017 წლებში საშუალო პორთფელის პროცენტის მიხედვით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი დაექვემდებაროს შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შპს-ს ძირითადი საქმიანობის საგანია არაუზრუნველყოფილი სწრაფი ონლაინ სესხების გაცემა. საქმიანობის დაწყების დღიდანვე მოქმედებდა პირველი სესხის უპროცენტოდ გაცემის პოლიტიკა, გადამხდელის მიერ 2016 წლის საშუალო საბაზრო პროცენტის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო როგორც პროცენტით, ისე უპროცენტოდ გაცემული სესხების თანხა, საშუალო პროცენტი გამოდიოდა რეალურზე მნიშვნელოვნად ნაკლები. გარდა ამისა, გამოვლინდა სხვაობა 2017 წლის იანვრის თვის საბაზრო პროცენტის გაანგარიშებაში. შემოწმებით 2016-2017 წლების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა მსესხებლებზე პროცენტით გაცემული სესხების საშუალო შეწონილი მონაცემის მიხედვით. ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადის ძირითადი თანხა და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ა გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(3,,ა“); 16(2); 100(3); 102(2)