ბრძანება N 7523
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7523
02/04/2018
კოოპერატივი -----
(მის: ქ. -------)
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N29) განიხილა კოოპერატივი ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის N005-371 ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
გადამხდელი არ ეთანხმება ნაპატიები საურავის ფიზიკური პირების სარგებლად განხილვას და წყაროსთან დაკავებას. ასევე, გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლებას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 16 ნოემბრის N30606 ბრძანების საფუძველზე კოოპერატივი ----- ჩაუტარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 26 დეკემბერს შედგენილი იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელმაც მოიცვა 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე საგადასახადო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოსცა N35711 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და N005-371 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საწარმოს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 6232,93 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3428 ლარი, ჯარიმა 2115 ლარი და საურავი 689,93 ლარი.
შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოების მიერ 2014 წელს დეკლარირებულია სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული ფიზიკურ პირებზე სახელფასო განაცემი - 216 789 ლარის ოდენობით. ხოლო არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემი 12 666 ლარი. ამასთან, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოებას 2014 წლის იანვარსა და ივნისის თვეში მსესხებლებისთვის ნაპატიები აქვს საურავის თანხა სულ 10 210 ლარის ოდენობით.
შემოწმებით დადგინდა რომ საზოგადოების მიერ 2014 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული სახელფასო განაცემი შეადგენს 223 306 ლარს, ხოლო არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემი შეადგენს 12 666 ლარს. ამასთან, ნაპატიები საურავის თანხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკური პირის მიერ ნაპატიები ვალის სახით მიღებულ სარგებელად და გადამხდელს დაეკისრა სარგებლის თანხის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით. შემოწმებით, საზოგადოებას დაერიცხა ძირითადი თანხა და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 79-ე მუხლზე, რომლის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;
სსკ-ის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით იზაიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ ნაპატიები საურავის თანხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდეს როგორც ფიზიკური პირის მიერ ნაპატიები ვალის სახით მიღებულ სარგებელი და გადამხდელს დაეკისროს სარგებლის თანხის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება, მაგრამ დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ნაპატიები საურავის თანხის ფიზიკურ პირებზე სარგებლად განხილვის და წყაროსთან დაკავებისას სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის პირობები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება გადამხდელის მოთხოვნას სანქციის პატიების თაობაზე, დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩაიდიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება არ დგინდება, ვინაიდან საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელი არ მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. კოოპერატივი ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ნაპატიები საურავის თანხის ფიზიკურ პირებზე სარგებლად განხილვის და წყაროსთან დაკავებისას სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის პირობები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ნაპატიები საურავის ფიზიკური პირების სარგებლად განხილვას და წყაროსთან დაკავებას. ასევე, გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის ირკვევა, რომ შემოწმებით დადგინილი გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული სახელფასო განაცემი აღემატება საწარმოს მიერ დეკლარირებულ განაცემის ოდენობას. ამასთან საწარმოს მსესხებლებისთვის ნაპატიები აქვს საურავის თანხა, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირის მიერ ნაპატიები ვალის სახით მიღებულ სარგებელად და გადამხდელს დაეკისრა სარგებლის თანხის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით. საწარმოს დაერიცხა ძირითადი თანხა და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს ნაპატიები საურავის თანხის ფიზიკურ პირებზე სარგებლად განხილვის და წყაროსთან დაკავებისას სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ ვინაიდან ირკვევა, რომ გადამხდელი არ მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ამდენად არ არსებობს მომჩივნის სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 82(1,,თ’); 100; 154(1); 272; 275