გადაწყვეტილება №17653/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17653/2/2022
24.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------------------“ (ს/ნ -------------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ს 30.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17653/2/2022).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის №CB1348579 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის №CB1348579 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. ----------) გადამოწმების დროს (22.06.2022 წ. 13:56 სთ) გამოვლინდა 0 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია სრულყოფილად, რის გამოც გააკეთა არასწორი დასკვნები და გამოიტანა უკანონო გადაწყვტილება. კერძოდ არ გამოიკვლია, თუ სად გადაადგილდებოდა ზილ-----ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით ----------- და რა გადაჰქონდა მას ე.წ საქონელი თუ პირველადი მოპოვებული ნედლეული.
დადგენილია, რომ შპს ------------ს ადგილსამყოფელია ------------, სადაც ფუნქციონირებს ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო. დადგენილია, რომ შპს ------------ ქვიშა-ხრეშის ამოღებას ახორციელებს მდინარე ----------, საწარმოდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით. შესაბამისად, მოპოვებული ქვიშა-ხრეში ავტომანქანებით შედის საწარმოში, სადაც ხდება მისი აღრიცხვა და გადამუშავებაც. მაშასადამე შპს ----------- მდინარიდან საწარმომდე ახორციელებს არა საქონლის, არამედ პირველად მოპოვებული ნედლეულის გადაზიდვას მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით, რის შედეგადაც (გადამუშავების შემდეგ) ნედლეული იღებს საქონლის სახეს და ხდება მისი რეალიზაცია. მაშასადამე შემოსავლების სამსახურს სრულყოფილად, რომ გამოეკვლია საქმის გარემოებები, დარწმუნდებოდა, რომ შპს -----------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქონლის ტრანსპორტირებას, არამედ იგი ახორციელებდა ნედლეულის მოპოვებას და მიტანას დანადგარებამდე, სადაც მოპოვებული ნედლეული მისი გადამუშავების შედეგად მიიღებდა საქონლის სახეს.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 601 მუხლზე და მიაჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმები, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანება.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 601 მუხლზე და მიაჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმები, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია სრულყოფილად, რის გამოც გააკეთა არასწორი დასკვნები და გამოიტანა უკანონო გადაწყვტილება. კერძოდ, არ გამოიკვლია, თუ სად გადაადგილდებოდა ავტომანქანა, სახ. ნომრით -------- და რა გადაჰქონდა მას ე.წ საქონელი თუ პირველადი მოპოვებული ნედლეული.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, საგადასახადო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც შემოსვლების სამსახურს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტები, გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოება
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა 0 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც შემოსვლების სამსახურს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტები, გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286;
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი