შერეული საქმიანობისას დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა N 2662

2662 შერეული საქმიანობისას დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა 20.12.2021
№ დოკუმენტი 2662
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შერეული საქმიანობისას დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა N 2662

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ, რომელიც ეწევა შერეული ტიპის საქმიანობას, 2020 წლის ივნისში ფიზიკურ პირებზე გაანაწილა შუალედური დივიდენდი, კერძოდ: სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობიდან - 2 500 000 ლარი; სამშენებლო საქმიანობიდან - 3 200 000 ლარი.

· საწარმოს 2020 წლის ფინანსური მოგება ასე განაწილდა: სპეციალური რეჟიმით (7 %-იანი) დასაბეგრი (სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობა) - 1 500 000 ლარი; ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი (სამშენებლო საქმიანობა) - 3 500 000 ლარი. აღმოჩნდა, რომ სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში გაცემულია 1 000 000 ლარით მეტი (2 500 000 - 1 500 000) შუალედური დივიდენდი, რომელიც 700 000 ლარით აღემატება (1 000 000 - (3 500 000 - 3 200 000)) ჩვეულებრივი წესით დასაბეგვრას დაქვემდებარებულ გაუნაწილებელ მოგებას.

· ვარიანტი I კომპანიის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით ზედმეტად გაცემული დივიდენდის, 1 000 000 ლარის კომპენსაცია ნაწილობრივ უნდა მოხდეს მოგების გადასახადით ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული მოგებიდან. ამასთანავე, თანხა, რომელიც დააკლდება ზედმეტად გაცემული დივიდენდის სრულად დაფარვას (700 000 ლარი) საწარმოს მიერ ჩაითვლება დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად და აღარ დაბრუნდება. საწარმომ დააზუსტა ივნისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია და ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული გაუნაწილებელი მოგება 300 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით.

· ვარიანტი II კომპანიის პარტნიორთა საერთო კრებით მიღებულია გადაწყვეტილება ზედმეტად გაცემული დივიდენდის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საწარმოს არ განუხორციელებელია მოგების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტება.

შეფასება

· სსკ-ის 97(1)-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. - ზემოაღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით, რომლის შესაბამისად ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. - სსკ-ის 154 (1)-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. - "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

· ვარიანტი I საწარმოს საგადასახადო ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული. ზედმეტად გაცემული შუალედური დივიდენდის დარჩენილი ნაწილი 700 000 ლარი (1 000 000 - 300 000) 2020 წლის ივნისიდან ჩაითვლება დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით 20 % იანი განაკვეთით.

· ვარიანტი II საწარმოს ზედმეტად გაცემული შუალედური დივიდენდი 1 000 000 ლარი მისი განაწილების დღიდან (2020 წლის ივნისიდან) დაბრუნების დღემდე განიხილება პარტნიორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრება საგადასახადო კანონმდებლობით სესხისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.

ღონისძიებები

· ვარიანტი I პირს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად.

· ვარიანტი II პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სესხის დაბეგვრასთან დაკავშირებით იხილეთ N 2643 სიტუაციური სახელმძღვანელოები;

დამტკიცებულია 2021 წლის 15 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.