გადაწყვეტილება №20533/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.11.2023
№ დოკუმენტი 20533/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20533/2/2023

02 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ - ის 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20533/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №002-177 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 61 759 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 34 604

დღგ - 17 984

მოგების გადასახადი - 17 093

საშემოსავლო გადასახადი (-473)

ჯარიმა - 17 016

საურავი - 10 139

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს სხვადასხვა პირებისგან აღებული აქვს სესხები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს სესხის პროცენტების გადახდას, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც არ შეესაბამება (მეტია) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს. საგადასახადო კოდექსის 131- ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32601 ბრძანება და №002-248 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 086 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 თებერვლის №3691 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 18.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შპს „N1-ის “ დასკვნა და მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის დასკვნა, 2.08.2023 წლის №19001 ბრძანება და №002-177 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 382 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 61 759 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვდა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა დავების განხილვის საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილება და ყოველგვარი დამატებითი კვლევის და შეფასების გარეშე მიუთითა, რომ შპს „N1-ის “ დასკვნა არ იქნა მიჩნეული საკმარის საფუძვლად დარიცხული თანხების გადაანგარიშებისთვის. აღნიშნული ხდება იმ პირობებში, როცა სხვა რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულება/გარემოება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნაწილში დარიცხვის კანონიერება, აუდიტის დეპარატმენტს არ მოუპოვებია. ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ისევ არის ერთადერთი საფუძველი სადავო დარიცხვის, რაც არასწორია, რადგან ერთხელ უკვე გაუქმებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ და აღნიშნული დარიცხვა ზოგადად ეწინააღმდეგება ფინანსთა სამინისტროში არსებულ პრაქტიკას, როგორიცაა მაგალითად "------" -ის (ს/ნ "------") საქმე.

სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა სადავო დარიცხვის განსახილველად დაბრუნება აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა აუდიტის დეპარტამენტი ისევ დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება კერძო პირების მიერ სასესხო ურთიერთობების დამდგენი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. აქვე აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ შეამცირა სადავო ეპიზოდში დარიცხული თანხები. კერძოდ, არაურთიერთდამოკიდებული პირების ნაწილში გაცემულ სესხებზე დარიცხული მოგების გადასახადი. აღნიშნულით კი აუდიტის დეპარტამენტმა აღიარა, რომ ურთიერთდამოკიდებულებას ზეგავლენა არ მოუხდენია ეკონიმიკურ შედეგზე (საპროცენტო განაკვეთზე), ვინაიდან ურთიერთდამოკიდებული პირების და არაურთიერთდამოკიდებული პირების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები და პირობები იყო იდენტური. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლზე და ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარატმენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №002-177 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შპს „N1-ის “ დასკვნა და მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ინფორმაცია/მტკიცებულება საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლების შესახებ. შედეგად, რიგ პირებთან მიმართებაში, საწარმოს მიერ აღებული სესხების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს „N1-ის “ დასკვნა არ იქნა მიჩნეული საკმარის საფუძვლად, რათა განხორციელებულიყო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სხვადასხვა პირებთან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12%-ს, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია 8%. მომჩივნის მიერ წარმოდგენილია შპს „N1-ის “ დასკვნა სესხების საპროცენტო განაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ. ამასთან, გადაანგარიშების შედეგად, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე უცვლელად არის დატოვებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი - 12%.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ურთიერთდამოკიდებულებას ზეგავლენა არ მოუხდენია ეკონიმიკურ შედეგზე, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებული პირების და არაურთიერთდამოკიდებული პირების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები და პირობები იყო იდენტური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების შესწავლის/ანალიზის საფუძველზე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე (არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე უცვლელად დატოვებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი - 12%.), საბჭოს მიაჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირების შემთხვევაშიც არ არსებობს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შეცვლის საფუძველი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლზე და ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარატმენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №002-177 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს სხვადასხვა პირებისგან აღებული აქვს სესხები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს სესხის პროცენტების გადახდას, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც არ შეესაბამება (მეტია) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს. მომჩივანს განესაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 086 ლარი.საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 თებერვლის №3691 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 18.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა , გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება . დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის დასკვნა, 2.08.2023 წლის №19001 ბრძანება და №002-177 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვდა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 27.04.2023 წლის №19142/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე,საბჭოს მიაჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირების შემთხვევაშიც არ არსებობს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შეცვლის საფუძველი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

19,981(4)