ბრძანება N 5471

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.03.2023
№ დოკუმენტი 5471
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5471

21.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ---------------------------)

2023 წლის 21 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------------” (ს/ნ ----------) №31512/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №EL198652, №EL198663 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11113/17 (№022-17) საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოხდა ტვირთის გაბნევა და 4 დღის მანძილზე იყო ღია ცისქვეშ მუყაოს ყუთებით და მას აწვიმდა. 29 ივნისს მოხდა ტვირთის სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა, თუმცა სრულად ვერ მოხერხდა საქონლის აკრეფვა. 19800 კგ ნეტტო წონის თამბაქოს ნედლეულიდან უკან დაბრუნებული იქნა მხოლოდ 19548 კგ ნეტტო წონის უკვე უვარგისი ნედლეული. თამბაქოს ნედლეული საბაჟო საწყობში, განთავსებული იყო 2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 11 აგვისტომდე. თამბაქოს დაზიანებული ნედლეული 41 დღის მანძილზე ინახებოდა ცხელი ამინდის ზემოქმედების ქვეშ ნახევრადღია საწყობში მისი შენახვისთვის არასათანადო პირობებში, რაც თავის მხრივ ტემპერატურული მაჩვენებლებიდან გამომდინარე გამოიწვევდა მის ბუნებრივ შრობას, შესაბამისად 2 ივლისს გაკეთებული სურვეირული ანალიზი ტვირთის შენახვის ამ პირობებში ვერ იქნება ანგარიშგასაწევი დოკუმენტი, საიდანაც გამოყვანილია ტვირთის დანაკლისი და ჯარიმის თანხის ოდენობა. ტრანზიტად შემოსული 19800 კგ ნეტტო წონის თამბაქოს ნედლეულის განადგურებისას ვერანაირად ვერ დაფიქსირდებოდა 1233,86 კგ ნეტტო წონის თამბაქოს ნედლეულის დანაკლისი. ამასთან, თუ არ იქნება გათვალისწინებული 41 დღის მანძილზე მაღალი ტემპერატურის პირობებში თამბაქოს ნედლეულის შრობის პროცენტული მაჩვენებელი, მაშინ დანაკლისად შეიძლება აღიარდეს მხოლოდ 275,34 კგ ნეტტო წონის თამბაქოს ნედლეული, ხოლო მასზე დასარიცხი საბაჟო გადასახადების და მასზე დაკისრებული საურავების თანხა გამოდის არა 102254,76 ლარი, არამედ 22818,49 ლარი. აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანმა განმარტა, რომ დანაკლისის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო სურვეიერული კომპანიის მიერ გაცემული ტენიანობის სერთიფიკატში მითითებულზე გაცილებით მეტი პროცენტული მაჩვენებლით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 ივნისს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „---------ში” №---------- სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთულ ბრუტო წონა 21 126.6 კგ. (ნეტო წონა 19 800კგ.) თამბაქოს ნედლეულზე დარეგისტრირდა №------------- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული საქონელი --------დან ტრანზიტულად გადაადგილდებოდა ----------ის დანიშნულებით და გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა შპს „---------“ (ს/ნ --------).

2022 წლის 25 ივნისს -------------ის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება და მასში არსებული საქონელი. რის შემდეგაც, საქონელი გადაიტვირთა სხვა №---------- სატრანსპორტო საშუალებაში და განთავსდა ქ. --------ში მდებარე შპს „----------ის“ (ს/ნ --------) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. 2022 წლის 2 ივლისს გეზ „---------ის“ თანამშრომლების მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული საქონლის ფიზიკური დათვალიერება და საქონლის რაოდენობამ შეადგინა ნეტო წონით 19 548,74 კგ. (ბრუტო წონა 21 880კგ.), რაც აგრეთვე დასტურდება სურვეიერული კომპანიის მიერ 2022 წლის 5 ივლისს გაცემული №------------ ტენიანობის სერთიფიკატით. საქონლის რაოდენობა დეკლარირებულთან შედარებით 251.26 კგ.-ით (ნეტო წონა) ნაკლები აღმოჩნდა, რომლის საბაჟო ღირებულებამ საქონლის ინვოისის №--------- (12/06/2022) თანახმად შეადგინა 3 532.02 ლარი, ხოლო იმპორტის გადასახდელის ოდენობამ 18 925.29 ლარი.

შპს „-------------ის“ წარმომადგენელმა 2022 წლის 29 ივლისის №---------/21-12 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს შპს „---------ის“ (ს/ნ --------) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული გადაუმუშავებელი თამბაქოს ნედლეულის (ნეტო წონით 19 548,74 კგ, ბრუტო წონა 21 880 კგ.) განადგურების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აგვისტოს №21109 ბრძანების შესაბამისად განადგურდა 20 600კგ. ბრუტო წონა გადაუმუშავებელი თამბაქოს ნედლეული, რაც აგრეთვე დასტურდება შპს „---------ის“ (ს/ნ ----------) მიმდინარე წლის №--------/21-10-19 განცხადებით. ვინაიდან გადაუმუშავებელი თამბაქოს ნედლეულის ნაშთი 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით საწყობში აღარ იყო განთავსებული, დანაკლისის გაანგარიშება მოხდა ზემოთ აღნიშნული სურვეიერული კომპანიის 2022 წლის 5 ივლისს გაცემული ტენიანობის სერთიფიკატისა და არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით. რის საფუძველზეც საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1 280 კგ. ბრუტო წონა (ნეტო წონა 1 233.86კგ.), განკარგული საქონლის იმპორტის გადასახდელების ოდენობამ კი - 92 992,57 ლარი.

ვინაიდან შპს „-----------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 იანვარს შედგენილი №EL198663 და №EL198652 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „----------ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 და 92 992.57 ლარის ოდენობით. ასევე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №EL11113/17, რომლითაც შპს „--------------ს“ იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 16857.97 ლარის ოდენობით, აქციზი - 74031.6 ლარის ოდენობით, იმპორტის გადასახადი - 2 103 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი - 9 262.19 ლარის ოდენობით (ჯამში 102 254.76 ლარის ოდენობით).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით: საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები და მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------------” (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს, რომ დანაკლისის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო სურვეიერული კომპანიის მიერ გაცემული ტენიანობის სერთიფიკატში მითითებულზე გაცილებით მეტი პროცენტული მაჩვენებლით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2).

საქართველოს საბაჟო კოდექსი: 172 (1); 176(1).